Mastercard-ის CEO-ს განცხადებით, 2022 წელს ხარჯვის ტენდენცია შედარებით პოზიტიურია

Mastercard-ის CEO-ს განცხადებით, 2022 წელს ხარჯვის ტენდენცია შედარებით პოზიტიურია

Mastercard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ მიბახმა, CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2022 წელს სამომხმარებლო დანახარჯების ტენდენცია შედარებით პოზიტიურია. განსაკუთრებით კი საშობაო არდადეგებზე ტრადიციული ხარჯვის ტემპების შემდეგ.

კოვიდ-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის გამო მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა. ბიზნესების ფუნქციონირებას კვლავ ხელი ეშლება და ის შეფერხებით მიმდინარეობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, სადაც ომიკრონის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება, მაღაზიების მფლობელების განცხადებით, ვითარება გაყიდვებზე უკვე აისახა. გარდა ამისა, პრობლემები წარმოიქმნა დისტრიბუციის სექტორშიც. სწორედ ამ გარემოებების გამო, Mastercard-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება იმედის მომცემია.

MasterCard-ი ვარაუდობს, რომ წლევანდელ სამომხმარებლო ხარჯვის ტენდენციებს პანდემიის პერიოდში გაკეთებული დანაზოგებიც დაეხმარება. კომპანიის პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 კვლავ მძვინვარებს და მომხმარებლები მაღაზიებში სიარულისაგან თავს იკავებენ, ისინი პროდუქციას ონლაინ შეიძენენ.

მაიკლ მიბახის მოსაზრებით, მომხმარებლებმა პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისწავლეს. ისინი მიხვდნენ, რომ პროცესების ციფრულ სამყაროში გადატანა უფრო კომფორტულია, ამიტომ მომავალში სულ უფრო მეტად მოითხოვენ ონლაინ ბანკინგსა თუ სავაჭრო პლატფორმებს.

როგორც წესი, კრიზისების დროს ადამიანები საკუთარ დანაზოგებს უფრთხილდებიან და დანახარჯები მცირდება. თუმცა, Mastercard-ის ინფორმაციით, ომიკრონის საშიშროებამ იგივე შედეგი არ გამოიწვია და ხარჯვის ტენდენციაც ოპტიმისტურია. საინტერესოა, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *