CEO-ები კადრების შემცირების მიზეზად AI-ს ასახელებენ – ექსპერტები მათ AI washing-ში ადანაშაულებენ

CEO-ები კადრების შემცირების მიზეზად AI-ს ასახელებენ – ექსპერტები მათ AI washing-ში ადანაშაულებენ

ფოტო: Freepik

 

ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Challenger, Gray & Christmas-ის უახლესი ანგარიშით, აპრილი ზედიზედ უკვე მეორე თვეა, როდესაც ბიზნესსექტორის აღმასრულებლები თანამშრომელთა შემცირების ძირითად მიზეზად სამუშაო პროცესებში AI-ის დანერგვას ასახელებენ. ეს ტენდენცია კი დარგის ექსპერტთა ნაწილში ეჭვებს აჩენს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მიზეზად AI-ის დასახელება მხოლოდ ფარია, რომელსაც კომპანიები ბევრად უფრო მასშტაბური ფინანსური პრობლემებისა და შიდა კრიზისების გადასაფარად იყენებენ.

Challenger, Gray & Christmas-ის მონაცემებით, მხოლოდ აპრილში აშშ-ში დაფუძნებული კომპანიების ხელმძღვანელებმა 83,387 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსეს, რაც მარტის მაჩვენებელთან შედარებით 38%-ით მეტია. ამავდროულად, შემცირებების დაახლოებით 26%-ში (21,490) მთავარ მიზეზად ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დასახელდა. შედეგად, წლიურ ჭრილში, AI პერსონალის შემცირების მიზეზებს შორის უკვე მესამე ადგილს იკავებს.

მაშინ, როდესაც ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Coinbase-ი, Meta და Oracle-ი, ათასობით თანამშრომელს AI-ის გამო ათავისუფლებენ, ტექნოლოგიური სფეროს ხელმძღვანელთა ნაწილი და ექსპერტები ამ მიზეზს ეჭვის თვალით უყურებენ. მათ შორისაა Scale AI-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეისონ დროგი, რომელმაც გასულ თვეში განაცხადა, რომ შტატის შემცირებისა და სტანდარტული „ოპტიმიზაციის“ განსახორციელებლად კომპანიების ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის „საბაბს“ ამოეფარნენ.

„AI washing“-ში დაადანაშაულა სხვა კომპანიების ხელმძღვანელები OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმაც. ალტმანის განცხადებით, კომპანიები შემცირებებს, რომლებსაც ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებდნენ, ახლა ხელოვნურ ინტელექტს აბრალებენ. Apollo-ს მთავარმა ეკონომისტმა Business Insider-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად სრულიად შესაძლებელია, ნაკლებად წარმატებული კომპანიები ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტს აბრალებდნენ.

Challenger-ის მონაცემებით, ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებმა აპრილში 33,361 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსეს, რაც წლიურ მაჩვენებელს 85,411-მდე ზრდის. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-იანი ზრდა და ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიურ სექტორში პერსონალის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემცირების მიზეზებს შორის კომპანიები ყველაზე ხშირად ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და ეკონომიკურ პირობებს, ფილიალების დახურვას, AI-სა და სტრუქტურულ რეორგანიზაციას ასახელებენ.