მაიკლ ს. სმიტი მსხვილ ფსონს ჩამოვიდა… და შეცდა, იფიქრა რა, რომ აშშ-ს თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი სჭირდებოდა. ახლა ის თავისი $14-მილიარდიანი საექსპორტო ტერმინალის, LNG-ის მოგებას ითვლის.
კინტანის კუნძული, 7 მილის სიგრძის მიწის ნაგლეჯი, ფრიპორტში, ტეხასში მდებარეობს, სადაც მდინარე ბრაზოსი მექსიკის ყურეში ჩაედინება. დაახლოებით 200 წლის წინ კუნძულზე მექსიკური ფორტი გაშენდა, რომელიც მალევე აქტიურ საზღვაო პორტად იქცა, საიდანაც მექსიკელ ფერმერებს ბამბა გაჰქონდათ. გაერთიანების გემები მოგვიანებით კონფედერაციის ჯარებმა დაბომბეს. 1900 წელს გალვისტონის დიდმა ქარიშხალმა 11 ათას ადამიანს სიცოცხლე წამში მოუსწრაფა, კინტანის კუნძული კი მიწასთან გაასწორა. ხოლო იმ დროისთვის, როდესაც მაიკლ ს. სმიტი კუნძულზე დამკვიდრდა – 2002 წელს – აქ ფრიად ნაღვლიანი სანახაობა დახვდა: რამდენიმე ათეული ნახევრად დანგრეული სახლი, გადამფრენი ფრინველების ნაკრძალი და სანაპირო, ასევე ნარჩენები ცისტერნებისა, რომლებიც ნავიგაციის არხების ამოვსების შემდეგ ააშენეს. „ტალახში ჩავიძირებოდით, მაშინ აქ რომ ვმდგარიყავით“, – ამბობს სმიტი.
სმიტმა საკუთარი ისტორიული კვალი დატოვა კუნძულზე. $14 მილიარდის დახარჯვის შემდეგ, მას საკონტროლო პაკეტი აქვს ფრიპორტის თხევად ბუნებრივ გაზში, Freeport LNG-ში, რომელიც დღიურად აცივებს და ექსპორტზე გააქვს 2 მილიარდი კუბური ფუტი თხევადი გაზი. მისი უმეტესობა ე.წ. ფიქლის გაზია – ჰორიზონტალური ბურღვისა და ჰიდრავლიკურად დაშლის მეთოდით მოპოვებული წიაღისეული. ახლანდელი საბაზრო კურსით დღიური წარმოება 14 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, რომლიდანაც 5 მილიონ დოლარს ფრიპორტი მოსაკრებლის სახით აგროვებს. „ჩვენ ვიღებთ სუფთა ამერიკულ ბუნებრივ გაზს, ვამდიდრებთ მას და გაგვაქვს ექსპორტზე იმ ქვეყნებში, რომლებსაც საკუთარი ენერგორესურსები თითქმის არა აქვთ და სხვა შემთხვევაში, ბინძურ ნახშირს დაწვავდნენ“, – ამბობს ის.
ამუშავების შემდეგ, 2019 წლის სექტემბრიდან, Freeport LNG-მ 200 სატვირთო გემი დატვირთა იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისა და ხორვატიისთვის, რომლებშიც ერთ გემზე მოთავსებული წიაღისეული ათიათასობით მოსახლის წლიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ფრიპორტი წელს თხევადი ბუნებრივი გაზის 15 მილიონ ტონას გაიტანს ექსპორტზე, რაც 130 მილიონი ბარელი ნავთობის ენერგოღირებულების ეკვივალენტია და მოსალოდნელია, რომ შემოსავალი დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. სმიტის 63%-იანი წილი კი მას, შეზღუდული პარტნიორობის პირობებში, 1 მილიარდ დოლარზე მეტს მოუტანს.
თხევადი გაზის წარმოება მოიცავს მეთანის გაცივებას 260 გრადუსის სითხემდე, რაც თერმოსის ტიპის ცისტერნებში ჩაიტუმბება და მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანას დაეგზავნება. ეკონომიკური თვალსაზრისით Freeport LNG-იმ მსოფლიოში უდიდესი LNG დანადგარები შექმნა, რომელსაც „მატარებელს“ უწოდებენ. ყველაფერი დაიწყო კინტანის რბილ მიწაში 100 ფუტის სიღრმეზე 36 ათასი ჭდის ჩაჭედებით. მიწის ზემოთ კი იმდენი ფოლადია, რომ ექვსი ეიფელის კოშკი აშენდებოდა, და 192 მილის სიგრძის კაშკაშა მილსადენი, ჩასმული 496 ათას ტონა ბეტონში. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ეს ყველაფერი მულტინაციონალური ენერგოგიგანტის კი არა, მხოლოდ ერთი ადამიანის აგებულია: ჯიუტი, ბრონქსში დაბადებული სმიტის.
ის აღნიშნავს, რომ თავიდან მისი რისკი არ გამართლდა. 2002 წელს, როდესაც კინტანის კუნძულზე მოვიდა, სმიტის სტრატეგია LNG-ის ექსპორტს კი არ მოიცავდა, არამედ მის იმპორტს. მაშინ მას სჯეროდა, რომ აშშ-ში ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზის რესურსები მალე გამოილეოდა. მან პირველი 800 მილიონი იმპორტის ტერმინალის აშენებას დაახარჯა, რომელიც 2009 წელს ისე დაძველდა და ჩამოიწერა, რომ მშენებლობა დასრულებული არ იყო.
თავდაპირველად მარცხისთვის განწირული სტრატეგიის არჩევამ სმიტს კურსის შეცვლის აუცილებლობა დაანახვა და იმპორტის ნაცვლად ის LNG-ის ექსპორტზე ფოკუსირდა. სმიტს მხოლოდ რამდენიმე რისკის მართვა სჭირდებოდა: $14 მილიარდი დოლარის მოძიება, მარეგულირებელი პროცესის რგოლებში გავლა და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო პროექტის დასრულება. „ჩვენი კაპიტალური ხარჯები თითქმის გაორმაგდა“. 10 წლის შემდეგ, მოპოვების ახალი მეთოდით, ე.წ. ფრაკინგის რევოლუციით, აშშ-ს დღიურად ექსპორტზე გააქვს რეკორდული 10 მილიარდი კუბური ფუტი გაზი, რაც შიდა წარმოების დაახლოებით ერთ მეათედს წარმოადგენს.
სმიტი გოლიათური აღნაგობის, 66 წლის მამაკაცია, ჯერ კიდევ თხილამურობს და სკუბა-დაივინგითაა (წყალქვეშა ყვინთვით) გატაცებული, მიუხედავად არაერთი ხელოვნური სახსრისა. ცხვირიც გატეხილი აქვს და ბრონქსული დიალექტი მის ხმაში ჯერ კიდევ ჟღერს. მამამისსაც ბიზნესი ჰქონდა – ნარჩენებისგან საწვავის მიღება. სმიტი კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ სწავლის პირველსავე წელს მიხვდა, რომ „ექიმობა ყველა არასწორი მიზეზის გამო ავირჩიე. მე არ ვიცოდი, თუ რისი გაკეთება მსურდა“. ამიტომ სწავლას თავი დაანება და ვეილში სათხილამუროდ გაემგზავრა.
თავი რომ ერჩინა, კოლორადოში უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვის ლიცენზია მიიღო 1978 წელს, და ფორტ-კოლინსთან კომერციულ ქონებას ყიდდა. მისი მომავალი წარმატებისათვის არსებითი რამ – საქმის წარმოების სწორად წარმართვა, იქნებოდა ეს გარიგებები, ხელშეკრულებები, გეგმები თუ ნებართვები, სწორედ ამ დროს ისწავლა. უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვის გამოცდილება ბუნებრივი საყრდენი აღმოჩნდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის; 1970-იანი წლების ბოლოს, როდესაც ნავთობის ღირებულებამ პიკს მიაღწია, მან წამოიწყო საბურღი მიწების ლიზინგი, სადაც ყველაზე გამოცდილ ოპერატორებს ეს-ესაა დიდი ჭაბურღილები გაეთხარათ. „როდესაც ჭაბურღილის გათხრა დავიწყე, გადავწყვიტე, თვითონ ამემუშავებინა ის, – ამბობს სმიტი, გულისხმობს რა, რომ მუშების გვერდით დარჩენას ირჩევდა. – აღმოვაჩინე, რომ მქონდა საკმარისი ცოდნა, ბიზნესის ტექნიკური მხარე რომ გამეგო“. ინჟინრების დაქირავებისა და მათთვის ფულის გადახდის მაგივრად, სმიტი კალკულატორს იყენებდა: „ყველაფერს ჩემს HP 12cზე ვითვლიდი“.
„მე უსასრულო ოპტიმიზმით დავიწყე, – აღნიშნა მან, – მაგრამ სულ მეშინოდა, რომ ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდი“. მაგალითად, ნავთობის ფასების არამდგრადობის ტენდენცია. როდესაც 1980-იან წლებში ნავთობის ფასი საგრძნობლად დაეცა, სმიტმა თავისი პარტნიორობა იმაზე ოდნავ მეტით გამოისყიდა, ვიდრე ვალდებულებებით იყო გათვალისწინებული. ნაღდი ფულის დაზოგვის მიზნით მან სერვისის პროვაიდერ კომპანიებს Halliburton-სა და Maverick Tube-ს ახალი ჭაბურღილების პროცენტული წილით გადაუხადა. სმიტმა Basin Exploration-ი საჯარო 1992 წელს გახადა. მსხვილი აღმოჩენები ნელ-ნელა შემცირდა და სმიტმა Basin-ი გარდაქმნა, Rockies-ის აქტივები გაყიდა, პერსონალი შეამცირა და ოპერაციები ჰიუსტონში გადაიტანა, რომ მექსიკის ყურე გაეთხარა. ეს დამაბნეველი იყო, და სმიტს გაუმყარდა რწმენა, რომ ბუნებრივი გაზის რესურსი ამერიკაში ქრებოდა. 2000 წელს მან Basin-ი $410 მილიონად მიჰყიდა Stone Energy-ს და წმინდა მოგებად 60 მილიონი დოლარი ერგო.
45 წლის სმიტს იღბალი ნამდვილად უღიმოდა, თუმცა მწვერვალისკენ სრული სვლისთვის მზად ჯერ არ იყო. 2001 წელს დენვერში Brown Palace Hotel-ში ის შეხვდა ჩარიფ სოუკის, ყოფილ საინვესტიციო ბანკირს და რესტავრატორს, რომელსაც მომცრო გაზის კომპანია ჰქონდა სახელწოდებით Cheniere Energy. ორივე თვლიდა, რომ აშშ-ს მალე გაზის იმპორტი დასჭირდებოდა. სოუკის თხევადი ბუნებრივი გაზის საუკეთესო ადგილები შესწავლილი ჰქონდა გალფ-კოსტზე და ამოერჩია სამი მათგანი, მათ შორის კი ფრიპორტი. სმიტს შეეძლო, სოუკის დაკავშირებოდა, მაგრამ მას საკუთარი სანახაობის გამართვა სურდა. მან 14 მილიონი დოლარი ფრიპორტის ფართობის 60%-ის შესყიდვაში ჩადო.
პროექტმა გააერთიანა მისი უძრავი ქონებისა და ენერგოკომპანიის მართვის უნარები. სმიტმა თავისი საწყისი ინვესტიცია ამოიღო ისეთი დიდი პოტენციური კლიენტების მოზიდვით, როგორიცაა Dow Chemical-ი და ConocoPhilips-ი, რომლებმაც შეიტანეს დეპოზიტი, საბოლოოდ 20-წლიანი კონტრაქტების ხელმოწერით, რითაც დაიცვა უფლება (მაგრამ არა ვალდებულება), რომ გარდაექმნა LNG ისევ გამოყენებად გაზად ფრიპორტში. ასეთი ძლიერი კლიენტების ყოლით, ConocoPhilips-მა იმპორტის ტერმინალის მშენებლობაში $500 მილიონი ჩადო, რაც მოიცავდა იზოთერმულ ცისტერნებს, იმდენად დიდს, რომ ბოინგ 747sp-ს დაიტევდა. „მე რომ მცოდნოდა, ამდენად მაღალი ხარჯი მექნებოდა, არც კი შევხედავდი ჩარიფის შემოთავაზებას, უარს ვეტყოდი და გავაგრძელებდი ჩემს გზას“, – ამბობს სმიტი.
2008 წელს ნათელი გახდა, რომ ფიქლის გაზის ბუმი მათ იმპორტის ტერმინალს ჩანასახშივე მოკლავდა. თუმცა ხსენებული 20-წლიანი კონტრაქტების წყალობით Freeport LNG წელიწადში 25 მილიონს მაინც გამოიმუშავებდა… არაფრის კეთებით. სმიტი ამბობს: „ჩვენ ავაშენეთ ეს ინფრასტრუქტურა, მაგრამ არასდროს გამოგვიყენებია ის“.
სწორედ ამიტომ ის ახალ ფსონს ჩავიდა – უფრო მოგებიანი სვლა იყო მიმართულების შეტრიალება და ამერიკის ბუნებრივი გაზის ექსპორტზე გატანა (74%-მდე ორ ათწლეულში, ფრაკინგის წყალობით 33 ტრილიონი კუბური ფუტი წელიწადში). როგორც ჰეისონ ფეერი, Potan&Partners-ის კონსულტანტი ამბობს: „მათ სწრაფად გაიგეს ამ მდგრადი აქტივების ღირებულება, რომლებიც თითქოს ელოდნენ გადამუშავებას“. სმიტმა ისევ მოიძია სახსრები 20-წლიანი კონტრაქტების გაყიდვით იმ სერვისებზე, რომლებიც ბუნებრივი გაზის თხევადად გარდაქმნას ემსახურებოდა, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა BP, და იაპონური გიგანტები Osaka Gas-ი და Jera. მან ასევე გაყიდა აქციების პაკეტი პროექტის სპეციფიკურ ასპექტებზე: ამ ორმა იაპონურმა კომპანიამ ჩადო $1.25 მილიარდი და შეისყიდა მატარებელი #1-ის 50%. კერძო სააქციო კაპიტალის ავსტრალიური ფირმა IFM-ის ინვესტორებმა გადაიხადეს $1.3 მილიარდი მატარებელი #2-ის 56%-სათვის. 2014 წელს გიგანტურმა კერძო საინვესტიციო კომპანია GIP-მა შეისყიდა შეზღუდული პარტნიორობის 25% $850 მილიონად. ძლიერი მხარდაჭერით სმიტის გუნდმა უზარმაზარი თანხები ისესხა.
NIMBY კონფლიქტების უმრავლესობა გადაიჭრა მაშინ, როდესაც Freeport LNG-მ იყიდა და დაანგრია კუნძულზე მდებარე 60-მდე სახლი. ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი ქარიშხალი ჰარვი იყო, რომლის დროსაც ორფუტიანმა წვიმამ დანადგარები გაანადგურა. საბოლოოდ, 2019 წლის ბოლოსკენ Freeport LNG ამუშავდა. „მან ის ააშენა. ის დასრულებულია. მან დაასრულა რაღაც უმნიშვნელოვანესი და შეასრულა ფენომენალური სამუშაო, – ამბობს სოუკი, მეგობრული მეტოქე, რომელმაც 2015 წელს Cheniere-ი მიატოვა და წამოიწყო ბუნებრივი თხევადი გაზის დეველოპერი კომპანია Tellurian Energy. – მშენებლობის ყველანაირი რისკი წარსულს ჩაჰბარდა. ეს ყველაზე უსაფრთხო ბიზნესმოდელია, რაც კი შეიძლება არსებობდეს – მადნეულის მოპოვებისა და პირველადი გადამუშავების ბიზნესი, რომლის გამეორება დღეს შეუძლებელია“.
დღეს Freeport LNG-ს ვალად $13 მილიარდი დოლარი აწევს. ეს მართვადია. ასევე კლიენტები, რომლებიც წლიურად $2.5 მილიარდს იხდიან მომავალი ორი ათწლეულის მანძილზე, შესაბამისად, საკმარისი შემოსავალი აქვთ, რომ ვალი გადაიხადონ, დანადგარები აამუშაონ და გადაანაწილონ სმიტსა და პარტნიორებს შორის.
თავის ტკივილის მიზეზები ჯერ კიდევ აქვთ. Freeport LNG-მ სამივე მატარებელი 2020 წლის დასაწყისში აამუშავა, შემდეგ კი კოვიდ-19-ის ლოკდაუნმა გაზზე გლობალური მოთხოვნები შეამცირა. ტვირთების გაუქმების ფონზე LNG-ის საზაფხულო ფასი ჩამოვარდა $3.4-მდე მილიონი BTU-სთვის (ბრიტანული თერმული ერთეული). გასულ იანვარში კი LNG-ის ფასმა რეკორდულ $18.50-ს მიაღწია მილიონი BTU-სთვის აზიაში, სანამ ისევ $7-მდე დაეცემოდა. ასეთი არამდგრადობა გარიგებების დადების სტიმულირებას იწვევს. „ეს წარმოადგენს 20-წლიანი ხელშეკრულებების გაფორმების სტიმულს მარაგის მომწოდებლებთან – ორგანიზაციები იაპონიაში დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათ ექნებათ ის გაზი, რომელიც სჭირდებათ“, – ამბობს ანალიტიკოსი ალექს მუნტონი, ენერგეტიკის კონსულტანტი Wood Mackenzie-დან. რაც შეეხება Freeport-ს „მათ უნდა იცოდნენ, რომ გაზის მყიდველი ჰყავთ“.
სმიტმა მეოთხე მატარებლის დამატების თაობაზე დასტური მიიღო და შესაძლოა გამოიყენოს ის ბაზარზე პრემიუმის ხაზის LNG-ის გასატანად, რომელიც ნაკლებ ნახშირბადს გამოათავისუფლებს. ეს უსარგებლოდ ჟღერს, თუმცა მომხმარებლებს ასე სურთ. და რადგან Freeport LNG ელექტროენერგიას ტეხასის ენერგოსისტემიდან იღებს, რომელიც მოგებიანი აღმოჩნდა ქარის ენერგიის ათწლეულის ბუმის გამო, მას შეუძლია, გაყიდოს თავისი პროდუქტი, როგორც უფრო „მწვანე“ ანუ ეკოლოგიურად სუფთა, ვიდრე LNG, რომელიც შექმნილია გაზის ტურბინების მეშვეობით.
ეს გაზიც უფრო ეკოლოგიურია. ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მიხედვით, 2005 წლიდან დღემდე აშშ-ში ემისიების განახევრებას ფიქლის ფრაკინგის ბუმს უნდა ვუმადლოდეთ – მას შემდეგ, რაც კომუნალური წარმოება ნახშირის მაგივრად უფრო მაღალი შემცველობის ნახშირბადს იყენებს, სიტუაცია გაუმჯობესდა. თუმცა კვლავ არის აუთვისებელი ნახშირის უზარმაზარი მარაგები, რომელთა გამოყენებაც კი უნდა შეწყდეს, მაგრამ „ჩვენს გადასვლას განახლებად რესურსებზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დავაჩქარებთ ამ პროცესს, მაინც დიდი დრო დასჭირდება“. ის დარწმუნებულია, რომ LNG ბაზარი 2030 წლისათვის 50%-ით გაიზრდება და ის სატვირთო გემები კინტანის კუნძულზე ათწლეულების მანძილზე მოცურდებიან.