ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ ₾69 მილიარდს გადააჭარბა

ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ ₾69 მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.37%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.22%), 1.61 მილიარდი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 69.47 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 19.44% შეადგინა.

სებ-ის ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 689.69 მილიონი ლარით, 2.09%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.89% შეადგინა. ამავდროულად, 2.63%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.53%-ით), 916.49 მილიონი ლარით გაიზარდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი მარტის ბოლოსთვის 53.40%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან მიმართებით 0.63 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.64% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.01%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.33%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.97%, ხოლო ევროს წილმა 20.19% შეადგინა.