Lockheed-მა Aerojet-თან შერწყმის $4.4 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულება გააუქმა

Lockheed-მა Aerojet-თან შერწყმის $4.4 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულება გააუქმა

ამერიკულმა კორპორაცია Lockheed Martin-მა ახლახან განაცხადა, რომ აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამსახურის წინააღმდეგობის გამო, ის სარაკეტო ძრავების მწარმოებელ კომპანია Aerojet Rocketdyne Holdings Inc-თან $4.4 მილიარდი ღირებულების შეთანხმებას ბათილად აცხადებს.

იანვრის ბოლოს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Lockheed-ის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მათი აზრით, აღნიშნული შეთანხმება Lockheed-ის ძალაუფლებას იარაღის მწარმოებელთა ბაზარზე ძალიან გაზრდიდა. აღსანიშნავია, რომ ამ შესყიდვის აშკარა წინააღმდეგი რაკეტების მწარმოებელი კომპანია Raytheon Technologies-ი იყო.

შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის ბოლოს გამოცხადდა და საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. ეს შერწყმა Lockheed-ს აშშ-ის სარაკეტო ინდუსტრიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილზე, მყარი საწვავის სარაკეტო ძრავებზე, დომინანტურ პოზიციას შეუქმნიდა.

Lockheed-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმს ტაიკლეტის განცხადებით, შესყიდვა ეფექტიანობას გაზრდიდა და შეამცირებდა ხარჯებს აშშ-ის მთვარობისათვის, მაგრამ შეთანხმების ჩაშლა საქმეში ჩართული  მხარეების ინტერესშია. როგორც კორპორაციის სპიკერმა განაცხადა, Lockheed-ი არ აპირებს Aerojet-ისთვის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კომპესაციის გადახდას.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების კრიტიკოსებს შორის იყო აშშ-ის დემოკრატი სენატორი ელიზაბეტ უორენი, რომელმაც ფედერალურ სავაჭრო კომისიას (FTC) გარიგების დეტალების შესწავლა სთხოვა.