კვლევაზე დაფუძნებულ მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

 კვლევაზე დაფუძნებულ მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

ფორსეტმა Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის მე-6 კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო. კონკურსის თითოეული გამარჯვებული 1000-დან 1500 ლარამდე ფულად პრიზს მიიღებს.

კონკურსს წინა რაუნდებისგან განსხვავებული ფორმატი აქვს და ორ ეტაპად მიმდინარეობს:

I — კონკურსის შეთავაზებული თემებიდან მონაწილეები ერთს ამოირჩევენ და საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირებას შეეცდებიან. საკითხის ირგვლივ გამოითხოვენ საჯარო ინფორმაციას AskGov.ge-ის მეშვეობით და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 14 ივლისს წარმოადგენენ კვლევის შედეგებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გეგმას. შეირჩევა 3–5 პროექტი, რომელთა ავტორები მიიღებენ ფულადი პრიზის ნახევარს.

II — შერჩეული მონაწილეები, მენტორებთან ერთად, იმუშავებენ კვლევის შედეგების ვიზუალიზაციაზე. Მას შემდეგ, რაც ვიზუალიზაცია ფორსეტის ან/და პარტნიორის პლატფორმებზე გამოქვეყნდება, ავტორები მიიღებენ ფულადი პრიზის მეორე ნახევარს.

იმ შემთხვევაში, თუ I ეტაპზე გამარჯვებული უარს იტყვის მეორე ეტაპში მონაწილეობის მიღებაზე, ფორსეტი იტოვებს უფლებას, კვლევის შედეგების ვიზუალიზაცია გააგრძელოს და საკუთარი საავტორო უფლებით გამოაქვეყნოს.

❑ საკონკურსო თემები

AskGov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი მე-6 თვეა იმართება. ღონისძიება ცდილობს, უკვე დაფარული თემების გარდა, სხვა მიმდინარე აქტუალური პრობლემებიც გააშუქოს. ივნისის კონკურსში, მონაწილეებს მუშაობა შემდეგ თემებზე შეუძლიათ:

  • განათლება
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა
  • საგარეო ვალებით დაფინანსებული პროექტები და ათვისება
  • თანასწორობა და ადამიანის უფლებები
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა და სტატისტიკა
  • თავისუფალი თემა (საჭიროა თემის დასაბუთება სარეგისტრაციო ფორმაში ან რეგისტრაციის შემდგომ, ორგანიზატორებთან)

❑ რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი მონაცემთა ვიზუალიზაციის სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებს გთავაზობთ. ორგანიზაციისგან მიიღებთ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიის განსაზღვრისა და ამბის თხრობის შესახებ. მეორე ეტაპზე კი გამარჯვებულებს შეგეძლებათ ინდივიდუალური მენტორობის სესიების გამოყენება მონაცემთა ანალიზის, მონაცემებით ამბის თხრობის, კოპირაიტინგის და გრაფიკული დიზაინის ექსპერტებთან.

❑ როგორ მივიღო მონაწილეობა?

მონაწილეობის მისაღებად, 30 ივნისამდე დარეგისტრირდით ამ ბმულზე. მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღო როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორწევრიანი გუნდის სახით.

გაეცანით გასული კონკურსების ნაშრომებს და დარწმუნდით, რომ დაფარავთ ახალ თემას, ან უკვე არსებულ თემას განსხვავებული მიმართულებით წარმოაჩენთ.

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების გამო, რაც შეიძლება მალე უნდა გამოითხოვოთ მონაცემები askgov.ge-ის მეშვეობით. იმისათვის, რომ საჯარო დაწესებულებამ განაცხადი განიხილოს, განცხადების ფორმაში მიუთითეთ განმცხადებლის ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და პირადო ნომერი. აღნიშნული მონაცემები მხოლოდ საჯარო დაწესებულებას გაეგზავნება და პორტალზე საჯაროდ არ გამოჩნდება. ინფორმაციის გამოთხოვის კარგი პრაქტიკის სანახავად, ამ ბლოგს ეწვიეთ.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მოიძიოთ დამატებითი მონაცემები askgov.ge-ის მიღმა კვლევით პროექტში არგუმენტების მხარდასაჭერად.

❑ რას უნდა მოიცავდეს I ეტაპის პროექტი — მონაცემთა ვიზუალიზაციის გეგმა?

პროექტი უნდა შეიცავდეს:

– გამოთხოვილი და მიღებული მონაცემების ანალიზს;

– Askgov.ge-ის მიღმა მოძიებული მონაცემების ანალიზს;

– კვლევის მიგნებების მიმოხილვას;

– ვიზუალიზაციის დეტალურ გეგმას (სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და სამიზნე აუდიტორია).

❑ რას მოიაზრებს II ეტაპის მონაცემთა ვიზუალიზაცია?

მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს ინტერაქციულ ვიზუალიზაციას (ინტერაქციული დეშბორდი, ქვიზი, რუკა, ა.შ); სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას); ანიმაციურ გიფს; სხვას. I ეტაპზე გამარჯვებული მონაწილე კონკურსის მენტორებთან ერთად შეარჩევს კვლევის მიგნებების ვიზუალიზაციის ერთ-ერთ ფორმატს, საჭირო ხელსაწყოებთან ერთად (Illustrator, Tableau, Piktochart, Canva, სხვა).

❑ როგორია შეფასების კრიტერიუმები?

რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა?

  • უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის გადმოსაცემად? Არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა ამბისთვის?
  • კონცეფცია: რამდენად დახვეწილია მონაცემთა ვიზუალიზაციის გეგმა (პოტენციური ვიზუალიზაციის სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და სამიზნე აუდიტორია)?
  • პრეზენტაცია: რამდენად მკაფიოდ წარმოადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე?
  • მონაცემების მრავალფეროვნება: რამდენად ბევრი და სრულფასოვანი მონაცემი გამოითხოვა მონაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან? რამდენად ზუსტი იყო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა? შეფასებაში არ ჩაითვლება ინფორმაციის მოთხოვნის ის შემთხვევები, როცა მოთხოვნილი მონაცემთა კრებული AskGov.ge-ზე უკვე გამოქვეყნებულია.

❑ კონკურსის ვადები

  • 14 ივნისი, 17:30 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ სასწავლო რესურსებს, რომელთა გაცნობა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას.
  • 30 ივნისი — რეგისტრაციის დასასრული — რეგისტრაციის დასასრული.
  • 14 ივლისი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს პროექტებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო სამუშაო დღეს გამოვლინდებიან.
  • 14–29 ივლისი — შერჩეული პროექტების მონაცემთა ვიზუალიზაციაზე მუშაობა — გამარჯვებულებთან კონსულტაციებით, დაიგეგმება ვიზუალიზაციაზე მუშაობის გრაფიკი და მენტორების სესიები. ვიზუალიზაციის დასრულების ვადა ინდივიდუალურია.

❑ როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ ეს ფორმა: https://forms.gle/bybsCGZm9GkbSvCQA

გაეცანით კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს და ხშირად დაშვებულ შეცდომებს: https://bit.ly/3rr63lh

14 ივნისს, 17:30 წუთზე, შემოგვიერთდით ინფო სესიაზე: Zoom Link

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: jubo@forset.ge

 

*Askgov.ge ბეტა ვერსიაში მუშაობს. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვატყობინეთ.

*კონკურსში არ მიიღება პროექტები, რომლებიც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციულ მიზანს ან გზავნილებს შეიცავენ.

*ეს ბლოგპოსტი შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ფორსეტი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის ამსახველად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *