მარტში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.37%-ით გაიზარდა

მარტში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.37%-ით გაიზარდა

ფოტო: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 1.68 მილიარდი ლარით, 2.37%-ით გაიზარდა.

შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 72.74 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე თითქმის იდენტური, 2.35%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამავე დროს, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით თითქმის 15%-მდე შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 775.38 მილიონი ლარით, 1.89%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 907.04 მილიონი ლარით, 3.02%-ით.

სებ-ის ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 11.04 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 21.04 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 2.53%-იანი ზრდა, მეორე შემთხვევაში კი 3.60%-იანი მატება დაფიქსირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტის განმავლობაში 1.68%-ით, 624.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 37.79 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.51% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.27 პროცენტული პუნქტით შემცირებული მონაცემია.