2017 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 153 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 2 მლნ დოლარით შემცირდა. ორივე ვალუტაში ერთად, პირველი ნოემბრის მდგომარეობით რეკორდული მაჩვენებელი 20.7 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული.
2017 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1% პუნქტით გაიზარდა და 21.4% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი ოქტომბერში განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა და 8.2% შეადგინა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.4 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 104 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 58.3%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 63.7% იყო.
ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 39 მლნ ლარით გაიზარდა და 454 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.2%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ ნოემბერს 2.3% იყო.