საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე არ შეცვლილა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.5%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 27.3%-ით არის გაზრდილი.
მაისში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-6,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,0 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (1,7 პროცენტი), ასევე თევზეულზე (1,5 პროცენტი).
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (6.4%-ით) გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 3.5%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.8%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4.3%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.4%-ით გაიაფდა.