სოფელ ქანდაში ნუშისა და ხეხილის ბაღების გაშენების იდეა ტერიტორიის პოტენციალის შეფასების შედეგად გაჩნდა. ნოყიერი ნიადაგი, ზომიერი კლიმატი და თბილისთან სიახლოვე ქმნიდა საფუძველს თანამედროვე, ინტენსიური მებაღეობის განვითარებისთვის და გრძელვადიანი, მდგრადი აგრო პროექტის განხორციელებისთვის.
როგორც კომპანია შპს ქანდა აგრიქალჩერის პროექტების ხელმძღვანელი, თამარ ბერულავა აღნიშნავს:
„ქანდას ტერიტორია გამოირჩევა ნოყიერი ნიადაგით, ზომიერი კლიმატითა და წყალმომარაგებით, რაც იდეალურ პირობებს ქმნის სტაბილური და ხარისხიანი მოსავლისთვის. ამას ემატება თბილისთან სიახლოვე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ლოგისტიკას და ბაზარზე წვდომას“
კომპანია 2021 წლიდან აქტიურად ვითარდება და დღეს უკვე 200 ჰექტარზე გაშენებულ აგრო პროექტს წარმოადგენს, საიდანაც 110 ჰექტარი უკვე ათვისებულია. ბაღები სამ ძირითად მიმართულებად არის დაყოფილი: 53 ჰექტარზე გაშენებულია სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღები, 15 ჰექტარზე – იტალიური ჯიშის მსხალი და ვაშლი, ხოლო 42 ჰექტარზე – ესპანური ჯიშის ხეხილი, მათ შორის ატამი, ბრტყელი ატამი, გარგარი, ბალი და ქლიავი.
თამარ ბერულავას თქმით, პროექტის განვითარება ეტაპობრივად და სტრატეგიულად მიმდინარეობდა:
„თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა არა უბრალოდ ბაღები, არამედ გრძელვადიანი, მდგრადი აგრო პროექტი, რომელიც ხარისხსა და ეფექტიანობაზე იქნებოდა ორიენტირებული.“
მისივე თქმით, მოსავლის რეალიზაცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხდება, მათ შორის საცალო ქსელებსა და საბითუმო პარტნიორებთან, როგორიცაა „ნიკორა“ და „აგროჰაბი“.
ქანდას ბაღებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
„ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების პრეპარატებს, რომლებიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. მცენარეებს საჭირო ნივთიერებებს ვაწვდით ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს მათ სჭირდებათ, რაც ამცირებს ქიმიური საშუალებების გამოყენებას და ზრდის ეფექტიანობას.“ – ამბობს ის.
პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი გავლენა მხოლოდ აგროსექტორით არ შემოიფარგლება. ის ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ქმნის ექსპორტის განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
„პროექტის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე მრავალმხრივია, როგორც რეგიონულ, ასევე ქვეყნის ჭრილში. პირველ რიგში, იგი ხელს უწყობს ადგილობრივი აგროპროდუქციის, მათ შორის ნუშისა და სხვადასხვა ხეხილის წარმოების ზრდას, რაც ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და აძლიერებს ქვეყნის აგროსექტორის მდგრადობას. ამასთანავე, სტანდარტიზებული და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ქმნის ექსპორტის განვითარების რეალურ შესაძლებლობას და უზრუნველყოფს დამატებითი უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში“, – აღნიშნავს თამარი
მისი თქმით, ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა მსგავსი მასშტაბის აგრო პროექტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
„ასეთი პროექტები მოითხოვს გრძელვადიან ხედვას, სტაბილურ ფინანსურ მხარდაჭერასა და რისკების მინიმიზაციას, რაც საბოლოოდ მის წარმატებას და განვითარებას განსაზღვრავს”.
პროექტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ბანკს, რომელიც კომპანიას როგორც ფინანსურად, ისე საკონსულტაციო მიმართულებით უჭერს მხარს.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები და მხარს გვიჭერენ როგორც ფინანსური, ისე საკონსულტაციო მიმართულებით. მათი გამოცდილება და რეკომენდაციები გვეხმარება როგორც ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში, ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში, რაც ხელს უწყობს ჩვენი საქმიანობის სტაბილურობასა და სწორ განვითარებას.“ – ამბობს თამარი.
სამომავლოდ, კომპანია როგორც ადგილობრივი ბაზრის პოზიციების გამყარებას, ისე ექსპორტის გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრების ეტაპობრივ ათვისებას გეგმავს.
„ჩვენი მიზანია ჩამოვყალიბდეთ როგორც ხარისხიანი პროდუქციის საიმედო და კონკურენტუნარიანი მწარმოებელი და ეტაპობრივად გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა საერთაშორისო მიმართულებით. ადგილობრივ ბაზარზე დაგროვილი გამოცდილება და სტაბილური მოსავლიანობა გვაძლევს საშუალებას, გავაფართოოთ რეალიზაციის არეალი და შევიდეთ საერთაშორისო ბაზრებზე“ – აღნიშნავს თამარ ბერულავა.
S









