ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ყაზახურმა ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-მა თურქული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ს შესყიდვის პროცედურა დაასრულა. ამის შესახებ ყაზახური Forbes-ი კომპანიის მიერ AIX-ის ვებგვერდზე 29 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გარიგების წარმატებით დასრულებით, Kaspi.kz-ი Hepsiburada-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. კომპანიამ თურქული ელექტრონული კომერციის პლატფორმის 65.41%-იანი წილი $1.127 მილიარდად შეისყიდა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გადახდა ორ ტრანშად განხორციელდება: $600 მილიონი შესყიდვის დახურვისთანავე და დარჩენილი $526.9 მილიონი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.
ცნობისთვის, თურქეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ Kaspi.kz-ის მიერ Hepsiburada-ს შეძენას მწვანე შუქი 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აუნთო.
Kaspi.kz-ის მიერ თურქეთში ინვესტირებაზე განცხადება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ლომთაძემ ჯერ კიდევ ოქტომბერში, გარიგების წარმატებით დახურვამდე გაავრცელა. მისი თქმით, „100-მილიონიან ბაზარზე შესვლა Kaspi.kz-ისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენდა“. ლომთაძის განცხადებით, ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ ბრენდსა და საოპერაციო სტრუქტურას ორივე კომპანია დამოუკიდებლად შეინარჩუნებს.
„ჩვენი მიზანი Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანება და თურქეთსა და ყაზახეთში მოწინავე ელექტრონული კომერციისა და ციფრული სერვისების შეთავაზება იქნება“, – აღნიშნა მაშინ მიხეილ ლომთაძემ.