Made in Georgia ევროპაში

Made in Georgia ევროპაში

კომპანია Georgian Products-ის მიერ წარმოებული შინაური ცხოველების ავეჯი და აქსესუარები თითქმის შვიდი წელია, ევროპის ბაზარზე იყიდება. ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა, როგორც ჩანს, მაღალია, ვინაიდან ყოველწლიურად კომპანიის გაყიდვები მზარდია. Georgian Products-მა, რომელიც 650 ადამიანს ასაქმებს,  საქართველოსთვის ახალ ინდუსტრიაში უკვე $6 მლნ-მდე ინვესტიცია ჩადო. Forbes Georgia-მ კომპანიის დამფუძნებელი, დავით ბარდაველიძე ჩაწერა, რომლისთვისაც ეს ბიზნესი დიდ პასუხისმგებლობებს უკავშირდება. ამ ინტერვიუდან წარმატებული ბიზნესის, ევროპაში ქართული პროდუქციის პოტენციალისა და კომპანიის გეგმების შესახებ შეიტყობთ.

ბატონო დავით, როგორ დაიბადა იდეა – დაგეწყოთ ცხოველების ავეჯის წარმოება?

ჩვენი კომპანიის დაარსება ევროპასთან გაფორმებულ DCFTA-სთანაა დაკავშირებული, რომელიც, როგორც იცით, ქართული პროდუქტის ევროპის ბაზარზე საბაჟო შეღავათებით მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა. მაშინ, 2014 წელს, ამ შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორ კომპანია „ZOO+”-ს მივაწოდეთ, რომელიც ევროპის ბაზრის 12%-ს მოიცავს და ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. ამას მოჰყვა მათი მხრიდან ინიციატივა, რომ დაგვეწყო ასეთი პროდუქტის წარმოება. შინაური ცხოველების ავეჯი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ევროპაში ასე მასშტაბურად არ იწარმოება. შესაბამისად, ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია იქ, რომელიც ამ ინდუსტრიაში ასეთ მასშტაბებზე გადის.

ზოგადად, ევროკავშირში ცხოველების ავეჯის იმპორტი ე.წ.  მესამე ქვეყნებიდან ხორციელდება, რომლებთანაც საბაჟო გადასახადები მოქმედებს. ჩვენ კი თბილისში საწარმოო ფართი გვქონდა და მას შემდეგ, რაც შემოგვთავაზეს იდეა, რომ ასეთი რაოდენობის და თან ხარისხის პროდუქცია გვეწარმოებინა, მალევე დავიწყეთ მასზე მუშაობა და 2015 წლის მარტში უკვე შევქმენით ახალი პროდუქტი, რამაც გაამართლა. მალე დაფუძნებიდან 7 წლისთავი გვაქვს და გვიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბაზარი საკმაოდ დიდი და თან პრეტენზიულია.

ევროპის ბაზრის ათვისების შემდეგ ამერიკის ბაზარზეც შეხვედით…

დიახ, რადგან ევროპის ბაზარი დიდია, ჩვენ მასზე ვკონცენტრირდებით. თუმცა პანდემიის კრიზისმა ზოგადად, მთელ მსოფლიოში, ლოგისტიკური პრობლემები შექმნა მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, რის შემდეგაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ამერიკელებმაც გამოთქვეს. ჩვენ გვაქვს ის ხარისხი და წარმადობა, რომ დიდი კლიენტების რაოდენობრივად დაკმაყოფილება შევძლოთ, ამიტომ იქაც გადავდგით პირველი ნაბიჯები,  თუმცა ჩვენი სტრატეგიული ბაზარი მაინც ევროკავშირია. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ძალიან საიმედო კლიენტი გვყავს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ევროპისთვის ძალიან კარგი საწარმოო ლოკაციაა საქართველო. ეს ეხება ლოგისტიკასაც, ვინაიდან საქართველოდან მიწოდების სხვადასხვა ალტერნატიული გზა არსებობს – როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო. ეს კი უნიკალურ მდგომარეობაში გვაყენებს კონკრეტულად ევროპასთან, სწორედ ამის გამოყენებას ვცდილობთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი შევიმუშავეთ. კერძოდ, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კომპანიასთან ერთად, რომელიც ბაზარს ფლობს, პროდუქციის განვითარებას ვგეგმავთ იმის მიხედვით, თუ რა უნდა საბოლოო მომხმარებელს. ეს არის გრძელვადიანი დაგეგმვა საბოლოო მომხმარებლის ბედნიერებისთვის როგორც ფასის, ასევე ხარისხის კუთხით. ჩვენ მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით ვქმნით პროდუქტს. ამ მოდელმა გაამართლა. ფაქტობრივად, ყოველწლიურად როგორც ასორტიმენტში, ასევე ბრუნვის თვალსაზრისით დიდი ზრდა დაფიქსირდა. ყველა კომპანიისთვის დაფუძნებიდან პირველი სამი წელი დიდი გამოწვევაა – გადარჩება თუ არა, ბაზარი მიიღებს თუ არა. ჩვენთვის პირველი სამი წელი ძალიან წარმატებული იყო.

თქვენი წარმოების 100% გადის ექსპორტზე. ადგილობრივ ბაზარზე არ გიფიქრიათ?

რადგან თავიდანვე ევროპაში ექსპორტისთვის დავფუძნდით, ადგილობრივ და სხვა ბაზრებზე ვერ  ვკონცენტრირდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორი. რა ბაზარზეც გამოგვიჩნდება ძლიერი პარტნიორი, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ეხება შიდა ბაზარსაც. ჩვენ არ ვართ ქსელის პატრონი, ჩვენ ვართ მწარმოებელი. მწარმოებელს კი სჭირდება გაყიდვების ძლიერი ქსელი. იმ ბაზრებზე, სადაც ჯერ არ შევსულვართ, სწორედ ასეთი პარტნიორი ჯერ არ გვყავს. დიდ დროს არც ვკარგავთ ძებნაზე, ვინაიდან ზრდა სულ გვაქვს და ვცდილობთ, ის ბაზრები დავაკმაყოფილოთ, სადაც ვართ. თუმცა ერთ დღეს, იმედია, რომ Georgian Products-ი მთელ მსოფლიოს მოიცავს.

2020 წელს თქვენ 97%-იანი ზრდა განიცადეთ 2019 წელთან შედარებით. რამ განაპირობა ასეთი ზრდა? პანდემიის დროს ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებდნენ სახლში და გადაწყვიტეს შინაური ცხოველები ჰყოლოდათ?

ცნობილია, რომ პანდემიის პერიოდში ევროპაში უამრავმა ოჯახმა მართლაც შეიძინა შინაური ცხოველი. ასევე, ჩვენი პარტნიორი კომპანია 100%-ით ონლაინგაყიდვებზე მუშაობს, რაც ასევე გაიზარდა პანდემიის დროს. ამ ზრდამ კი ჩვენი ზრდაც განაპირობა. ერთ-ერთი განმაპირობებელი ისიც იყო, რომ ბევრი კომპანია გაჩერდა და ვერ შეძლო ევროპის ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდება, რამაც ჩვენზე მოთხოვნა გაზარდა. ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც მიწოდება შეგვიწყვეტია. ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია ასეთი ზრდა, რასაც არ ველოდით. ზოგადად, ჩვენ არ გვიხარია ასეთი ზრდა, ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა, ამას ჩვენი თანამშრომლები გაუმკლავდნენ. ჩვენ გვირჩევნია, ვიზრდებოდეთ 25-30%-ით და მთელ მსოფლიოში იყოს ჯანმრთელობა.

თქვენ დაახლოებით ერთ წელია, ევროპაში ცხოველების საკვებიც გაგაქვთ. ამ კუთხით ევროკავშირში დიდი კონკურენციაა. როგორ ახერხებთ თავის დამკვიდრებას?

კონკურენცია მეტწილად არის დაბალი და საშუალო ხარისხის პროდუქტებში. ჩვენ კი პრემიუმ-ხარისხის პროდუქციას ვაწარმოებთ. ამ კატეგორიაში არ შედიან ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიცაა „ნესტლე“, „პედიგრი“ და ა.შ. თუმცა  სირთულეები მაინც გვაქვს. ქართულ ნედლეულს ჩვენ ვერ ვიყენებთ, ეს არ დაუშვეს. საქართველო აირჩიეს მხოლოდ ამ ნედლეულის გადამუშავების ადგილად. ნედლეულს კი იმ ქვეყნებში ვყიდულობთ, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული. შემდეგ აქ ვაწარმოებთ და ევროპაში გაგვაქვს.

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში EU- საქართველოს მთლიან ექსპორტში 23%-იანი წილი დაიკავა და $276 მილიონი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-იანი ზრდაც დაფიქსირდა. თუმცა ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ DCFTA-ს სიკეთეებს კარგად მაინც ვერ ვითვისებთ.  როგორ ფიქრობთ, რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ქართველმა მწარმოებელმა, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ეს მაჩვენებლები?

ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტში ზრდა რომ გვაქვს, ეს კარგია, თუმცა რაღაც დრო გვჭირდება ალბათ. ცალკეული მიმართულებებით ევროპას ძალიან მკაცრი რეგულაციები აქვს. ბევრ სფეროში ბიუროკრატიაა. მაგალითად, ამერიკაში დავრეგისტრირდით ორ თვეში, ევროპაში კი ორ წელიწადში. ძალიან რთულია, რომ კომპანიებმა ეს ფინანსურად გადაიტანონ. ასე რომ, მხოლოდ ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში, რადგან პოლიტიკური ნებაა, რომ ჩვენ ევროპის ბაზარზე გავიდეთ, უფრო მეტი ხელშეწყობაა. თუმცა არის მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც ობიექტურ ბარიერებს ქმნის. მეორე მხრივ, მაგალითად, საქართველოში ძალიან რთულია სამშენებლო ნებართვის მიღება. ეს მეც შემემთხვა. როგორ შეიძლება, რომ მშენებლობა უსწრებდეს საჭირო დოკუმენტების მიღებას. ეს უნდა გამოასწორონ, ვინაიდან ბაზარი არ იცდის. როდესაც მოთხოვნაა, სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ჩვენგან თუ არის სწრაფი რეაგირება, სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს. სხვა ბარიერები საქართველოში მე პირადად არ შემქმნია.

ევროკავშირში ექსპორტს რომ დავუბრუნდეთ, მთავარია, რომ ტენდენცია არის მზარდი. მნიშვნელოვანია, რომ იქაური ბაზრისთვის ქართული პროდუქტი – Made in Georgia მისაღებია. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი შევა და, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას ამის პერსპექტივა აქვს. ჩვენს შემთხვევაში, ეს ინდუსტრია  საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ შევქმენით. იმედია, რომ ასეთი მაგალითებიც ბევრი იქნება.

თქვენი აზრით, რა ნაწილში სჭირდება ქართულ კომპანიებს ევროპის ბაზარზე მოსახვედრად დახმარება?

მათ უნდა ითანამშრომლონ ევროპაში უკვე არსებულ კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ ბაზარს და იციან, თუ რა პროდუქტია მოთხოვნადი როგორც ხარისხით, ასევე დიზაინით. უცხო ბაზრებზე მარკეტინგი კიდევ უფრო რთულია  და  დიდ ინვესტიციებსაც მოითხოვს.. ცოდნაა საჭირო, როგორ შეხვიდე ქსელში და როგორ მიიტანო პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე. ურთიერთთანამშრომლობით კი ჩვენთან ნაწარმოები პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრირება უფრო სწრაფად მოხდება. ასეთი ერთობლივი პროექტები ყველაზე სწრაფად ვითარდება და იზრდება. ევროპასთან საქართველო უფრო ახლოსაა, ვიდრე აზიის ქვეყნები, ერთობლივი პროექტები კი გამოიწვევს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ინდონეზიაში აწარმოებს რაღაცას, გადაწყვეტს, რომ საქართველოში შეუკვეთოს მეწარმეებს.

შინაური ცხოველების ავეჯის წარმოების ინდუსტრიაში პირველად თქვენ შემოგყავთ რობოტები, რომლებიც საწარმოო პროცესში დაგეხმარებათ. რას გააკეთებენ ისინი და რატომ დადგა ეს საჭიროება?

დიახ, პანდემიის გამო ცოტათი დაგვიანდა მათი ჩამოტანა, თუმცა ორ კვირაში უკვე უნდა ჩამოიტანონ და დაამონტაჟონ. საუბარია ინოვაციური გერმანული კომპანია KUKA-ს რობოტებზე. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მთელი გერმანიის მანქანათმშენებლობა ამ კომპანიის რობოტებით არის ეკიპირებული. KUKA-ს ახალი ტექნოლოგია ცხოველების ავეჯის ინდუსტრიაში არა მხოლოდ საქართველოში და ჩვენს რეგიონში შემოდის პირველად, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს რობოტები ჩვენთვის შეიქმნა. თავდაპირველად ექვსი ცალი რობოტი იქნება. რატომ გადავწყვიტეთ? ჩვენ შესაბამისი მანქანა-დანადგარი ვერსად ვერ მოვიპოვეთ, მხოლოდ კუსტარულად დამზადებული არსებობდა, რაც პრობლემას ქმნიდა წარმადობის თვალსაზრისით. ამიტომაც ამ კომპანიას ვთხოვეთ, რომ შეექმნა ჩვენთვის ასეთი რობოტი. ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ ამ მიმართულებას, რაც ტექნოლოგიების ქვეყანაში შემოტანას და ახალგაზრდების დაინტერესებას შეუწყობს ხელს. ყოველი ახალი ნაბიჯი მეორე ნაბიჯს იწვევს. KUKA-სგან უკვე არის ინტერესი, რომ შექმნას საქართველოში სკოლა, რაც კარგია. ახლა კეთდება ანალიზი და მოკვლევა, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ მათ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებთან, ან ჩვენს ბაზაზე დაარსდეს სასწავლებელი, რომელიც ამ მაღალ ტექნოლოგებს სხვადასხვა სფეროში დანერგავს. ჩვენ მოხარული ვართ ამ ამბით. როგორც ყველა პასუხისმგებლობიანი ბიზნესი საზოგადოდ უყურებს განვითარებას.

თქვენს გეგმებში საწარმოო ტერიტორიის  გაფართოებაც შედის, რა ეტაპზე ხართ ახლა?

დამატებით 2500 კვადრატის ფართობის სასაწყობო ფართის მოწყობას ვგეგმავთ, რის შემდეგაც საერთო ჯამში საწარმოო ფართის 16 000 კვმ-ზე ავდივართ. მშენებლობის ერთი ეტაპი დასრულდა, ახლა მეორეზე გადავდივართ. იმის მიხედვით, თუ რა ზრდა გვაქვს, წინასწარ ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ და  არსებულ მოთხოვნას ვუპასუხოთ როგორც შენობების, ასევე მანქანა-დანადგარების კუთხით. გასულ წელს ამ ყველაფრისთვის 2,4 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ყოველ წელს გვჭირდება როგორც ხალხის, ასევე აღჭურვილობისა და ახალი შენობების დამატება, რომლებიც სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებასაც.

დაბოლოს, დაგეგმილია, რომ 2024 წლისთვის თქვენი კომპანიის ბრუნვა 90 მილიონი ევრო უნდა გახდეს. როგორ აპირებთ ამ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას და ახლა რა ნიშნულზე ხართ?

ეს არის ჩვენი პარტნიორების პროგნოზი. ჩვენი გაფართოების გეგმებიდან გამომდინარე, ამ ნიშნულს უნდა მივაღწიოთ. ახლა დაახლოებით 20-22 მლნ ევროს ნიშნულზე ვართ. ავეჯისა და საკვების სეგმენტში წელიწადში 30%-იანი ზრდაა ნავარაუდები. გარდა ამისა, სათამაშოებისა და დეკორის პროდუქციის დამატებასაც ვგეგმავთ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში 2024 წლისთვის დაგეგმილ ნიშნულს მიგვაღწევინებს. იმედი გვაქვს, რომ ამას შევძლებთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაშიც შეიტანს თავის წვლილს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *