ფოტო: FREDERIC J. BROWN—AFP/Getty Images
ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგებით უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ მას ავტობიზნესიდან აქცენტი თანდათან ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკაზე გადააქვს.
საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 22.39 მილიარდი დოლარის შემოსავალი და აქციაზე 0.41 დოლარის მოგება გამოაცხადა, რაც FactSet-ის პროგნოზებს, შესაბამისად, 22.19 მილიარდ დოლარსა და 0.35 დოლარს, აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის შემდეგ, ეს Tesla-სთვის მეორე ყველაზე სუსტი კვარტალი იყო ავტომობილების გაყიდვების მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში აღდგა. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი საფრანგეთსა და გერმანიაშია. როგორც Tesla-ში აცხადებენ, ზრდა გაგრძელდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.
პირველ კვარტალში კომპანიამ დაახლოებით 358,000 ავტომობილი მიაწოდა მომხმარებლებს, რაც წლიურად 6%-იანი ზრდაა. თუმცა ეს როგორც კომპანიის შიდა კონსენსუსს (365,645), ისე ანალიტიკოსების პროგნოზს (381,000) მაინც ჩამორჩება.
ამასთან, Tesla-მ მნიშვნელოვნად გაზარდა კაპიტალური ხარჯები – 67%-ით, 2.49 მილიარდ დოლარამდე. კომპანია გეგმავს, რომ 2026 წელს ჯამში 20 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯოს, რაც გასული წლის 8.5 მილიარდს ორჯერ აღემატება. ეს ინვესტიციები კი მიმართულია სტრატეგიულ ტრანსფორმაციაზე, მათ შორის თვითმართვადი ტაქსების, ჰუმანოიდი რობოტებისა და AI-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
კომპანიის თანადამფუძნებელმა და CEO-მ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ასეთი აგრესიული ხარჯვა „სრულად გამართლებულია“, რადგან Tesla ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგში, ასევე საკუთარი AI-ჩიპების დიზაინსა და წარმოებაში მასშტაბურ ინვესტირებას გეგმავს, რაც ტექნოლოგიურ გიგანტებთან კონკურენციას უკავშირდება.
Tesla-ს აქციების ფასი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ 4%-ით გაიზარდა, თუმცა წლის დასაწყისიდან კვლავ 11%-ით არის შემცირებული.
Forbes-ის შეფასებით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება ამჟამად 786 მილიარდ დოლარს აღწევს და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მოსალოდნელია, რომ SpaceX-ის IPO, რომელიც ივნისშია დაგეგმილი და კომპანიას 1.75 ტრილიონ დოლარად აფასებს, ილონ მასკის ქონებას კიდევ უფრო გაზრდის.









