რამდენად „მწვანეები“ არიან პრემიერ-ლიგის კლუბები?

რამდენად „მწვანეები“ არიან პრემიერ-ლიგის კლუბები?

2019 წლიდან BBC Sport-ი გაეროს მიერ მხარდაჭერილ Sport Positive Summit-თან თანამშრომლობს, რათა პრემიერ-ლიგაში მოთამაშე 20 კლუბის მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობა შეაფასოს და ამის მიხედვით ყოველწლიური რეიტინგი შემოგვთავაზოს. კლუბებს სთხოვენ, წარმოადგინონ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევათა მტკიცებულებები 11 კატეგორიაში.

აღნიშნული კატეგორიებია: პოლიტიკა და ვალდებულებები, სუფთა ენერგია, ენერგოეფექტიანობა, მდგრადი ტრანსპორტი, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირება ან ხმარებიდან ამოღება, ნარჩენების მართვა, წყლის გონივრულად ხარჯვა, მცენარეული ან ნახშირბადის დაბალი შემცველობის საკვები, ბიომრავალფეროვნება, განათლება, დაბოლოს, კომუნიკაციები და ჩართულობა.

თითოეულ კატეგორიაში მაქსიმუმ ორი ქულის მიღებაა შესაძლებელი, ასევე ბონუსის სახით, დამატებით – ორი ქულის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბებს საერთო ჯამში მაქსიმუმ 24 ქულის აღება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ სპორტის როლზე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ყურადღება გლაზგოში გამართულ სამიტზე, COP26-ზეც გაამახვილეს. ღონისძიებაზე გააკრიტიკეს „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც საშინაო მატჩების დროსაც კი გადასაადგილებლად თვითმფრინავს იყენებს. ამის მიუხედავად, კლუბი BBC Sport-ის 2021 წლის რეიტინგში „არსენალთან“ ერთად მესამე პოზიციას იყოფს. აღსანიშნავია, რომ ლონდონური კლუბი საკუთარ გულშემატკივრებს მწვანე ენერგიის მიმწოდებლის საშუალებით განახლებადი ენერგიის სპეციალურ ტარიფს სთავაზობს.

BBC Sport-ის 2021 წლის „მწვანე ლიგაში“ ლიდერის პოზიციას „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ ინაწილებენ. ორივე კლუბს 23-23 ქულა აქვს. ცნობისთვის, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ფეხბურთელები ბიოსაწვავზე მომუშავე ავტობუსებს იყენებენ, რაც გუნდის მოგზაურობისას გამონაბოლქვს 80%-ით ამცირებს. „ლივერპული“ კი, ზოგიერთი სხვა კლუბის მსგავსად, სამომავლოდ მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებას და დეკარბონიზაციას გეგმავს, რაც გამონაბოლქვს ასევე 80%-ით შეამცირებს.

2021 წლის „მწვანე ლიგაში“ მესამე ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ და „საუთჰემპტონი“ არიან. ისინი პოზიციას 21-21 ქულით იყოფენ. საერთო ჯამში, პრემიერ-ლიგის 20 კლუბზე ქულები შემდეგნაირად განაწილდა:

  1. ლივერპული – 23 ქულა
  2. ტოტენჰემი – 23 ქულა
  3. მანჩესტერ სიტი – 21 ქულა
  4. საუთჰემპტონი – 21 ქულა
  5. არსენალი – 19 ქულა
  6. მანჩესტერ იუნაიტედი – 19 ქულა
  7. ბრაიტონი – 18.5 ქულა
  8. ნორვიჩი – 18.5 ქულა
  9. ევერტონი – 16 ქულა
  10. ჩელსი – 14.5 ქულა
  11. ლესტერი – 14.5 ქულა
  12. ბრენტფორდი – 13.5 ქულა
  13. ასტონ ვილა – 13.5 ქულა
  14. ბარნლი – 12 ქულა
  15. ვესტ ჰემი – 11.5 ქულა
  16. კრისტალ პალასი – 11.5 ქულა
  17. უოტფორდი – 11.5 ქულა
  18. ვულვერჰემპტონი – 10.5 ქულა
  19. ლიდსი – 10.5 ქულა
  20. ნიუკასლი – 10 ქულა

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-ლიგის ოთხმა კლუბმა, მათ შორის „ტოტენჰემმა“, „ლივერპულმა“, „საუთჰემპტონმა“ და „არსენალმა“ 2030 წლისთვის მავნე აირების გამონაბოლქვის 50%-მდე შემცირების პირობა დადეს. ისინი ნულოვანი ემისიის მიღწევას 2040 წლისთვის გეგმავენ. უნდა ითქვას, რომ „მანჩესტერ სიტის“ უფრო ამბიციური გეგმა აქვს. ის მავნე აირების ემისიის მთლიანად შეწყვეტას 2030 წლისთვის ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *