ფოტო: Mike Blake | Reuters
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, Anthropic-ის ყოფილ მკვლევარ ჯეიკობ კოქსონის მიერ ხელოვნური ინტელექტის შესაძლო საფრთხეებზე გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს და მათ შესაძლო „ფსიქოლოგიურ ოპერაციად/კამპანიად“ („psy op“) მიიჩნევს.
კოქსონმა, რომელმაც Anthropic-ი დატოვა, სამშაბათს სოციალურ ქსელ X-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და OpenAI და Anthropic-ი გააკრიტიკა. მისი თქმით, კომპანიები „თვითგანვითარებადი სუპერინტელექტისკენ მიისწრაფვიან“ და ამ პროცესით ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.
Anthropic-ის ყოფილი მკვლევარმა ასევე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მომუშავე ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ტექნოლოგიას „ათწლეულის ბოლომდე ყველა ადამიანი მოკლა“ შეეძლება. კოქსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განცხადება მარკეტინგული კამპანიის ნაწილი არ იყო.
კოქსონის პოსტებმა X-ზე 23 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. მასკმა ერთ-ერთი პოსტის პასუხოდ დაწერა: „როგორც ჩანს, ეს დადგმულია“.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ კოქსონის პოსტების საერთო ნახვებმა 120 მილიონს გადააჭარბა, ილონ მასკმა დაწერა, რომ მსგავსი რამ, მისი აზრით, „თითქმის არ მომხდარა“ ანგარიშის შემთხვევაში, რომელსაც მანამდე თითქმის არანაირი აქტივობა არ ჰქონია.
Epic Games-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და მილიარდერმა ტიმ სვინიმაც განაცხადა, რომ პოსტებისა და მათზე რეაქციების თანმიმდევრობა „დადგმულს“ ჰგავდა. მასკი ამ შეფასებასაც გამოეხმაურა და, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, განაცხადა, რომ ეს შესაძლოა წინასწარ მომზადებული „ფსიქოლოგიური ოპერაციის“ ნაწილი ყოფილიყო, რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიმართ საზოგადოებრივი განწყობის შეცვლაა.
კოქსონის განცხადებები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უფრო ფართო დებატებს ეხმიანება. სხვადასხვა მკვლევარი და სფეროს სპეციალისტი უკვე წლებია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ძლიერი AI-სისტემების სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა ადამიანებისთვის სერიოზული რისკი შექმნას.











