Levada Center: რუსეთში პუტინის რეიტინგი უკანასკნელი ხუთი წლის მაქსიმუმზეა

Levada Center: რუსეთში პუტინის რეიტინგი უკანასკნელი ხუთი წლის მაქსიმუმზეა

2017 წლის სექტემბრის შემდგომ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე მაღალი შიდა რეიტინგი აქვს. მოსკოვში დაარსებულ დამოუკიდებელ ცენტრ Levada-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ლიდერის პოპულარობა მოსახლეობაში სწორედ მაშინ გაიზარდა, როდესაც პუტინს, საერთაშორისო მასშტაბით, უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებდნენ.

გამოკითხვა 24-დან 30 მარტის ჩათვლით ჩატარდა და ჯამში რუსეთის 1,632 ზრდასრული მოქალაქე  მოიცვა. Levada Center-ის კვლევით, რუსების 83% პუტინის, პრეზიდენტის რანგში საქმიანობას მხარს უჭერს, რაც იმავე ცენტრის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ შედეგებს 12%-ით აღემატება. გარდა ამისა, რუსების 69% (თებერვლის გამოკითხვასთან შედარებით 17%-ით მეტი) ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. Levada-ს წინა გამოკითხვა თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმიდან გამომდინარე, რომელიმე ორგანიზაციის დამოუკიდებლობაზე საუბარი რთულია, Levada-ს გამოკითხვა ერთ-ერთ საუკეთესო გზად რჩება რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესაფასებლად. FiveThirtyEight-ი, საზოგადოებრივი აზრის შემფასებელი ამერიკული ვებსაიტი,  Levada-ს „საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელ გამომკითხველს“ უწოდებს. გარდა ამისა, 2016 წლის ნაშრომში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტიმოთი ფრაიმ აღნიშნა, რომ პუტინის რეიტინგთან დაკავშირებული გამოკითხვები ზოგადად ასახავს კიდეც რუსი საზოგადოების აზრს.

New York Times-თან Levada-ს დირექტორმა, დენის ვოლკოვმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შედეგები რუსებს შორის პუტინის პოპულარობის ზრდის შესახებ რეალურია. ვოლკოვის დაკვირვებით, დასავლეთთან დაპირისპირებამ რუსეთის მოსახლეობა გააერთიანა. Levada-ს დირექტორის თქმით, ბევრი პუტინს „მცველად“ მიიჩნევს, რადგან სხვა შემთხვევაში მოწინააღმდეგეები მათ „ცოცხლად შეჭამდნენ“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.