კვარაცხელია სერია A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს კანდიდატად დასახელდა

კვარაცხელია სერია A-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს კანდიდატად დასახელდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატად დასახელდა. შეგახსენებთ, გასული წლის მარტის MVP-ის ტიტული სწორედ კვარაცხელიას აქვს მიღებული.

რაც შეეხება წლევანდელ ჯილდოს, მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის კანდიდატებს შორის ხვიჩას გარდა არიან: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ტეუნ კუპმეინერსი (ატალანტა) და რაფაელ ლეაო (მილანი).

მარტის თვეში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონში კი ქართველის ანგარიშზე, სერია A-ის 27 მატჩში, 10 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას კარგი თამაში გასულ სეზონშიც არაერთხელ დაუფასდა – ის სერია A-ის MVP-დ სამჯერ: აგვისტოში, თებერვალსა და მარტში დასახელდა.

სერია A-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმის მიცემა გულშემატკივრებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლიათ.