NBA-ში წარმატებული კარიერა, Nike-თან, Walmart-თან და სხვა ცნობილ ბრენდებთან გაფორმებული კონტრაქტები, Space Jam: A New Lagacy-ში შესრულებული ვარსკვლავური როლი – ეს ლებრონ ჯეიმსის ცხოვრების 36 წლიანი ისტორიაა, რომელმაც მიუხედავად არნახული შემოსავლისა კალათბურთელს მილიარდერის სტატუსი ვერ მოუპოვა.
თუმცა, ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ NBA-ის ვარსკვლავმა 18-წლიანი კარიერის განმავლობაში $1 მილიარდზე მეტის გამომუშავება ვერ შეძლო. მისი შემოსავლებიდან დაახლოებით $400 მილიონი სპორტსმენის ხელფასზე მოდის, $600 მილიონზე მეტი კი საკალათბურთო მოედნის გარეთ დაგროვებულ ქონებას უკავშირდება. Forbes-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ლებრონ ჯეიმსის წმინდა ქონება 580 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
Lakers-თან გაფორმებულმა კონტრაქტმა ლებრონ ჯეიმსი NBA-ის მეხუთე ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელად აქცია. ამის მიუხედავად, მისი შემოსავლების დიდი ნაწილი კლუბის ხელფასზე არ მოდის. მხოლოდ გასულ წელს, ლებრონმა ხელმოწერებით, სუვენირებითა და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობით $65 მილიონის გამომუშავება შეძლო, რაც NBA-ის მოქმედ კალათბურთელებს შორის რეკორდული მაჩვენებელია და კევინ დურანტის მიერ გამომუშავებულ თანხას $21 მილიონით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსის ყველაზე დიდი სპონსორი Nike-ია, რომელიც ყოველწლიურად კალათბურთელს 10 მილიონ აშშ დოლარს უხდის.
NBA-ის ვარსკვლავმა შეძლო და მიღებული შემოსავლები ძვირადღირებული უძრავი ქონებისა და მის საკუთრებაში არსებული ბიზნესის წყალობით ინვესტიციებად აქცია. ვარსკვლავური ძალაუფლების დიდ ფულში გარდაქმნის შესაძლებლობა კი 36 წლის ლეგენდარულ კალათბურთელს შანსს უტოვებს, 40 წლამდე, შესაბამისად 2024 წლამდე, მილიარდერის სტატუსი მოიპოვოს.
ახლა კი წარმოგიდგენთ, თუ როგორ ნაწილდება NBA-ის ვარსკვლავის ქონება და აქტივები:
The SpringHill Company: $300 მილიონი.
2020 წელს ლებრონ ჯეიმსმა, მის ბავშვობის მეგობართან და ახლა უკვე ბიზნეს-პარტნიორთან ერთად The SpringHill Company დააარსა. კომპანიის დასახელება, ოჰაიოში, ლებრონისა და დედამისის საცხოვრებელი აპარტამენტის სახელიდან მოდის. ორგანიზაცია სამ კომპანიას აერთიანებს. პირველი არის მარკეტინგული სააგენტო – Robot Company, რომლის კლიენტებს შორისაც არიან JPMorgan Chase, Dr. Dre-ის საკუთრებაში არსებული Beats და Sprite. მეორე კომპანია, რომელსაც ორგანიზაცია მოიცავს არის 2007 წელს დაარსებული SpringHill Entertainment, კალათბურთელის ვიდეო-პროდუქციის კომპანია, რომლის წარმოებულ პროდუქციაშიც ლებრონ ჯეიმსის სკოლის წლებზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი More Than A Game შედის.
The SpringHill Company-ში შემავალი მესამე კომპანია კი, Uninterrupted-ია, რომელიც სოციალური და ტრადიციული მედიის, პოდკასტებისა და პერსონალური ღონისძიებების წყალობით ათლეტებს მომხმარებლებთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებას აძლევს. ამასგარდა, კომპანიის საქმიანობა მოიცავს HBO-ს პლატფორმაზე გაშვებულ გადაცემა The Shop-ს და ფეხბურთელ მეგან რაპინოს მიერ შექმნილ ტანსაცმლის ხაზს.
ბოლო ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსის კომპანიის ღირებულება, ახალი ინვესტიციის წყალობით, რომელიც მომავალ 60-90 დღეში უნდა გაფორმდეს, $750 მილიონს მიაღწევს. კალათბურთელი კომპანიის ყველაზე დიდი მეწილეა და აქციების 50%-ს ფლობს.
უძრავი ქონება: $100 მილიონი.
კალათბურთელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამში $100 მილიონს უტოლდება. ლებრონ ჯეიმსის საკუთრებაშია $10 მილიონად შეფასებული სახლი ოჰაიოში და სამი ძვირადღირებული სახლი კალიფორნიაში. აქედან ორი ლოს-ანჯელესში, რომელიც კალათბურთელმა 2015 და 2017 წლებში $21 მილიონ და $23 მილიონად შეიძინა და გასულ წელს, ბევერლი ჰილსზე შეძენილი, $36.75 მილიონად შეფასებული უძრავი საკუთრება.
Fenway Sports Group: $70 მილიონი.
კალათბურთელი Fenway Sports Group-ის აქციონერია, რომელიც თავის მხრივ Liverpool-ის, Boston Red Sox-ის, Roush Fenway Racing-ის 50%-ისა და New England Sports Network-ის 80%-ის მფლობელია. გარდა ამისა, ლებრონმა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბის მცირე ნაწილი 2011 წელს, მის მარკეტინგულ კომპანია LRMR-სა და Fenway Sports Group-ს შორის პარტნიორობის დაწყების შემდეგ შეიძინა.
Blaze Pizza: $30 მილიონი.
2015 წელს, კალათბურთელმა McDonald’s-თან დადებულ 4-წლიანი, $15 მილიონად შეფასებული ხელშეკრულება დატოვა და სწრაფად მზარდ კომპანია Blaze Pizza-ს შეუერთდა. Blaze ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, როგორც კომპანიის, ასევე „ფრენდჩაიზის“ მაღაზიის 300-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს, კალათბურთელი კი, 18 „ფრენდჩაიზის“ მაღაზიაშიც ფლობს მცირე რაოდენობით აქტივებს.
ნაღდი ფული და სხვა ინვესტიციები: $350 მილიონი.
მაღალი გადასახადების მიუხედავად, Forbes-ის შეფასებით, SpringHill-ის, Blaze-ისა და Fenway Sports Group-ის გარდა, კალათბურთელი მინიმუმ $350 მილიონიან ქონებას ფლობს. ეს მოიცავს, როგორც ძვირადღირებული მანქანების კოლექციას, ასევე ფიტნეს კომპანია Beachbody-ის წილს და Beats-ის, რომლის მცირე წილსაც ლებრონი ფლობდა, Apple-ზე $3 მილიარდად მიყიდვიდან მიღებულ შემოსავალს.