ბოლო პერიოდში ილონ მასკი Apple-ის საწინააღმდეგო ჯგუფის ახალ სახედ ჩამოყალიბდა, რომელიც აპლიკაციების ბაზარზე iPhone-ის მონოპოლიის წინააღმდეგ იბრძვის. საკუთარ „ტვიტში“ მილიარდერმა Apple-ი ცენზურაშიც დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც მან, მასკის თქმით, Twitter-ის App Store-დან შესაძლო ამოღებაზე რაიმე კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა.
თავად ილონ მასკის მიერ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, სილიკონის ველზე, Apple-ის სათავო ოფისში ილონ მასკსა და ტიმ კუკს შორის პირისპირი შეხვედრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, Twitter-ის დირექტორის განცხადებების შინაარსი რადიკალურად შეიცვალა. “კარგი საუბარი გვქონდა. სხვა საკითხებთან ერთად, მოგვარებულია App Store-დან Twitter-ის პოტენციურად წაშლის საკითხიც. როგორც ჩანს, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ტიმ კუკმა დამარწმუნა, რომ Apple-ი ამის გაკეთებას არ გეგმავდა”, – განაცხადა მასკმა.
მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერებმა App Store-დან Twitter-ის წაშლის შესახებ ეჭვებს ნათელი უკვე მოჰფინეს, მიმდინარე კვირა საკმაოდ დაძაბული და მასკის „ტვიტებით“ დატვირთული აღმოჩნდა. სტატიაში იმ ძირითად საკითხებს წარმოგიდგენთ, რომლებიც Apple-ისა და Twitter-ის დირექტორებს შორის შეხვედრას წინ უძღოდა.
Twitter-ის შეძენის შემდეგ მასკის შესახებ გავრცელებული ახალი ამბები ძირითადად კომპანიის შიგნით მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ახალმა მფლობელმა დასაქმებულთა ნახევარი უკვე დაითხოვა, დარჩენილი ნაწილისგან კი, Twitter-ის ახალი ვერსიის შესაქმნელად, მაღალი ინტენსივობითა და დამატებითი საათებით მუშაობას ითხოვს.
თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში მასკი უფრო მეტად ფოკუსირებული იმ გარე ფაქტორებზე იყო, რომლებმაც შესაძლოა, მის მიერ ახლად შეძენილ კომპანიაზე გავლენა მოახდინოს. შედეგად, მილიარდერის ახალ სამიზნედ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, Apple-ი გადაიქცა.
Apple-ი ილონ მასკის „ტვიტების“ სერიის მთავარი ადრესატი გახდა. ამ დროის განმავლობაში მასკმა სოციალურ ქსელში იმ პირების „ტვიტებსაც“ უპასუხა, რომლებიც მასავით Apple-ის ქმედებას ცენზურად მიიჩნევდნენ და გამოკითხვაც ჩაატარა. განცხადებას კი, რომ Apple-მა მის მიერ განხორციელებული ცენზურის ყველა ის ქმედება უნდა გაასაჯაროოს, რომლებიც გავლენას ახდენს Twitter-ის მომხმარებლებზე, ბიზნესმენის გამოკითხვაში მომხმარებელთა 84%-იანი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
ამასთან ერთად მასკმა Apple-ს წარსული ქმედებაც გაახსენა, როდესაც კომპანიამ აპლიკაციების დეველოპერებს მათ გაყიდვებზე 30%-იანი საკომისიო დაუწესა და სურდა გაეგო, თუ რატომ შეწყვიტა ტიმ კუკის ხელმძღვანელობით კომპანიამ რეკლამირება მის პლატფორმაზე. ამ ყველაფრის შემდეგ მასკმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ცივილიზაციის მომავლისა და სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდა.
შეგახსენებთ, მასკმა, Fortnite-ის ვიდეოს Apple-ის მონოპოლიის შესახებ ზუსტი უწოდა, თუმცა Fornite-ის ბრძოლა Apple-თან უკვე წლებია, გრძელდება. მაღალი საკომისიო კი, რომელსაც თავად მასკი ახალ გადასახადს უწოდებს, მრავალი წელია, რაც მოქმედებს და ბიზნესმენის მიერ განცხადების გაკეთება, მაშინ როდესაც Twitter-ზე თავად გეგმავს ფასიანი სააბონენტო სერვისის შექმნას, შეუსაბამოა.
მიუხედავად იმისა, რომ მასკის კომენტარების შემდეგ Apple-ი საკუთარ პოზიციას არ იცვლის, კომპანიას მაინც მოუწევს, გადახედოს საფასურს იმ შემთხვევაში, თუ კონგრესის მიერ „ღია აპლიკაციების ბაზარი“, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია, დამტკიცდება. საკომისიოს 10%-ით შემცირებაც Twitter-ისთვის მილიონობით დამატებით შემოსავალს ნიშნავს, რაც მასკს ძალიან სჭირდება.
Tech Crunch-ის მოხსენების თანახმად, კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის დაკარგვისა და ქსელში საკამათო ფიგურების დამატების შემთხვევაშიც კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ Twitter-ი App Store-დან გაქრება. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ილონ მასკისა და ტიმ კუკის შეხვედრის შემდეგ, Twitter-ის ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ ამის საშიშროება არ არსებობს.