ფოტო: Getty Images
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იმუშავებს, ფუნქციონირებას ოფიციალურად დღეიდან, 1 ივნისიდან შეუდგა. ხელისუფლება ინიციატივას საზოგადოებრივი სივრცის დაცვის მექანიზმად აფასებს, თუმცა უფლებადამცველები მას ცენზურისა და პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად მიიჩნევენ.
„სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნა ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა. როგორც შსს-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს“.
სამმართველოს უფლებამოსილებაშია სავარაუდო კანონდამრღვევი პირის გამოვლენა, ვინაობის დადგენა, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნა. ხოლო სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში განახორციელებენ.
18 მაისს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ ახალი სამმართველოს მთავარი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნებოდა და დაადასტურა, რომ აღნიშნული ითვალისწინებს ყველა ტიპის საჯარო კომუნიკაციას, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს.
მდინარაძის განცხადებითვე, სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულად და არა მხოლოდ მოქალაქის საჩივრის საფუძველზე. მისივე თქმით, კრიტიკის გამო მოქალაქეების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაიწყება, თუმცა გამოყენებული იქნება კონკრეტული ფრაზა – რომელიც „მთელ მსოფლიოში პრეცედენტულად გავრცელებული მოსაზრებით ითვლება შეურაცხყოფად“ – კონკრეტული ზომები იქნება მიღებული. მათ შორის, მდინარაძემ სასჯელის შესაძლო ზომად არც ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება გამორიცხა, თუმცა დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.
„სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. კობახიძის თქმით, სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის სწორი ზღვარი უნდა გაივლოს, სიძულვილის ენას კი, რომელსაც ხშირად ვხედავთ სოცმედიაშიც და მის მიღმაც, რეაგირება სჭირდება. „რაც იქნება დარღვევა, ის პროპორცია იქნება. რა პროპორციითაც დაარღვევენ მხარეები კანონმდებლობას, იმ პროპორციით უნდა დადგეს შედეგები“, – განაცხადა კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს „ცენზურის მექანიზმად“ აფასებენ უფლებადამცველები. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით დიდი ვალდებულება აქვთ, ვიდრე რიგით ფიზიკურ პირებს. პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს არა აქვთ პრივილეგია, ისარგებლონ გაძლიერებული დაცვით გამოხატული კრიტიკისგან. შესაბამისად, დაანონსებული მექანიზმი ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება, და, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“, – წერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ცნება „აგრესიული კომუნიკაცია“ იმდენად ბუნდოვანია, რომ „მისი გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერი კრიტიკული, მძაფრი, ირონიული ან ემოციური პოლიტიკური გამოხატვის წინააღმდეგ შეიძლება“. მიქელაძის განმარტებითვე, „დემოკრატიულ სისტემებში სიძულვილის ენის მონიტორინგს, როგორც წესი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს ანიჭებენ და არა საპოლიციო სტრუქტურებს, რადგან პოლიციის ჩართვა გამოხატვის სფეროში ყოველთვის აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკური კონტროლის რისკს“.
ცნობისთვის, საწყის ეტაპზე „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა 10 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, მის ხელმძღვანელად კი თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.
ქიმბარიშვილი შსს-ის იურისტია, რომელიც წარსულში, Facebook-პოსტებთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა. ქიმბარიშვილმა უჩივლა მოქალაქეს, რომელმაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილის მიერ ქიმბარიშვილი ფოტოს კომენტარებში, რომელშიც ჩხარტიშვილმა შსს-ის იურისტს „მონა-ჯალათი, სადისტი და პოტენციური მკვლელი“ უწოდა, ქიმბარიშვილი არაეთიკურად მოიხსენია. აღნიშნულის გამო, სასამართლომ მოქალაქე 2,500 ლარით დააჯარიმა.
როგორც ქიმბარიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, „სამმართველოს ფუნქცია სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს“.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაემატა ახალი, 173-ე 16 პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც „საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით“.
აღნიშნული მუხლის ამოქმედების შემდეგ, სასამართლომ არაერთი პირის, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მისამართით, ჯარიმა და პატიმრობა გამოიყენა.















