ფოტო: Getty Images
კრემლი რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატის განახლებას არ გამორიცხავს, თუმცა მოსკოვში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ადგილისა და თარიღების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.
აღნიშნული განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, დღეს გაავრცელა. მისი თქმით, მოსკოვი მზად არის განიხილოს სამმხრივი ფორმატის აღდგენის შესაძლებლობა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალები შეთანხმებული არ არის.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ სამმხრივი ფორმატის განახლებას, თუმცა ჯერ ნაადრევია საუბარი შეხვედრის ადგილსა და ზუსტ თარიღებზე“, – განაცხადა პესკოვმა.
მის კომენტარს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტები უძღოდა წინ. ამერიკელი წარმომადგენლები ცდილობენ, ახალი იმპულსი შესძინონ გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანიც უკრაინაში ომის დასრულების გზების მოძიებაა.
პესკოვმა ასევე არ გამორიცხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა ამერიკელი წარმომადგენლების ვიზიტის საკითხებს შეეხოს.
კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი აშშ-ის შუამავლების სამშვიდობო ძალისხმევას აფასებს და მას „მშვიდობისკენ გადადგმულ მცირე ნაბიჯად“ მიიჩნევს.
„პრეზიდენტმა პუტინმა თავადაც განაცხადა, რომ აფასებს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და მადლიერია მისი ამ გზაზე ერთგულებისთვის“, – თქვა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის განცხადებით, მოსკოვს ამ დრომდე არ მიუღია ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებასთან აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ, რომელიც კვირას კიევში გაიმართა.
კრემლის პრესსპიკერმა თავი შეიკავა აშშ-ის მიერ წარმოდგენილი ახალი სამშვიდობო წინადადებების დეტალებზე საუბრისგან და არ დააკონკრეტა, რა საკითხები რჩება მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე რთულად გადასაჭრელი.











