აშშ-ის სასამართლოში Huawei-ს ირანთან პოტენციური თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ

აშშ-ის სასამართლოში Huawei-ს ირანთან პოტენციური თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ

ფოტო: SCMP

 

აშშ-ის პროკურორების მიერ  ჩინური Huawei Technologies-ისთვის ბრალის ფარულად წაყენებიდან რვა წლის შემდეგ, ირანთან პოტენციური თანამშრომლობის საქმე სასამართლოს განსახილველად გადაეცა. საქმის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ნიუ-იორკში, ბრუკლინში მდებარე ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე კვირაში დაიწყო. პოტენციურმა ნაფიცმა მსაჯულებმა 27-გვერდიანი კითხვარები შეავსეს, მათ შორის ჩინეთისა და ირანის მთავრობებზე მათი შეხედულებების შესახებ.

Huawei-ს ბრალი ედება ხუთი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიისაგან სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში, ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი გარიგებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და 2009 წელს თეირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს მომიტინგეების მეთვალყურეობისათვის ირანისთვის სათვალთვალო აღჭურვილობის მიწოდებაში.

Huawei-ს წინააღმდეგ გამოძიება 2018 წელს კანადაში, ვანკუვერში დაიწყო, როდესაც ჩინური კომპანიის ფინანსური დირექტორი, მენგ ვანჯოუ დააპატიმრეს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დიპლომატიური კრიზისიც გამოიწვია, რომელშიც შეერთებული შტატები, ჩინეთი და კანადა მონაწილეობდნენ.

ირანთან თანამშრომლობის ბრალდებებით გამამტყუნებელი განაჩენი ვაშინგტონის არგუმენტებს გაამყარებს, რის გამოც 2019 წელს ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, Huawei, აშშ-მა სავაჭრო შავ სიაში შეიყვანა.

ნიუ-იორკში, ბრუკლინში აშშ-ის რაიონული მოსამართლის, ენ დონელის ხელმძღვანელობით გამართული სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდება და დაემთხვევა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის, 24 სექტემბერს ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას.

საქმეში არსებული სხვა ბრალდებები მოიცავს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დარღვევას, ფულის გათეთრებას, შანტაჟს და ელექტრონულ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ თაღლითობას. Huawei თავს ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობს.

სისხლის სამართლის საქმე ნაწილობრივ ეფუძნება 2012 და 2013 წლებში Reuters-ის მიერ Huawei-სა და Skycom-ის, ირანში მოქმედი ფირმის, მჭიდრო კავშირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. Reuters-ის ცნობით, Skycom-მა 2010 წელს ირანის უმსხვილეს მობილურ ოპერატორს Hewlett-Packard-ის მიერ ემბარგოდ გათვალისწინებული კომპიუტერული აღჭურვილობის მინიმუმ $1.5 მილიონის ღირებულების მიყიდვა შესთავაზა. მედიასააგენტოს ინფორმაციით, მენგი 2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის აპრილამდე Skycom-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

პეკინი დიდი ხანია აკრიტიკებს ამ საქმეს და აცხადებს, რომ ის ჩინეთის ტექნოლოგიური აღმავლობის წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.