ფოტო: Francois Guillot/AFP/Getty Images
კოსმეტიკური პროდუქტების ფრანგული გიგანტის L’Oréal-ის აქციების ფასის მკვეთრმა ზრდამ კომპანიის მემკვიდრის, ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსის ქონებას ერთ დღეში მილიარდობით დოლარით შემატა. შედეგად, ის Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი სიის ტოპ-20-ში შევიდა.
დღეს, ევროპული საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ, კომპანიის აქციების ღირებულება 8.21%-ით გაიზარდა და 373.20 ევროს მიაღწია. ინვესტორების პოზიტიური განწყობა იმაზე უკეთესი ფინანსური შედეგების დაფიქსირებას უკავშირდება, ვიდრე L’Oréal-ისგან ანალიტიკოსები ელოდნენ.
Forbes-ის შეფასებით, აქციების ფასის ამ აღმასვლამ ბეტანკურ-მეიერსის ქონება დაახლოებით 6.1 მილიარდი დოლარით, 94.4 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-20 ადგილზე დაწინაურდა და ამ პოზიციიდან ჩამოაქვეითა ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი, რომელიც აზიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ფლობს.
ამჟამად ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ქალია და მხოლოდ ელის უოლტონი უსწრებს, რომლის ქონება დაახლოებით 136 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბეტანკურ-მეიერსმა კომპანიის დირექტორთა საბჭო დატოვა და ვიცე-თავმჯდომარის პოზიცია საკუთარ შვილს, ჟან-ვიქტორ მეიერსს გადააბარა.
კომპანიის ფინანსურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში L’Oréal-ის გაყიდვებმა 12.15 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წლიურად 7.6%-იანი ზრდაა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომლებიც მხოლოდ 3-4%-იან ზრდას მოელოდნენ.
ამ წარმატების ფონზე, სხვა მდიდრული ევროპული ბრენდები საპირისპირო ტენდენციას აჩვენებენ. LVMH-ი, Hermès-ი და Kering-ი აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში გაყიდვებზე ირანის ომმა უარყოფითად იმოქმედა. მაგალითად, LVMH-ის მონაცემებით, კონფლიქტმა პირველ კვარტალში კომპანიის საერთო გაყიდვები მინიმუმ 1%-ით შეამცირა, რაც ყურის ქვეყნებში შემცირებულ ხარჯვასა და ევროპაში ტურიზმის კლებას უკავშირდება.
ამავე დროს, ბერნარ არნო, რომელიც ევროპის უმდიდრესი ადამიანია, წლის დასაწყისიდან ქონების მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის. კერძოდ, მისი ქონება 171 მილიარდი დოლარიდან 148 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც LVMH-ის აქციების გაუფასურებას უკავშირდება.









