კვლევა: პანდემიით ყველაზე მეტად Gen Z-ის წარმომადგენლები დაზარალდნენ

კვლევა: პანდემიით ყველაზე მეტად Gen Z-ის წარმომადგენლები დაზარალდნენ

MTV Entertainment Group-ისა და Associated Press-ის ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად Gen Z-ის წარმომადგენლები დააზარალა. როგორც ცნობილი გახდა, 13-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ კორონავირუსმა მათ ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედა. მოზარდები უფრო მეტად იტანჯებიან მენტალურ ჯანმრთელობასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემებით, ვიდრე მილენიალები და Gen X თაობა.

Gen Z-ის წარმომადგენლებს შორის, გამოკითხულთა 46%-მა, პანდემია განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად დაასახელა. მსგავსი ადამიანების წილი მილენიალებში, შესაბამისად 25-40 წლის პირებში, 36%-ით განისაზღვრა, ხოლო Gen X თაობაში (41-56 წლების პირები) მხოლოდ 31%-ით. MTV Entertainment Group-ისა და Associated Press-ის კვლევაში 13-დან 56-წლამდე ასაკის 3764 პირი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ, პანდემიამ ნეგატიური გავლენა ყველა თაობის წარმომადგენლებზე ერთნაირად იქონია, ასევე მსგავსი შედეგებია გართობის შემთხვევაშიც. რაც შეეხება კორონავირუსის გავლენას პირად ურთიერთობებზე, პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული კვლავ Gen Z-ის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. Gen Z-ის თაობის 45% აცხადებს, რომ პანდემიისას მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რომანტიკული ურთიერთობები კი Gen Z-ელების 40%-ს გაურთულდა.

შეგახსენებთ, რომ 12-15 წლის მოზარდებმა ვაქცინაციის უფლება მხოლოდ მაისში მიიღეს, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც 16 წელს გადაცილებულ პირებს მისცეს აცრის უფლება. CDC-ის მონაცემებით, ამ ეტაპისთვის, 12 წელზე უფროსი ასაკის ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის თითქმის 70% სრულადაა ვაქცინირებული. მიუხედავად ამისა, კორონავირუსის ახალი მუტაციები, მათ შორის Omicron-ის სახით, ხელს უშლის ეპიდემიის საბოლოო დასრულებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *