კრიპტოვალუტის შუქჩრდილები საქართველოში

კრიპტოვალუტის შუქჩრდილები საქართველოში

კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მო­პო­ვე­ბის აკრძალვა შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია მისი მწარმოებლების კონტროლი. ეს ტექნიკურად რთულია, დანახარჯიანია და, რაც მთავარია, მიზანშეუწონელია. ერთადერთი სწორი გზა არის კრიპტოინდუსტრიის ლეგალიზაცია, მწარმოებლების იდენტიფიცირება, რეგულირება, დაბეგვრის რეჟიმის განსაზღვრა. მსოფლიოში არსებობს მსგავსი რეგულირების წარმატებული მაგალითები. სწორი მიდგომებით შესაძლებელია ამ ფულის ლეგალურ ბრუნვაში მოქცევა.

კრიპტოვალუტა უკვე მოცემულობაა. შეიძლება აკრძალო ოპერაციები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში წარმოიშვება შავი ბაზარი. ყველასთვის, განსაკუთრებით საბჭოთაპერიოდგამოვლილი ადამიანებისათვის კარგად არის ცნობილი – ის, რასაც კრძალავ, აუცილებლად ჩრდილოვან ბრუნვაში მოექცევა. საბჭოთა კავშირში დოლარიც იყო აკრძალული, მაგრამ შავ ბაზარზე იყიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი ძალიან მკაცრი იყო – ვალუტით სპეკულაცია ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით სამიდან რვა წლამდე, განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება – ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ ეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხდებოდა, კანონი სიკვდილით დასჯასაც კი ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, ვალუტით ვაჭრობა საბჭოთა კავშირში ვერ აღმოიფხვრა. თუ რისკი ძალიან დიდია, ესე იგი სარგებელიც ძალიან დიდია.

საქართველოში კრიპტოვალუტის ლეგალური თუ არალეგალური მოპოვება დასაქმებას და შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. თუმცა სიტყვა „უკანონო“ არც არის სწორად ნათქვამი. მისი მოპოვება არავის აუკრძალავს კანონით, და აქედან გამომდინარე, მის წარმოებაზე არც სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის პასუხისმგებლობაა განსაზღვრული.

რამდენი პირი (ფიზიკური და იურიდიული), ე.წ. მაინერი აწარმოებს საქართველოში კრიპტოვალუტას, უცნობია, შესაბამისად, არც ის არის ცნობილი, რა აქტივებს ფლობენ ისინი, რამდენია მათი წლიური შემოსავალი, როგორც ახალი კრიპტოვალუტების მოპოვების, ასევე მათ ხელთ უკვე არსებული ღირებულების ზრდის შედეგად. უცნობია ასევე კრიპტოვალუტების მწარმოებელი მოწყობილობების ზუსტი რაოდენობა, რადგან არ არსებობს უნიკალური საბაჟო კოდი ამ მოწყობილობების იდენტიფირებისათვის და ისინი შემოაქვთ ქვეყანაში როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებები. არც ზუსტი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ ისინი.

ფაქტია, რომ ამ გზით ადამიანები ფულს შოულობენ. რით განსხვავდება „მაინინგფერმის“ საქმიანობა სათბურისაგან, რომელიც ასევე საჭიროებს სადღეღამისოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას? სადაა პრობლემა და რატომ არის კრიპტოვალუტის წარმოება და მიმოქცევა თავის ტკივილი ბევრი ქვეყნისათვის?

კრიპტოვალუტებში პრობლემებს განსხვავებულად ხედავენ სხვადასხვა ქვეყანაში. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ძირითადად ფულის გათეთრების საკითხები აღელვებთ, ავტორიტარულ რეჟიმებს – ტრანზაქციების ანონიმურობა და ფულის პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკები, განვითარებად ქვეყნებს – ენერგეტიკული ხასიათის პრობლემები. ამიტომ ხშირად ჩნდება კრიპტოვალუტით ოპერაციების ორგანიზების შეზღუდვის ან სულაც აკრძალვის სურვილი.

რა ხასიათის რისკებს ხედავენ პირველ რიგში? ესაა: ფინანსური არასტაბილურობის რისკი, მაღალი ვოლატილობა, ფულის გათეთრება, კაპიტალის მასობრივი გატანა საზღვარგარეთ და ეროვნული ვალუტის კურსის დასუსტება, დეპოზიტებიდან ფულის გადა­ქაჩვა კრიპტოვალუტაში, რაც ბანკების ლიკვიდობას უქმნის საფრთხეს. ფულის საბანკო არხებიდან კრიპტოარხებში გადადინებით მცირდება რეალური სექტორის დაფინანსება, იზრდება დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა – ნარკოვაჭრობა, ტერორიზმის დაფინანსება და ა. შ. ანონიმურობა მნიშვნელოვნად ართულებს სამართალდამცავების საქმიანობას აკრძალული საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის გამოვლენის პროცესში. იზრდება დაბანდებული ფულის დაკარგვის რისკები როგორც მაღალი ვოლატილობის, ასევე თაღლითური ქმედებებისა და კიბერსაფრთხეების გამო, წარმოიქმნება სოციალური რისკები. არადემოკრატიულ სახელმწიფოებში კრიპტოვალუტას განიხილავენ როგორც პოლიტიკურ საფრთხეს, რადგან მისი მეშვეობით შეიძლება დაფინანსებულ იქნას ოპოზიცია, კრიტიკული მედია, სამოქალაქო სექტორი, საზღვარგარეთ გაქცეული მოწინააღმდეგეები და ა.შ. ანუ კრიპტოვალუტა შეიძლება გახდეს „ძირგამომთხრელი საქმიანობის“ დაფინანსების წყარო. ამიტომაც ცდილობენ ავტორიტარული რეჟიმები მის აკრძალვას ან მკაცრ კონტროლს. სულ ახლახან რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოსთხოვა რუსეთის ცენტრალურ ბანკს კრიპტოვალუტის მოპოვების აკრძალვა. ასევე უნდათ, რომ აკრძალონ რუსეთის საფინანსო ინფრასტრუქტურის გამოყენება კრიპტოვალუტით გარიგებების საწარმოებლად და შესაბამისი კანონპროექტიც არის მომზადებული. ალბათ ამის გაკეთება ძალიან გაუძნელდებათ, რადგან რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მოდის მსოფლიოში კრიპტოსიმძლავრეების 11,23 პროცენტი. ასევე რუსეთის მოქალაქეებზე მოდის მნიშვნელოვანი წილი მსოფლიო კრიპტოვალუტის ბაზარზე – მისი მოცულობა შეფასებულია 7-14 პროცენტის ფარგლებში. კრიპტოვალუტის აკრძალვა უკვე დაიწყეს ჩინეთში.

საქართველოსა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის მთავარი საფრთხე ენერგეტიკული ხასიათისაა. ზოგიერთი ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეც კი აღმოჩნდა. სულ ახლახან კოსოვოს მთავრობამ აკრძალა კრიპტოვალუტის წარმოება, ვინაიდან მოწყობილობები, რომლებიც კრიპტოვალუტებს მოიპოვებენ, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, რამაც ქვეყანაში ენერგოკრიზისი გამოიწვია.

კოსოვოში პრობლემები „ქართულია“ – ჩრდილოეთ კოსოვოს მოსახლეობას, აგერ უკვე ათ წელზე მეტია, დახარჯული ელექტროენერგიის საფასური არ გადაუხდია, უფასო ელექტროენერგიამ კი იგივე შედეგი გამოიღო, რასაც ახლა სვანეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში ვხედავთ.

კრიპტოვალუტის მთავარი სიკეთე ტრანზაქციების გაიოლება და გაიაფებაა და მისი წარმოებისა და მიმოქცევის სწორად ორგანიზების შემთხვევაში ამ სიკეთის ნაყოფს საზოგადოება მომავალში უფრო იგრძნობს.

სვანეთი: ფიცი გვწამს, შედეგი გვაკვირვებს

სვანეთი, ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონი ყველაზე ტექნოლოგიური მოვლენების კონტექსტში გახდა აქტუალური. იგი კრიპტოვალუტური ბატალიების შუაგულში აღმოჩნდა. ეს არც იყო გასაკვირი. ყველგან ასე მოხდა (კოსოვო, აფხაზეთი და ა. შ.) სადაც ეკონომიკა არასწორად იმართება და ფასწარმოქმნა დამახინჯებულია.

სვანეთის ჩაბნელებამ და იქ განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც ტრადიციული ფიცის დადებით დამთავრდა, ნათლად წარმოაჩინა ქვეყანაში კრიპტოვალუტის მოპოვების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები. ვერც ფიცმა, რელიგიურ სამოსელში გახვეულმა სოციალური კონტრაქტის ამ ფორმამ შეძლო პრობლემის მოგვარება – სვანეთში იმავე რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარება, რაც იყო დაფიცებამდე, ანუ კრიპტოვალუტის მოპოვება ჩვეული ტემპით გრძელდება. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებსო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. ის, რაც ვერ გადაჭრა ფიცმა, უნდა გადაწყვიტოს კანონმა. კანონი კი არ არსებობს.

ენერგოტევადი ფული

კრიპტოვალუტის მოპოვება ენერგოტევადი საქმიანობაა. მისი წარმოების დანახარჯებში ელექტროენერგიის ხვედრითი წილი 60-80 პროცენტს შეადგენს, ამიტომ, როგორც წესი, მისი მოპოვება ისეთ ქვეყნებში ხორციელდება, სადაც ელექტროენერგიის ფასი შედარებით იაფია. ასევე მნიშვნელოვანია გეოგრაფიული პირობებიც. ასეთი სერვერები ძირითადად ცივ ქვეყნებშია განთავსებული (ისლანდია, ნორვეგია, კანადა და სხვა), რადგან უფრო იაფი ჯდება მათი გაგრილება. მოწყობილობები, რომლებითაც კრიპტოვალუტას სახლის პირობებში, „კუსტარულად“ აწარმოებენ, საათში 1,1-2,2 კილოვატამდე ელექტროენერგიას ხარჯავენ.

საქართველო იმით გახდა ამ ბიზნესის წარმოებისათვის მიმზიდველი, რომ ელექტროენერგია ძალიან იაფია, რეგულაციები ამ სფეროში ფაქტობრივად არ არსებობს, შემოსავლები კი არ იბეგრება. კრიპტოსაწარმოები, რომლებიც არიან განლაგებულები ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში, არ იხდიან გადასახადებს (გარდა ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისა) და ელექტროენერგია მიეწოდებათ შეღავათიან ფასებში (განთავისუფლებული არიან დამატებული ღირებულების გადასახადისაგან). გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განლაგებული საწარმოებისა, კრიპტოვალუტის მოპოვებას ეწევიან ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირებიც. სვანეთი ამ მხრივ იმითაცაა მიმზიდველი, რომ ელექტროენერგია თითქმის სამი ათეული წელია, უფასოდ მიეწოდება მოსახლეობას. სწორედ ამან გამოიწვია ბოლო წლებში მოხმარების ოთხჯერ ზრდა რეგიონში და დაძაბულობა, რომელიც ჯერაც არაა გადაჭრილი და სამომავლოდ უფრო მძაფრად იჩენს თავს.

რაც შეეხება აფხაზეთს, რომელსაც ელექტროენერგიას საქართველოს ენერგოსისტემა აწვდის ცნობილ გარემოებათა გამო, იქაც ფაქტობრივად ასევე უფასოა ელექტროენერგია. ეს გარემოება მანამდეც იწვევდა მის არაეფექტიანად ხარჯვას, მაგრამ კრიპტოვალუტების გაჩენის შემდეგ ვითარებამ უკვე საგანგაშო ხასიათი შეიძინა. ელექტროენერგიის ფასი აფხაზეთში ფიზიკური პირებისათვის 40 კაპიკი (1,5 თეთრი), ხოლო იურიდიული პირებისათვის 85 კაპიკია (3,2 თეთრი). მიუხედავად იმისა, რომ ფასი სიმბოლურია, ფაქტობრივად არც ამას იხდიან, მაინერები კი პირდაპირ იპარავენ ელექტროენერგიას გავლენიანი მფარველების ხელშეწყობით და კორუფციის გამო. „შავი მაინინგის“ ორგანიზებაში აგრეთვე მონაწილეობენ რუსეთის მოქალაქეები და სამხედრო პირები. ამის გამო ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება.

აფხაზეთი კრიპტოვალუტის არალეგალური მოპოვებით შეიძლება უნიკალურ მაგალითად ჩაითვალოს მსოფლიოში. ამ მასშტაბებთან ახლოსაც ვერ მივა ვერც საქართველოს დანარჩენი რეგიონების (სვანეთი და სხვა) და ვერც ზემოთ ნახსენები კოსოვოს შემთხვევები, თუ ელექტროენერგიის მოხმარების სიდიდით ვიმსჯელებთ. 2021 წელს აფხაზეთმა, რომლის მოსახლეობა 245 ათასია, მოიხმარა მისთვის სარეკორდო რაოდენობის ელექტროენერგია – 2,956 მილიარდი კილოვატსაათი, რაც მილიონნახევრიანი თბილისის მოხმარებაზე მეტია. აფხაზეთში ერთ სულ მოსახლეზე 12,053 კილოვატსაათი ელექტროენერგია იქნა მოხმარებული ანუ საქართველოზე ოთხჯერ მეტი. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2,896 კილოვატსაათის ტოლია (დაახლოებით ამდენივეა კოსოვოშიც). ამ მაჩვენებლით აფხაზეთი მსოფლიოს ქვეყნების წამყვანი ათეულის დონეზეა და უსწრებს ევროპის სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს სიდიდე დაახლოებით ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებლის ტოლია. საქართველო ამ რეიტინგში 70-ე იქნება გასული წლის შედეგებით.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში კრიპტოვალუტის წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში არის 8,5 პროცენტის დონეზე (სემეკი), 10-14 პროცენტზე მეტი (მსოფლიო ბანკი, 2017 წლის მდგომარეობით). ალბათ ამ მონაცემებში აფხაზეთიც იგულისხმება. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ყოველწლიურად კრიპტოვალუტის წარმოებაზე იხარჯება საქართველოს ენერგოსისტემიდან მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ოდენობა, დაახლოებით 1,2-1,8 მილიარდი კილოვატსაათი წელიწადში.

სვანური გაკვეთილები

წარმოების ზოგი დარგი ენერგოტევადია, ზოგიც – შრომატევადი. თუ წისქვილკომბინატს ამუშავებ და ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობის გამოყენება გაძლევს მოგებას, ეს არის ჯანსაღი ბიზნესი. თუ კრიპტოვალუტის მოპოვებას ეწევი და ელექტროენერგიის ერთეულზე კიდევ უფრო მეტ შემოსავალს იღებ, ეს არის უკეთესი ბიზნესი სხვა თანაბარ პირობებში.

კრიპტოვალუტის მოპოვება კი არ არის დანაშაული, არამედ დანაშაულია დენის მოპარვა. სვანეთის შემთხვევაში არც უკანონო მაინინგთან გვაქვს საქმე და არც ქურდობასთან – უბრალოდ, დენია უფასო, ხოლო რაც უფასოა, ის ყოველთვის უყაირათოდ მოიხმარება. ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც ან ვერ გათვალა რისკები, ან მოქმედებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

სვანეთის მომარაგება უფასო ელექტროენერგიით – მახინჯი სოციალისტური გადმონაშთია. სწორედ ამან გამოიწვია კრიპტოვალუტის კუსტარული მოპოვების აღმოცენება, რასაც მოჰყვა ელექროენერგიის დეფიციტი და ადგილობრივი ენერგოსისტემის დაზიანება ზედმეტი დატვირთვების გამო.

რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას, თუკი სვანეთში საჭირო იყო მოსახლეობის მხარდაჭერა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სახით? უნდა მოეხდინა მომსახურების მონეტიზაცია, ანუ ფულის მიცემა განსაზღვრული (ლიმიტირებული) მოცულობის ელექტროენერგიის შესაძენად. დახარჯავდა ვინმე ამ ფულს არამიზნობრივად? ეს მისი ნება იქნებოდა – გაეთიშებოდა შუქი. ახლა რა ხდება? ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული მომხმარებლისათვის შეეწყვიტათ დენის მიწოდება, მთელი სვანეთი ჩააბნელეს, გრაფიკი დააწესეს. ამით დაზარალდა წესიერი გადამხდელი, დაზარალდა ტურიზმის სფერო, გაჩაღდა კრიპტოვალუტის მომპოვებლების წინააღმდეგ ომი. არადა, რაში არიან ისინი დამნაშავეები – არის იაფი დენი, დადგეს სერვერი. ეს სულაც არაა უკანონო საქმიანობა. ელექტროენერგიის საბაზრო ფასის დაწესებით და ბიზნესის ლეგალიზაციით ვითარება განსხვავებული იქნებოდა. თავისუფალი ბაზარი დაადგენდა, იყო თუ არა ბიზნესის ეს სახეობა კონკურენტუნარიანი სხვებთან შედარებით.

ერთი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან: 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში პურის ფასი იყო ყველაზე დაბალი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და ღირდა რამდენჯერმე იაფი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. ეს მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით კეთდებოდა. ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ საქონლის პურით გამოკვება უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ქატოთი. ფქვილი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პური. საქმე იქამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მოდიოდნენ ჩვენთან პურის საყიდლად (არ იყო მაშინ საზღვარი) და თავიანთ ძროხებს და ღორებს ჩვენი ფუნთუშებით ანებივრებდნენ.

მხოლოდ პურზე საბაზრო ფასების დაწესებამ განავითარა წარმოების ეს სფერო. დღეს იგი კონკურენციის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

იქ, სადაც ფასებს სახელმწიფო არეგულირებს ან ამა თუ იმ მიზეზით, პირდაპირ თუ ირიბად, სახელმწიფო ერევა მის ფორმირებაში, მახინჯდება ბაზარი, რაც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას.

ენერგოვამპირები, რომლებსაც ქვეყნისთის არაფერი მოაქვთ

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, გასულ წელს მომხმარებლისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 13,753 მილიარდი კილოვატსაათი, რაც 2020 წელთან შედარებით 13 პროცენტით მეტია. პირდაპირმა მომხმარებლებმა 3,555 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეისყიდეს, საიდანაც დაახლოებით 600 მილიონი კრიპტობიზნესით ოფიციალურად დაკავებულმა კომპანიებმა მოიხმარეს. აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანია „ბი ეფ დი სი“-ზე (Bitfury Georgia) – 433,6 მილიონი კილოვატსაათი (534,2 მლნ კვტ-სთ 2019 წელს). იგი საქართველოში ყველაზე მსხვილი ელექტრომომხმარებელია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის შემდეგ. ის ექვსჯერ მეტს მოიხმარს თბილისის მეტროპოლიტენთან და თითქმის სამჯერ მეტს საქართველოს რკინიგზასთან შედარებით (თბილისის მეტროპოლიტენი წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას ხარჯავს, „საქართველოს რკინიგზა“ კი 145-180 მილიონ კილოვატსაათს). ბიუჯეტში მისი შენატანი არის მხოლოდ იქ დასაქმებული ორასამდე თანამშრომლის ხელფასიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. ის მოიხმარს იმდენ ელექტროენერგიას, რამდენსაც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და რუსთავის „აზოტი“ ერთად აღებული, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი მუშაობს. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ ამ „ენერგოვამპირის“ მადა, საილუსტრაციოდ ვნახოთ ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ საქართველოს 8 ყველაზე დიდი კომპანიის მონაცემები 2021 წლისათვის (იხ. ქვემოთ).

კანონი ფიცის ნაცვლად

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება ბუნებრივი კითხვა – რისთვის მოხდა მსგავსი ენერგოტევადი წარმოების წახალისება, მათთვის სასათბურე პირობების შექმნა? ხომ არაა ეს კორუფციის გზით შექმნილი ბიზნესი, რომელიც ნოყიერ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ნიადაგზე აღმოცენდა და გაიფურჩქნა? კრიპტოვალუტა რომ იყოს ქვეყნის საექსპორტო საქონელი, მისი წარმოება ხელს რომ უწყობდეს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას, მაშინ ელექტროენერგიის ამ მიზნით როგორც ადგილზე წარმოება იქნებოდა მიზანშეწონილი, ასევე მისი იმპორტიც. იმ სურათით კი, რასაც ახლა ვხედავთ, ნათლად ჩანს, რომ უკეთესია, ელექტროენერგია, ეს უკვე დეფიციტური საქონელი, სხვა დარგების განვითარებას მოხმარდეს. ტურისტული ქვეყნის იმიჯის მქონე ქვეყანაში დენი წამდაუწუმ არ უნდა ქრებოდეს. კრიპტოვალუტის ბიზნესი კი თავისუფალი კონკურენციის პირობებში სწორმა და სამართლიანმა საგადასახადო რეჟიმმა უნდა დაარეგულიროს. იგი კი არ უნდა აიკრძალოს, პირიქით, უნდა განვითარდეს. ამიტომ აუცილებელია კრიპტოვალუტების შესახებ კანონის მიღება, რომლის მიზანი უნდა იყოს ამ საქმიანობის მოყვანა ფულის გადარიცხვის ადგილობრივ და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში, ასევე ფულის გათეთრების რისკების შემცირება.

  • „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა”- 947 მლნ კვტ-სთ
  • „ბი ეფ დი ესი”- 433,6 მლნ კვტ-სთ
  • „ჯორჯიან მანგანეზი” – 315,3 მლნ კვტ-სთ
  • „რუსთავის აზოტი” – 251,7 მლნ კვტ-სთ
  • „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია” – 203,3 მლნ კვტ-სთ
  • „რუსთავის ფოლადი“ – 191,3 მლნ კვტ-სთ
  • „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი“ – 179,8 მლნ კვტ-სთ
  • „ჭიათურმანგანუმი” -147,9 მლნ კვტ-სთ

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.