კრიზისში მყოფი ქვეყნების ათეული

კრიზისში მყოფი ქვეყნების ათეული

Forbes-ის წინა გამოცემებში რამდენიმეჯერ დავწერეთ ეკონომიკური განვითარების ტემპის მხრივ წარმატებულ ქვეყნებზე. ახლა კი ამ მხრივ ყველაზე წარუმატებელ ათ ქვეყანას და მათი წარუმატებლობის მიზეზების მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ. როგორც წარმატების მაგალითებით შეიძლება ვისწავლოთ, თუ რა უნდა გააკეთოს განვითარებადმა ქვეყანამ ეკონომიკური აღმავლობისთვის, ასევე შეიძლება, კრიზისში მყოფი ქვეყნებისგანაც ვისწავლოთ, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ.

სტატიაში წარმოდგენილი ათი ქვეყანა 2015-2017 წლებში ნაჩვენები ეკონომიკური ზრდის შედეგების მიხედვით შეირჩა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი) ბოლო სამ წელიწადში ყველაზე მეტად შემცირდა (2017 წლის პროგნოზის გათვალისწინებით). აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკური კრიზისის ძირითადი მიზეზი ნავთობზე მსოფლიო ფასის მნიშვნელოვანი შემცირება ან/და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობაა.

ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა 2015-2017 წლებში ყველაზე მეტად შემცირდა:

ქვეყანა

2015

2016

2017

ბრაზილია

-3.8 

-3.6

0.2

ბელარუსი

-3.8

-3.0

-0.8

აზერბაიჯანი

1.1

-3.8

-1.0

სურინამი

-2.7

-10.5

-1.2

ბრუნეი

-0.4

-3.2

-1.3

ეკვადორი

0.2

-2.2

-1.6

პუერტო-რიკო

0.0

-1.8

-3.0

სამხრეთი სუდანი

-0.2

-13.8

-3.5

ეკვატორიული გვინეა

-7.4

-10.0

-5.0

ვენესუელა

-6.2

-18.0

-7.4

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

10. ბრაზილია – მოსახლეობა: 207 მილიონი – მშპ: $1.8 ტრილიონი – მშპ ერთ მოსახლეზე: $8 730.

ბრაზილიაში ეკონომიკური კრიზისი 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ბრაზილიის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა. 2016 წელს 3.6%-ით შემცირდა. 2017 წლისთვის სავალუტო ფონდი 0.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. 2014 წელს ბრაზილიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 6 100 ბრაზილიური რეალი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 5 530 რეალამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება.

ბრაზილიაში ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კრიზისიცაა, რაც კიდევ უფრო ართულებს ეკონომიკურ სიტუაციას. პოლიტიკური კრიზისი ძირითადად კორუფციული სკანდალებითაა განპირობებული, ხელისუფლების წევრების ნახევარზე მეტი კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი და გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტზე – დილმა რუსეთზე (2011-2016 წ.წ.), რომელიც თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს. ბრაზილია დღეს საშუალოზე მეტად კორუმპირებულ სახელმწიფოდ ითვლება.

ეკონომიკურად ბრაზილია ძალიან დააზარალა საექსპორტო პროდუქციაზე ფასების კლებამ და მთავრობის ხარჯების, დეფიციტისა და ვალის ზრდამ. 2013 წელს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3% იყო, რომელიც თანდათანობით 2017 წლისთვის 9%-მდე გაიზარდა. შედეგად, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-დან 81%-მდე გაიზარდა. ამაღლდა ინფლაციის მაჩვენებელიც და 2014-2017 წლებში საშუალოდ 7% შეადგინა. 

9. ბელარუსი – მოსახლეობა: 9.5 მილიონი – მშპ: $45 მილიარდი – მშპ ერთ მოსახლეზე: $5 100.

ბელარუსის ეკონომიკა 2015 და 2016 წლებში შესაბამისად 3.8 და 3%-ით შემცირდა, 2017 წელს 0.8%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი. 2014 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ბელარუსში 8 510 ბელარუსული რუბლი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 7 890 რუბლამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება. ბელარუსში ტრადიციულად მაღალია ინფლაციის დონე, რომელმაც 2015-2017 წლებში საშუალოდ 11% შეადგინა.

ბელარუსის ეკონომიკური კრიზისი ძირითადად რუსეთის კრიზისმა განაპირობა. ნავთობზე ფასის კლებისა და დასავლეთის ქვეყნებიდან დაწესებული სანქციების გამო 2015-2016 წლებში რუსეთის ეკონომიკა 3%-ით შემცირდა. ბელარუსი ევრაზიული კავშირის წევრია და მჭიდროდ არის დაკავშირებული აღნიშნული კავშირის დომინანტი ქვეყნის – რუსეთის ეკონომიკასთან. 2013 ბელარუსის ექსპორტი რუსეთში 17 მილიარდ დოლარამდე იყო, რომელიც 2016 წელს 11 მილიარდ დოლარამდე (35%-ით) შემცირდა. სხვა ქვეყნების ჩათვლით ექსპორტი 9 მილიარდი დოლარით (39%-ით) შემცირდა. ამასთან, ბელარუსის ეკონომიკას სტრუქტურული პრობლემები აქვს, მაღალია შეზღუდვები კერძო ბიზნესის მიმართ. ამასთან, ბელარუსს ცუდი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან და ის ვერ იყენებს ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობებს. ბელარუსის ძირითად ინვესტორ ქვეყნად რუსეთი რჩება.

2014 წელს ბელარუსის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის მიმართ 39% იყო, რაც 2017 წლისთვის 46%-მდე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2%-დან 8%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 39%-დან 58%-მდე გაიზარდა. 

8. აზერბაიჯანი – მოსახლეობა: 9.8 მილიონი – მშპ: $39 მილიარდი – მშპ ერთ მოსახლეზე: $4 030.

2016 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა, 2017 წელს კი 1%-ით შემცირებაა პროგნოზირებული. 2014 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი აზერბაიჯანში 2 533 მანათი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 2 380 მანათამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება. 2015 წელს ინფლაციამ 8%, ხოლო 2016 წელს 13% შეადგინა.

აზერბაიჯანის ეკონომიკური ვარდნა ძირითადად ნავთობის ფასის კლებას უკავშირდება. ნავთობისა და გაზის ინდუსტრია აზერბაიჯანის ეკონომიკის 50%-ს შეადგენს, ხოლო ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 85%-ია. ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემცირებულმა სავალუტო ნაკადებმა აზერბაიჯანული მანათის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია. 2015 წლის თებერვლამდე აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, მანათის დოლარის მიმართ ფიქსირებული კურსი ჰქონდა, ერთი დოლარი 0.78 მანათი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ მანათის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად აზერბაიჯანმა ცანტრალური ბანკის რეზერვებიდან დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი (რეზერვების 70%-მდე) დახარჯა, 2016 წლის ბოლოსთვის მანათი 131%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი 1.80 მანათს გაუტოლდა.

ნავთობიდან შემოსავლების შემცირება ქვეყნის ბიუჯეტზეც უარყოფითად აისახა. 2014 წლამდე აზერბაიჯანის ბიუჯეტი დადებითი სალდოთი ხასიათდებოდა, 2017 წელს კი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 10%-ია. სახელმწიფო ვალი მშპ-ის 11%-დან 33%-მდე გაიზარდა.

7. სურინამი – მოსახლეობა: 586 ათასი – მშპ: $3.6 მილიარდი – მშპ ერთ მოსახლეზე: $6 370.

2015-2016 წლებში სურინამის ეკონომიკა ჯამში 13%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წელს 1.3%-ით კლებაა პროგნოზირებული. 2014 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი სურინამში 18 516 სურინამული დოლარი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 15 373 დოლარამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება. 2015-2017 წლების საშუალო წლიური ინფლაცია კი 36%-ია.

სურინამის ეკონომიკური კრიზისი ძირითადად ვენესუელისა და ბრაზილიის კრიზისმა განაპირობა, რადგან ეს ორი ქვეყანა მისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ქვეყანა საშუალოზე მეტად კორუმპირებულია. ეკონომიკაში სახელმწიფო დომინირებს.

სურინამის ბიუჯეტი 2015 წლამდეც დეფიციტური იყო (მშპ-ის 3-7%), მაგრამ 2015 წელს დეფიციტმა მშპ-ის 9%-ს მიაღწია. სახელმწიფო ვალი მშპ-ის 29%-დან 66%-მდე გაიზარდა.

6. ბრუნეი – მოსახლეობა: 417 ათასი – მშპ: $13 მილიარდი – მშპ ერთ მოსახლეზე: $31 000.

ბრუნეის ეკონომიკა 2013 წლიდან დაწყებული ყოველ წელს მცირდება წელიწადში საშუალოდ 2%-ით. 2012 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 49 000 ბრუნეის დოლარი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 41 000 დოლარამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება. ბრუნეიში ინფლაციის მაღალი დონე არ არის, ფასები სტაბილურია.

ბრუნეის კრიზისი ცალსახად ნავთობის ფასის კლებამ განაპირობა, რადგან ქვეყნის ძირითადი შემოსავლის წყარო ნავთობის ექსპორტია. ნავთობიდან შემოსავლების შემცირება ქვეყნის ბიუჯეტზეც უარყოფითად აისახა. ბრუნეიმ ვერ მოახერხა ეკონომიკის დივერსიფიცირება და ნავთობზე დამოკიდებულების მაღალ დონეს ინარჩუნებს. სწორედ ეს გახდა კრიზისის მიზეზი.

2014 წლამდე ბრუნეის ბიუჯეტი დადებითი სალდოთი ხასიათდებოდა, 2016 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 22%-მდე გაიზარდა, 2017 წელს კი 11%-ია. სახელმწიფო ვალი ბრუნეიში დაბალ ნიშნულზე – მშპ-ის 3%-ზე შენარჩუნდა. 

5. ეკვადორი – მოსახლეობა: 16 მილიონი – მშპ: $110 მილიარდი – მშპ ერთ მოსახლეზე: $6 640.

ეკვადორის ეკონომიკა 2016 წელს 2%-ით შემცირდა. 2017 წელსაც 2%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი. 2012 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ეკვადორში 4 383 აშშ დოლარი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 4 036 დოლარამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება. ეკვადორში ინფლაციის მაღალი დონე არ არის, ფასები სტაბილურია.

ეკვადორის კრიზისის მთავარი მიზეზიც ნავთობის ფასის კლებაა, რადგან ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო ნავთობის ექსპორტია. გარდა ამისა, ეკვადორი აგროპროდუქტების ექსპორტითაც არის გამორჩეული (ბანანი, ყავა, კაკაო) და ამ პროდუქტებზე ფასების კლებამაც დააზარალა. ეკვადორი გამორჩეულია კორუფციის მაღალი დონითაც, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 120-ე ადგილი უჭირავს.

ეკვადორის ბიუჯეტი ტრადიციულად დეფიციტურია და ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 20%-დან (2014 წელს) 31.5%-მდე გაიზარდა (2017 წელს). 

4. პუერტო-რიკო – მოსახლეობა: 3.4 მილიონი – მშპ: $104 მილიარდი – მშპ ერთ მოსახლეზე: $29 000.

პუერტო-რიკოს ეკონომიკა 2013 წლიდან დაწყებული ყოველ წელს მცირდება წელიწადში საშუალოდ 1%-ით. ეკონომიკის შემცირების პარალელურად მოსახლეობის რიცხოვნობაც მცირდება, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. პუერტო-რიკოში ინფლაციის მაღალი დონე არ არის, ფასები სტაბილურია.

პუერტო-რიკოს ეკონომიკური პრობლემები მთავრობის სავალო კრიზისითაა განპირობებული, ქვეყანას გაბანკროტების საფრთხე ემუქრება. ცენტრალური მთავრობის ვალი მშპ-ის 53%-ია, მაგრამ საპენსიო დავალიანებების ჩათვლით ვალი მშპ-ის 70%-მდეა. დიდი ვალის დაგროვება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვამ გამოიწვია, რომლითაც ბიუჯეტის დეფიციტი ფინანსდებოდა. პუერტო-რიკოში გადასახადები დაბალია, თუმცა საკმაოდ მაღალია მთავრობის ხარჯები ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზე. შესაბამისად, ბიუჯეტის შესავსებად ვალის აღებას მიმართავდნენ.

3. სამხრეთი სუდანი – მოსახლეობა: 13 მილიონი – მშპ: $2.6 მილიარდი –  მშპ ერთ მოსახლეზე: $210.

სამხრეთ სუდანის ეკონომიკა 2016 წელს 13%-ით შემცირდა, 2017 წელს კი 3.5%-ით შემცირდება. 2014 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი სამხრეთ სუდანში 1 807 სამხრეთსუდანური გირვანქა სტერლინგი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 1 300 გირვანქამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება. ეკონომიკის შემცირებას თან ახლავს მოსახლეობის რიცხოვნობის სწრაფად ზრდა. ბოლო სამ წელიწადში მოსახლეობამ 3 მილიონით მოიმატა. ბოლო წლების საშუალო წლიური ინფლაცია კი 240%-ია.

სამხრეთი სუდანი უღარიბესი ქვეყანაა, რომელიც 2011 წელს გამოეყო სუდანს. 2013 წელს სუდანში სამოქალაქო ომი დაიწყო. ამასთან, სამხრეთი სუდანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო. კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსში ბოლოდან მეორე (175-ე) ადგილზეა. სუდანს ნავთობის საკმაო მოცულობის მარაგები აქვს, რაც, განვითარების ნაცვლად, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ფაქტობრივად, სამხრეთ სუდანში ეკონომიკა არ ფუნქციონირებს, მინიმალური შემოსავალი ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან აქვთ. 

2. ეკვატორიული გვინეა – მოსახლეობა: 845 ათასი –  მშპ: $11.6 მილიარდი – მშპ ერთ მოსახლეზე: $14 100.

ეკვატორიული გვინეის ეკონომიკა ბოლო 5 წელიწადში დაახლოებით 27%-ით შემცირდა. 2013 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ეკვატორიულ გვინეაში 9.6 მლნ ფრანკი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 6.8 მლნ ფრანკამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება. ინფლაციის დონე მაღალი არ არის, ფასები სტაბილურია.

1996 წელს ეკვატორიულ გვინეაში დიდი ნავთობსაბადო აღმოაჩინეს და 2004 წლისთვის ის აფრიკის უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი ქვეყანა გახდა. გარდა ამისა, ყავისა და კაკაოს მსხვილი ექსპორტიორია. შესაბამისად, ბოლო წლებში მის საექსპორტო ნედლეულზე ფასების კლების გამო, ქვეყნის საექსპორტო შემოსავალი განახევრდა.

2013 წელს ეკვატორიული გვინეის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 6% იყო, ნავთობიდან შემოსავლების კლების გამო 2015 წელს დეფიციტი 19%-მდე გაიზარდა, 2017-ში კი 11%-მდეა დაგეგმილი. ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის პარალელურად გაიზარდა სახელმწიფო ვალიც. თუმცა 2013 წლის მდგომარეობით ქვეყანას მცირე სახელმწიფო ვალი ჰქონდა – მშპ-ის 6%. 2017 წლის მდგომარეობით ვალმა მშპ-ის 25%-ს მიაღწია. 

1. ვენესუელა – მოსახლეობა: 32 მილიონი – მშპ: $251 მილიარდი – მშპ ერთ მოსახლეზე: $8 000.

ვენესუელაში დღეს ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ერთ დროს საკმაოდ მდიდარი ქვეყნის მოსახლეობა შიმშილის პირასაა. კრიზისი 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, 2016 წელს 18%-ით. 2017 წელს 7.4%-იანი კლებაა მოსალოდნელი. 2013 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ვენესუელაში 2 090 ბოლივარი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 1 355 ბოლივარამდე (მუდმივ ფასებში) შემცირდება.

ვენესუელის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა მაღალი ინფლაციაა. 2014-2016 წლებში ფასები 500%-ზე მეტად გაიზარდა, 2017 წელს კი 1000%-ზე მეტი ინფლაციაა მოსალოდნელი. ამას თან ერთვის უმუშევრობის დონის ზრდა. 2014 წელს სამუშაო ძალის 6.7% უმუშევარი იყო. ეს რიცხვი 2017 წლისთვის 25%-მდე გაიზარდა.

კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი აქაც ნავთობის ფასზე დამოკიდებულება, კორუფცია და ბიუჯეტის მაღალი სოციალური ხარჯები იყო. კორუფციის დონით ვენესუელა მსოფლიოში 166-ე ადგილზეა (შესწავლილი 176 ქვეყნიდან).

უგო ჩავესის დროს (როდესაც ნავთობი გაცილებით ძვირი ღირდა) სოციალური ბენეფიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. როდესაც ნავთობის ფასი განახევრდა, სახელმწიფოს აღარ ეყო ფული ვალდებულებების შესასრულებლად. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 15%-მდე გაიზარდა. ბიუჯეტის შესავსებად ხელისუფლებამ ჭარბი ფულის ბეჭდვა დაიწყო, რამაც ინფლაციის დონე აამაღლა. ვენესუელა ბოლო წლებამდეც არ იყო მიჩნეული დემოკრატიულ სახელმწიფოდ, მაგრამ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, საკონსტიტუციო ცვლილებებით კიდევ უფრო გააძლიერა პრეზიდენტის ძალაუფლება, რასაც ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკური კრიზისიც დაემატა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *