ფოტო: Andrew Harnik/Getty Images
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Oracle-ის, აქციების ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე კომპანიის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა. Oracle-ის აქციების ღორებულებამ ორშაბათს, 1 ივნისს, 2026 წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს, 250 დოლარს მიაღწია, რის შედეგადაც ელისონის ქონებამ $300 მილიარდს გადააჭარბა.
Oracle-ის აქციების ფასი ერთ დღეში 10%-ზე მეტით გაიზარდა, რაც მაისის ბოლოს დაწყებული ძლიერი ზრდის გაგრძელებაა. ბოლო პერიოდში კომპანია ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლიდან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ გარდაიქმნა, რამაც ტექნოლოგიური გიგანტის მიმართ ინვესტორების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. Oracle-ი დღეს გამოთვლით რესურსებს ისეთ მსხვილ AI-კომპანიებს აწვდის, როგორიც OpenAI-ია.
კომპანიის აღზევება ნაწილობრივ აღდგენასაც უკავშირდება. გასული წლის ოქტომბრის პიკის შემდეგ Oracle-ის აქციების ფასი დაახლოებით 35%-ით იყო შემცირებული. ინვესტორების სიფრთხილეს იწვევდა კომპანიის $50-მილიარდიანი გეგმა AI-შესაძლებლობების გასაფართოებლად, მოსალოდნელზე სუსტი ფინანსური შედეგები და ცნობები OpenAI-სთვის განკუთვნილი მონაცემთა ცენტრების პროექტების დაფინანსებისა და ვადების შეფერხების შესახებ.
ბოლო დღეებში Oracle-ის მიმართ ოპტიმიზმი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც საინვესტიციო კომპანიებმა Wedbush-მა, Arete-მ და Oppenheimer-მა აქციების სამიზნე ფასები გაზარდეს. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ Oracle-ის გრძელვადიან კონტრაქტებზე და მის მზარდ როლზე ისეთი ტექნოლოგიური ლიდერების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაში, როგორებიც არიან OpenAI, Microsoft-ი, Nvidia და Meta.
Oracle-ის წარმატება უფრო ფართო ტექნოლოგიურ ტენდენციასაც ასახავს. პროგრამული უზრუნველყოფის სექტორის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ETF-მა, iShares Software ETF-მა, მაისში დაახლოებით 21%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ბოლო 25 წლის საუკეთესო თვიური შედეგია. ინვესტორების განწყობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც შემცირდა შიში, რომ AI ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებდა.
ლარი ელისონმა Oracle-ი 1977 წელს დააფუძნა და კომპანია მონაცემთა ბაზების მცირე მოთამაშიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტექნოლოგიურ ბიზნესად აქცია. დღეს მისი გავლენა ტექნოლოგიურ ინდუსტრიას სცდება. მისი ვაჟი, დევიდ ელისონი, ხელმძღვანელობს Skydance-ს, რომელიც Warner Bros. Discovery-ის დაახლოებით $110-მილიარდიან შესაძლო შეძენაზე მუშაობს. გარდა ამისა, Oracle-ი ფლობს TikTok-ის ამერიკული ბიზნესის დაახლოებით 15%-იან წილს.
აღსანიშნავია, რომ ელისონმა 2025 წლის სექტემბერში საკუთარი ქონება ერთ დღეში 100 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც ისტორიაში პირადი ქონების ყველაზე დიდი ერთდღიანი მატება იყო. იმ პერიოდში მისი ქონების ღირებულებამ 400 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბა.
მიუხედავად ოპტიმიზმისა, სკეპტიკოსები ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით, Oracle-ის ზრდა უზარმაზარ ხარჯებს ეფუძნება. კომპანიას 124 მილიარდ დოლარზე მეტი გრძელვადიანი ვალი აქვს, ხოლო მისი მომავალი წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა დაპირებული AI-მონაცემთა ცენტრების დროულად აშენებას და რამდენად სწრაფად გაიზრდებიან ისეთი კლიენტები, როგორიცაა OpenAI, რათა ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ეკონომიკურად გამართლებული გახდეს.











