Lockheed-მა და პენტაგონმა 850 ერთეული F-35-ის ტიპის გამანადგურებლის წარმოებაზე წინასწარი შეთანხმება გააფორმეს

Lockheed-მა და პენტაგონმა 850 ერთეული F-35-ის ტიპის გამანადგურებლის წარმოებაზე წინასწარი შეთანხმება გააფორმეს

ფოტო: Alexander Cook/Handout via REUTERS

ამერიკულმა კომპანია Lockheed Martin-მა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 850 ერთეული F-35 Lightning II-ის ტიპის გამანადგურებლის წარმოებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ საწყის შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მხარეებმა დღეს, 22 ოქტომბერს, განაცხადეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, Lockheed Martin-ი F-35-ის პროგრამის მხარდამჭერ ინიციატივებში, სულ მცირე, 7 მილიარდი დოლარის საკუთარ სახსრებს ჩადებს.

F-35 მოწინააღმდეგის რადარებისთვის ნაკლებად შესამჩნევი, ე.წ. სტელს-ტექნოლოგიით აღჭურვილი გამანადგურებელია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საბრძოლო თვითმფრინავად მიიჩნევა. მისი წარმოება Lockheed Martin-ის საავიაციო მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც კომპანიის კვარტალური შემოსავლის თითქმის 40% მოდის.

შეთანხმების ფარგლებში კომპანია მიზნად ისახავს, წარმოების წლიური მაჩვენებელი 156 თვითმფრინავის დონეზე შეინარჩუნოს. შეთანხმება საბოლოო შეკვეთას არ წარმოადგენს, თუმცა გრძელვადიან, წინასწარ დაგეგმილ კონტრაქტად მიიჩნევა.

Lockheed Martin-ის განცხადებით, თუ მომდევნო თვეებში მრავალწლიანი კონტრაქტების გაფორმების უფლებას მიიღებენ, F-35-ის ერთობლივი პროგრამის ოფისი და კომპანია საბოლოო ხელშეკრულების პირობებზე, ფასებსა და წარმოების გრაფიკზე დაიწყებენ მუშაობას.

შეთანხმება მოიცავს F-35-ის საერთაშორისო შეკვეთებსაც, ასევე სათადარიგო ნაწილებისა და მოდიფიკაციის კომპლექტების თავდაპირველ მიწოდებას.

კომპანიის შეფასებით, შეთანხმება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ში 317 000 სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს და ყოველწლიურად თითქმის 79 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ აქტივობას უზრუნველყოფს. Lockheed Martin-ი ასევე ელის, რომ შეთანხმება წარმოების ხარჯებს შეამცირებს და მიწოდების ჯაჭვში არსებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, ნედლეულის მიწოდებიდან მზა ნაწილების წარმოებამდე.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი