ფოტო: Reuters
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Huawei-მ ფლაგმანური დასაკეცი სმარტფონების ახალი სერია Mate XT2 წარადგინა. კომპანია ჩინეთის პრემიუმ-სმარტფონების ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებას ცდილობს.
Mate XT2-ის მთავარი მახასიათებელი მისი სამმაგად დასაკეცი კონსტრუქციაა. სმარტფონი ორჯერ იკეცება და სრულად გაშლის შემთხვევაში პლანშეტის ზომის ეკრანს ქმნის.
მოწყობილობები Huawei-ის ახალი Kirin 9050 Pro პროცესორით არის აღჭურვილი. კომპანიის განცხადებით, ახალი ჩიპის არქიტექტურა, სახელწოდებით LogicFolding, ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარების პირობებში უფრო მაღალ გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს. Huawei-ის თქმით, ეს ტექნოლოგია იმ პრინციპის ნაწილია, რომელსაც კომპანია „Tau Scaling Law“-ს უწოდებს და რომლის მიზანიც აშშ-ის ტექნოლოგიური შეზღუდვების პირობებში მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომის პრობლემის დაძლევაა.
ახალი სმარტფონის ფასი საკმაოდ მაღალია – 19,999 იუანიდან, დაახლოებით $2,980-დან იწყება, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ვერსიის ღირებულება 24,999 იუანს, დაახლოებით $3,725-ს შეადგენს. გაყიდვები 12 სექტემბრიდან დაიწყება.
Huawei-ის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ იუს განცხადებით, ფასის განსაზღვრა რთული იყო, რადგან მეხსიერების კომპონენტების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ახალ მოწყობილობაში ბევრი ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული.
Mate XT2-ს გაუმჯობესებული დასაკეცი მექანიზმი და წყლისგან დაცვის უფრო მაღალი ხარისხი აქვს. მოწყობილობა ასევე აღჭურვილია ეკრანის სპეციალური ფუნქციით, რომელიც ახლომყოფ ადამიანებს ეკრანზე გამოსახული ინფორმაციის დანახვას უზღუდავს. განახლებულია კამერებიც, ხოლო Huawei-ის შიდა ტესტების მიხედვით, საერთო წარმადობა წინა თაობასთან შედარებით 42%-ით არის გაუმჯობესებული.
Huawei ჯერჯერობით ერთადერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელიც ბაზარზე სამმაგად დასაკეც სმარტფონებს გაყიდის. მსგავსი მოწყობილობის გამოშვება სამხრეთკორეულმა Samsung Electronics-მაც სცადა. კომპანიამ სამმაგად დასაკეცი სმარტფონი დეკემბერში წარადგინა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მისი გაყიდვები სამი თვის შემდეგ შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზარზე Huawei-ის მთავარი კონკურენტები ახალ მოწყობილობებს მიმდინარე კვირაში წარადგენენ. მათ შორის, Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი ორშაბათს უნდა წარადგინოს, Apple კი ახალი iPhone-ების სერიას საზოგადოებას ოთხშაბათს გააცნობს. ბაზარზე გავრცელებული მოლოდინის მიხედვით, Apple-ის ახალ პროდუქტებს შორის შესაძლოა კომპანიის პირველი დასაკეცი iPhone-იც იყოს.
ჩინეთის დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე Huawei-ის პოზიცია საკმაოდ ძლიერია. კვლევითი კომპანია Smart Analytics Global-ის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში Huawei-ზე ჩინეთში დასაკეცი სმარტფონების მიწოდების 68% მოდიოდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ მთლიანად ჩინეთის სმარტფონების ბაზარზეც Huawei ლიდერობს. IDC-ის მონაცემებით, მეორე კვარტალში კომპანიის წილი 22.6% იყო. მას Apple-ი მოჰყვებოდა 18.1%-ით, ხოლო Xiaomi-ს ბაზრის 12.4% ეკავა.
Huawei-ის ახალი სერიის წარდგენას მისი კონკურენტი Xiaomi-ის აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა. ორშაბათს შუადღის ვაჭრობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა.















