გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა xAI-მ ორშაბათს, ტეხასის შტატის აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში Apple-ისა და OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. xAI აღნიშნულ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩაშლის მიზნით შეთქმულებაში ადანაშაულებს.
სასამართლო სარჩელის თანახმად, Apple-მა და OpenAI-მ ბაზრები ჩაკეტეს, რათა საკუთარი მონოპოლია შეენარჩუნებინათ და ხელი შეეშალათ X-ისა და xAI-ის მსგავსი ინოვატორი კომპანიებისათვის კონკურენციის გაწევაში.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა OpenAI-თან პარტნიორობით, პოპულარული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ChatGPT საკუთარ საოპერაციო სისტემებში დააინტეგრირა. შესაბამისად, ChatGPT-ის გამოყენება Apple-ის iPhone-ებში, iPad-ებსა და Mac-ებში უფრო მარტივადაა შესაძლებელი.
xAI-ის შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ OpenAI-თან ექსკლუზიური შეთანხმების გარეშე, Apple-ს მიზეზი არ ექნებოდა, თავი შეეკავებინა App Store-ში X-ისა და Grok-ის აპლიკაციების უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩენისაგან. შესაბამისად, xAI აღნიშნული კომპანიებისაგან მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მილიარდობით დოლარს ითხოვს.
OpenAI-ის პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული სარჩელი ილონ მასკის შევიწროების ტენდენციას სრულად შეესაბამება. სარჩელის შესახებ საკუთარ X-ზე ილონ მასკმაც დაწერა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ Grok-ს მილიონი შეფასება აქვს და მისი რეიტინგი 4.9/5-ს შეადგენს, Apple-ი აპლიკაციის სპეციალურ სიებში მისი განთავსებისაგან მაინც თავს იკავებს. მისი უფრო ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, Apple-ის ქცევა შეუძლებელს ხდის ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერი კომპანიისათვის, OpenAI-ის გარდა, მიაღწიოს რეიტინგის პირველ ადგილს App Store-ში.