„ლისი ტოპოგრაფი“: კერძო სახლების ახალი უბანი ლისის ტბის ნაპირთან | ინტერვიუ ნინო აბსანძესთან

„ლისი ტოპოგრაფი“: კერძო სახლების ახალი უბანი ლისის ტბის ნაპირთან | ინტერვიუ ნინო აბსანძესთან

ბილისში, ლისის ტბის ნაპირთან გადაშლილ 41.8 ჰექტარზე დედაქალაქისთვის უნიკალური კონცეფციის დასახლება შენდება. პროექტის მთავარი მახასიათებლები დაბალი განაშენიანება, ფართო ქუჩები, გამწვანება, ურბანული ინფრასტრუქტურა და ლისის ტბასთან სიახლოვეა. Forbes Georgia „ლისი ტოპოგრაფის“ პროექტის განვითარების კონსულტანტს, ნინო აბსანძეს პროექტის დეტალებზე, პირობებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

ნინო, ვიცით, რომ „ლისი ტოპოგრაფის“ სახით ლისის ტბასთან ახალი უბანი შენდება, როგორია ამ პროექტის ბიზნესმოდელი?

„ლისი ტოპოგრაფი“ ახალი, დასავლური ტიპის უბანია, სადაც კერძო დასახლება ვითარდება. სწორედ ამ მიმართულებით ვხედავთ ქალაქის ურბანულ განვითარებას. ესაა ჩვენი ბიზნესმოდელიც, რომ შევქმნათ მცირე დასახლება ქალაქთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დედაქალაქთან ახლოს მდებარე სივრცეების ისე განაშენიანება, რომ პოსტკოვიდურ სამყაროში მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ადამიანების საჭიროება და მზარდი ინტერესი, იცხოვრონ დაცულ, ჯანსაღ და მშვიდ გარემოში.

ჯერ იყო ახალი უბნის შექმნის იდეა თუ ჯერ აღმოაჩინეთ ადგილი, სადაც დაინახეთ ახალი კონცეფციის უბანი?

ნებისმიერი დეველოპერული პროექტი იწყება ადგილით. „ლისი ტოპოგრაფის“ შემთხვევაშიც ჯერ იყო ადგილი და შემდეგ გაჩნდა იდეა და დაიწყო კონცეფციაზე მუშაობა. ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს ტერიტორიის რეკრეაციული ბუნების შენარჩუნებასა და სივრცის ჰარმონიულ განვითარებას, შედეგად კი მივიღეთ გარემოსთან სრულად ინტეგრირებული უბანი, რომლის განაშენიანება იდეალურად ერწყმის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს და ჰარმონიულად ინტეგრირდება მთებით და ტბით შემოსაზღვრულ სივრცეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლისი ტოპოგრაფი“ არის პროექტი, რომელიც ძალიან მალე გახდება ყველაზე სასურველი საცხოვრებელი ადგილი თბილისში.

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი დასახლება აშენდა და შენდება თბილისის შემოგარენში. რით იქნება გამორჩეული „ლისი ტოპოგრაფი“?

ცხოვრობდე „ლისი ტოპოგრაფში“, ნიშნავს ცხოვრობდე ქალაქის გულში – ადგილზე, რომელიც ამავდროულად ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით გამოირჩევა: იქვეა ლისის ტბა, რეკრეაციული ზონები, სკოლები, სამომხმარებლო ობიექტები, საიდანაც 15 წუთშია შესაძლებელი ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებში მოხვედრა.

უბანი არ იქნება მჭიდროდ დასახლებული, ისე როგორც მიმდებარე ტერიტორიებზეა. აქ მხოლოდ 244 მიწის ნაკვეთია, რომელთა მინიმალური ფართობი 1000 კვ/მ-დან იწყება. „ლისი ტოპოგრაფს“ გამოარჩევს საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტში გზები 14 მეტრი სიგანისაა და მოიცავს ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ ორ ზოლს, დამატებით ზოლს მანქანების პარკირებისთვის, საკმაოდ განიერ ორ საფეხმავლო ბილიკს გამწვანებით და 5 კმ სიგრძის ველობილიკს.

ტერიტორია 4 სექტორს მოიცავს, რომელთა განვითარება ეტაპობრივად არის დაგეგმილი. ყველაზე ადრე, 18 თვეში, მომავალ მობინადრეს სრულყოფილად გამართული დახვდება B სექტორი, სადაც ნაკვეთამდე მიყვანილი იქნება ცენტრალური კომუნიკაციები (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, წყალარინება, ინტერნეტი), მოწესრიგებული ღობეების სისტემა, 14მ სიგანის მოპირკეთებული და განათებული გზები, ხუთი გამწვანებული პარკი, სპორტული მოედნები (ჩოგბურთის, საფეხბურთო და საკალათბურთო), ბავშვთა გასართობი სივრცეები და უბნის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტები, 5კმ სიგრძის ველობილიკი, დაცვა 24/7.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მომავალმა მობინადრემ „ლისი ტოპოგრაფში“ ნაკვეთის შეძენისას?

ბოლო პერიოდში მიწის ნაკვეთებზე ფასის ზრდის ტენდენცია საკმაოდ გამოკვეთილია, ამიტომ ადამიანები მიწას ხშირად ყიდულობენ საინვესტიციოდ, შემდგომში გაყიდვის მიზნით. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უბანმა მალე მიიღოს დასრულებული იერსახე, ნაკვეთის შეძენისას მყიდველი იღებს ვალდებულებას, შეთანხმებულ ვადაში დაასრულოს სახლის მშენებლობა.

უბნის ერთიანი არქიტექტურული სტილის შენარჩუნების მიზნით, მყიდველი სახლის არქიტექტურული პროექტის იერსახეს ასევე ათანხმებს „ლისი ტოპოგრაფთან“, თუმცა მას ასევე შეუძლია, შეარჩიოს სასურველი პროექტი ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტების პორტფოლიოდან.

რას ითვალისწინებს თქვენი განაშენიანების გეგმა?

პროექტში ყველა ძირითად პარამეტრს განაშენიანების რეგულირების გეგმა განსაზღვრავს, იქნება ეს მიწის გამოყენების პირობები, ღობის მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება თუ ქუჩების სიგანე. ეს, ერთი მხრივ, არის შეზღუდვა, თუმცა, მეორე მხრივ, ეს შეზღუდვა ქმნის პროექტის და აქ ცხოვრების დიდ უპირატესობას.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს „ლისი ტოპოგრაფის“ მთავარი გამოწვევა?

პროექტის მთავარი გამოწვევაც და საზრუნავიც ტერიტორიის რეკრეაციული ბუნების შენარჩუნება და ლისის ტბის მოვლაა.

„ლისი ტოპოგრაფმა“ პროექტის განვითარების პარალელურად ლისის ტბაზეც დაიწყო ზრუნვა. ჩვენ ტერიტორიის გასწვრივ მდებარე არხი ნაგვისგან გავწმინდეთ. სწორედ ეს არხი აღადგენს ზედაპირებზე წარმოქმნილი ნალექის შეკრებას და ხელს შეუწყობს ლისის ტბისთვის დამატებითი წყლის მიწოდებას. არხის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მის გასწვრივ უკვე დაირგო 400-მდე წიწვოვანი ხე. „ლისი ტოპოგრაფის“ ტერიტორიაზე პროექტის დასრულებამდე იგეგმება კიდევ 10,000-მდე ხის დარგვა.

ლისის ტბაზე ზრუნვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენს მობინადრეებს სწორედ ლისის ტბის ეკოსისტემაში ცხოვრებას ვთავაზობთ. სხვა რისკებს ამ პროექტში ვერ ვხედავ.

„ლისი ტოპოგრაფის“ მიერ პოტენციური მცხოვრებლებისთვის დაწესებული პირობები და მოთხოვნები არ შეიძლება იყოს რისკი?

ჩვენ მიერ დაწესებული პირობები: სახლების გარკვეულ ვადაში დასრულება და სახლის იერსახის შეთანხმება კომპანიასთან ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს. როდესაც ადამიანი ყიდულობს მიწის ნაკვეთს „ლისი ტოპოგრაფში“, მან დაზუსტებით იცის, რომ უბანი შეთანხმებულ ვადაში მიიღებს დასრულებულ იერსახეს, ხოლო არქიტექტურულად აქ ერთიანი კონცეფციიდან მკვეთრად ამოვარდნილი ობიექტები არ იქნება.

გაყიდვები ივნისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, არსებულმა ინტერესმა ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბა. ვფიქრობთ, ეს სწორედ პროექტის კონცეფციამ და მაღალმა სტანდარტებმა განაპირობა. ვთვლით, რომ ამ პროექტის ანალოგი დღეს ქალაქში არ არსებობს. პანდემიის პერიოდში, როგორც აღვნიშნე, მკვეთრად გაიზარდა კერძო საცხოვრებელ გარემოზე მოთხოვნა. რასაკვირველია, ყველაზე უფრო კომფორტულია, ასეთი ადგილი ნახო ქალაქთან რაც შეიძლება ახლოს. „ლისი ტოპოგრაფში“ კი ყველაფერია იმისთვის რომ იცხოვროთ ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით ქალაქში.

თქვენი შეფასებით, როგორი უნდა იყოს თბილისის ურბანული განვითარება?

ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთი მხრივ, სარეკრეაციო სივრცეების გაზრდა ქალაქის შიგნით, გარკვეული არეალების თავიდან გადააზრება და მეტი პარკისა და სკვერის არსებობა ქალაქში.

მეორე მხრივ, ქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი სივრცეების ათვისება, რათა მოხდეს ქალაქის საცხოვრებელი არეალის გაფართოება. ამის შესაძლებლობას გაზრდის განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციების ქსელის გაფართოება. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაოები უკვე ხორციელდება, თუნდაც ჩვენი პროექტის არეალში. თუმცა ქალაქთან ახლოს ბევრი საინტერესო ტერიტორიაა, რომელთა პოტენციალის გამოვლენას საგზაო ინფრასტრუქტურა ესაჭიროება.

ბიზნესი, რომელიც ახალი პროექტის განვითარებისას საკუთარი თავის გარდა მომხმარებლისა და ქალაქის ინტერესებსაც თანაბრად ითვალისწინებს, აუცილებლად უზრუნველყოფს წარმატებულ პროექტს. ვფიქრობ, სწორედ ასეთია „ლისი ტოპოგრაფიც“.

 

მთავარი ფოტო: ნიკა ფანიაშვილი