კრიპტომილიარდერმა ჯასტინ სანმა ტრამპების World Liberty Financial-ს უჩივლა

კრიპტომილიარდერმა ჯასტინ სანმა ტრამპების World Liberty Financial-ს უჩივლა

ფოტო: Bridget Bennett / Bloomberg via Getty Images

ჯასტინ სანმა World Liberty Financial-ს სასამართლოში უჩივლა. კრიპტომილიარდერი ამტკიცებს, რომ კომპანიამ მის მიერ ინვესტირებული აქტივები უკანონოდ გაყინა და მმართველობით პროცესებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.

სარჩელი აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში, კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქში, სამშაბათს შეიტანეს. სანის მტკიცებით, ტრამპის ოჯახთან დაკავშირებული კრიპტოპროექტი „არალეგალურ სქემას“ იყენებს, რათა მისი $WLFI ტოკენები მიითვისოს.

სარჩელის მიხედვით, $WLFI ტოკენზე თავდაპირველად სუსტი მოთხოვნა იყო, თუმცა ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც სანმა 2024 წლის ნოემბერში მასში 30 მილიონი დოლარი ჩადო, ხოლო 2025 წლის იანვარში ინვესტიცია 45 მილიონ დოლარამდე გაზარდა. კრიპტომილიარდერის თქმით, ინვესტიციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ტრამპის ბრენდთან კავშირი იყო, თუმცა ახლა ამტკიცებს, რომ პროექტის ოპერატორები ამ ბრენდს „მოგების მისაღებად და თაღლითობისთვის იყენებენ“.

დავის ერთ-ერთი მთავარი საკითხი USD1 სტეიბლკოინს ეხება, რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული. სანის თქმით, კომპანიამ მასზე ზეწოლა მოახდინა, რათა USD1-ით პროექტის პოპულარიზაცია გაეწია , ხოლო უარის მიღების შემდეგ მილიარდერ ინვესტორს სანქციები დაუწესა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად დეკლარირებული დეცენტრალიზაციისა, World Liberty-მ სისტემაში ცვლილებები შეიტანა, რაც მას საშუალებას აძლევს კონკრეტული მომხმარებლები „შავ სიაში“ შეიყვანოს, ტოკენები გაუყინოს და ხმის მიცემის უფლება შეუზღუდოს.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის ბოლო ქმედებები აჩენს ეჭვებს მის ფინანსურ მდგრადობაზე და შესაძლოა, პროექტი გაკოტრების ზღვარზეც იყოს.

სანმა დავის წამოწყების განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ კომპანიამ „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაყინა მისი ყველა ტოკენი, ჩამოართვა ხმის მიცემის უფლება და ემუქრება მათი სრულად განადგურებით“. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დავა არ ცვლის მის დამოკიდებულებას დონალდ ტრამპის მიმართ და პასუხისმგებლობას პროექტის კონკრეტულ მენეჯერებს აკისრებს.

Forbes-ის მონაცემებით, ჯასტინ სანის ქონება ამჟამად დაახლოებით 8.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 423-ე ადგილს ანიჭებს.

შეგახსენებთ, 2023 წელს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ სანისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ბაზრის მანიპულირებისა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ბრალდებით. საქმე დროებით შეჩერდა, ხოლო 2025 წლის მარტში მხარეები $10-მილიონიან შეთანხმებამდე მივიდნენ, ბრალდებების აღიარების გარეშე.