მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა უკრაინის პორტზე შეტევა განახორციელა

მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა უკრაინის პორტზე შეტევა განახორციელა

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში ოდესის პორტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშის გასაძლიერებლად ემზადება. ოდესის პორტზე რუსეთის შეტევა ყირიმის ხიდზე თავდასხმას მოჰყვა, რაშიც რუსული მხარე უკრაინას ადანაშაულებს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრი იერმაკის განცხადებით, ოდესის პორტზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიზანს, საფრთხეში ჩააგდოს უკრაინულ მარცვლეულზე დამოკიდებული 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლე და გააღრმაოს სურსათის გლობალური კრიზისი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის განცხადებით, მათ ოდესასა და მიკოლაევის რეგიონების მიმართულებით გასროლილი Kalibr-ის ტიპის 6 ერთეული რაკეტა და 31 დრონი გაანეიტრალეს.

შეგახსენებთ, გუშინ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ვადა გაუვიდა და რუსეთმა მისი გაგრძელება არ ისურვა. შესაბამისად, უკრაინიდან ექსპორტირებულ სიმინდს, ხორბალსა თუ სხვა სახის მარცვლეულს უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა აღარ ექნება. ეს კი საფრთხეში აგდებს იმ ათეულობით მილიონ ადამიანს, რომლებიც გაეროს სურსათის პროგრამის მონაწილეები არიან. უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან.