სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი – 2%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, მარტში საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში მარტში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა, 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი – 3.2%-ით.
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში 3.2%-იანი ზრდა აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი 3.3%-იანი მატება.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, წლიურ ჭრილში ცვლილება, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7%-იანი მატებით და ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 4.3%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.35 და 0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის ცნობით, თვიურ ჭრილში ზრდა, „ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 7.7-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.“
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 26%-ით არის გაზრდილი.













