სლოუნ-კატერინგის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ექიმი ლარი ნორტონი მკერდის კიბოს უმძიმეს შემთხვევებს აკვირდება.მისთვის ხელმისაწვდომია ყველაზე თანამედროვე ტექნიკა და უახლესი პრეპარატები, შესაძლებლობა აქვს იმუშაოს საუკეთესო ქირურგებთან, მაგრამ ხშირად დახვეწილ ტექნოლოგიებს მხოლოდ დროებითი შვება მოაქვს, ხოლო ქიმიოთერაპიის დახმარებით უკუქცეული სიმსივნე ხელახლა აღმოცენდება – თან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად.
ნორტონს მიაჩნია, რომ ონკოლოგიას რაოდენობრივი მეთოდები არ ჰყოფნის. მისი აზრით, ონკოლოგებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ განტოლებების შემუშავებასა და ანალიზს, რომლებიც სიმსივნის ზრდის სისწრაფესა და მეტასტაზების წარმოქმნის სიხშირეს აღწერს. მათემატიკური მიდგომის საშუალებით მკვლევარები ბევრად ეფექტიანად შეძლებენ კიბოს მკურნალობას, ვიდრე ეს დღევანდელი მეთოდებით ხდება. „ვეჭვობ, რომ კიბოს საწინააღმდეგო თითქმის ყველა წამალს არასწორად ვიყენებთ,- აცხადებს იგი, – შეგვეძლო ამჟამად არსებული პრეპარატებითაც კი მიგვეღწია შედეგისათვის”.
კიბოს მკვლევართა უმრავლესობა მისი მუტაციის გამომწვევი მიზეზების ძიებითაა დაკავებული და არა დიფერენციალური განტოლებების შედგენით. თუმცა რაოდენობრივმა მიდგომამ უკვე შეიტანა ცვლილებები მკერდის კიბოს მკურნალობის მეთოდიკაში. სიმსივნის ზრდაზე მათემატიკურმა დაკვირვებებმა იმ აღმოჩენამდე მიგვიყვანა, რომ პროცედურების სიხშირის უბრალო ცვლილებით ქიმიოთერაპიის ეფექტიანობის მნიშვნელოვნად გაზრდაა შესაძლებელი.
ნორტონის იდეებმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ახალი წამლების შექმნა განაპირობოს. მკვლევარებს ყოველთვის მიაჩნდათ, რომ სიმსივნე შიგნიდან იზრდება. ნორტონის ახალი თეორიის მიხედვით, რომელიც თავის კოლეგასთან, ჯუან მასაგესთან ერთად შეიმუშავა, სიმსივნე წყალმცენარეთა კოლონიების მსგავსად იზრდება. ის განუწყვეტლივ გზავნის სისხლის მიმოქცევის სისტემაში კიბოს უჯრედებს, რომლებიც ან ახალ სიმსივნეებს ქმნის მოშორებულ ადგილებში, ან საწყის სიმსივნეს უბრუნდება და სწრაფად ზრდას აიძულებს. „ისინი ჰგვანან ტერორისტებს, რომლებიც უცხოეთში მომზადების გავლის შემდეგ შინ ბრუნდებიან და ახალ რეკრუტებს კრებენ “, – აცხადებს მასაგე, რომელიც ამ პროცესს ლაბორატორიულ თაგვებზე აკვირდებოდა. თუ ეს მოდელი ადამიანისთვისაც მართებულია, მაშინ კიბოს მკურნალობა ახალ მიმართულებას შეიძენს. ამჯერად ექიმებს დასჭირდებათ არა ახლანდელი წამლების მსგავსი საშუალებები, რომლებიც სიმსივნის ზრდას აფერხებს, არამედ პრეპარატები, რომლებიც მეტასტაზების წარმოქმნას აჩერებს.
ნორტონისა და მასაგეს თეორია ხსნის, რატომ იზრდება ზოგჯერ სიმსივნე ისევ ძველ ადგილას ქირურგიული გზით მისი მოცილების შემდეგ. სრულიადაც არ არის აუცილებელი, რომ ამაში დამნაშავე იყოს ქირურგი, რომელმაც პირველადი სიმსივნე ბოლომდე არ ამოკვეთა. კიბოს ეს მოგზაური უჯრედები საკუთარ „სახლს” უბრუნდებიან, რათა სათავე დაუდონ ახალი სიმსივნის წარმოქმნას.
ვიდრე კოლუმბიის უნივერსიტეტში მედიცინის დოქტორის ხარისხს მიიღებდა, ნორტონი როჩესტერში ფსიქოლოგიას სწავლობდა. (კოლეჯში სწავლის დროს იგი პერკუსიონისტის კარიერაზეც ფიქრობდა – მის სამუშაო კაბინეტში დღემდე დგას ვიბროფონი, როგორც იმ ოცნების მოსაგონარი). 1970-იან წლებში იგი კვლევითი საქმიანობით დაკავდა კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტში და სტატისტიკოს რიჩარდ საიმონთანერთად სწორედ იქ წარმოადგინა სიმსივნის ზრდის ახალი მოდელი.
ნორტონის მოდელი ვარაუდობს, რომ სიმსივნე იზდება არა გეომეტრიული პროგრესიით, როგორცჰგონიათ, არამედ S-ის მაგვარი მრუდით. მიკროსკოპიული სიმსივნური წარმონაქმნები თითქმის არ იზრდება. პატარა სიმსივნეები იზრდება ექსპონენტის მიხედვით, მაგრამ ზრდის სიჩქარე საგრძნობლად კლებულობს სიმსივნის ზრდასთან ერთად, სანამ იგი სრულიად არ შეწყვეტს ზრდას. მოდელის პროგნოზი: რაც უფრო სწრაფად ვამცირებთ სიმსივნეს ქიმიოთერაპიის დახმარებით, მით უფრო სწრაფად დაიწყებს თავიდან ზრდას(თუ მთლიანად არ მოვსპობთ მას).
საკუთარ ციფრებზე დაყრდნობით, ნორტონმა აჩვენა, რომ შესაძლებელია მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდა ქიმიოთერაპიის იმავე დოზის უფრო მოკლე დროში გამოყენებით. ამრიგად, პერიოდი პროცედურებს შორის მცირდება და სიმსივნე ხელახლა გაზრდას ვეღარ ასწრებს. იდეას ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ. „მეუბნებოდნენ, რომ ეს დროის ფუჭი კარგვაა”, -იხსენებს იგი. ნორტონს არაერთი ათწლეული დასჭირდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. 2002 წელს მთავრობის დონეზე განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ცდებმა უჩვენა, რომ ქიმიოთერაპიის ჩატარება სამის მაგივრად ყოველ ორ კვირაში ერთხელ (-იმავე ჯამური დოზით) სამ წელიწადში მკერდის კიბოს რეციდივის რისკს 26 %-ით ამცირებს. დღეისათვის ნორტონის „გაჯერებულმა” რეჟიმმა საერთო პრაქტიკის სახე მიიღო მკერდის კიბოთი დაავადებული იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ოპერაციის შემდეგ რეციდივის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
„ლარი ერთ-ერთია ჩვენი სფეროს მცირერიცხოვან ჭეშმარიტ მოაზროვნეთა შორის”, – ამბობს იელის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ვინსენტ დევიტა.
ნორტონის სიმსივნეთა ზრდის ბოლო თეორია მასაგეს ნოვატორული კვლევის საფუძველზე წარმოიშვა. მათი თანამშრომლობა დაიწყო ხუთი წლის წინ, როდესაც მასაგემ ნორტონს დაურეკა და იმ განსაცვიფრებელი აღმოჩენის შესახებ უამბო, რომელიც მის ლაბორატორიაში გაკეთდა. მასაგეს სურდა გაეგო, როგორ ვრცელდება სიმსივნე სხეულის ერთი უბნიდან, მაგალითად, გულმკერდიდან ფილტვებზე, ტვინზე და სხვა დაშორებულ უბნებზე. მან ადამიანის გულმკერდის კიბოს უჯრედები თაგვებს გადაუნერგა და დაიცადა, ვიდრე მეტასტაზირება დაიწყებოდა. შემდეგ უჯრედები, რომლებმაც მეტასტაზები გამოიღო, ზეაქტიური გენების გამოვლენის იმედით გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ კიბოს გავრცელებაში მონაწილე არც ერთი გენი არ იყო დაკავშირებული უჯრედის უწყვეტად გაყოფის უნართან – ყველა პასუხისმგებელი იყო ახალ გარემოში შეღწევისა და ადაპტირების უნარზე.
ერთი შეხედვით, ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგებოდა მანამდე არსებულ წარმოდგენას, რომ კიბოს გავრცელების ალბათობას ყველაზე სწრაფად მზარდი სიმსივნე უწყობს ხელს.იმის შესახებ მსჯელობისას, თუ როგორ იყო შესაძლებელი ამ ორი იდეის განზოგადება, ნორტონმა და მასაგემ დაუშვეს ვარაუდი, რომ სისხლში მოხვედრილი კიბოს უჯრედი ზოგჯერ უბრუნდება თავდაპირველ სიმსივნეს და ხელს უწყობს მის ზრდას.
ასეთი „თვითმეტასტაზირება” ხსნის, რატომ იზრდება დიდი სიმსივნეები პატარებზე ნელა. შესაძლებელია, რომ ზრდის სისწრაფე დამოკიდებული იყოს არა სიმსივნის ზომაზე, არამედ მისი ზედაპირის ფართობზე. სიმსივნურ წარმონაქმნს, რომელიც ბევრ მეტასტაზს იძლევა, ადამიანის მოკვლა შეუძლია არა იმიტომ, რომ სწრაფად იზრდება, არამედ იმის გამო, რომ აქტიურად მეტასტაზირებს.
თეორიით შეიარაღების შემდეგ შესაძლებელია ისეთი პრეპარატების შექმნა, რომლებიც მეტასტაზების წარმოქმნას დაბლოკავს. მასაგემ და ნორტონმა განსაზღვრეს მეტასტაზების წარმოქმნის პროცესში მონაწილე ოთხი გენი და ახლა მათი ბლოკირების საშუალებებს ცდიან. იმის მიღწევა, რომ მათი ენთუზიაზმი ფარმაცევტულ კომპანიებსაც გადაედოს, იოლი საქმე არ იქნება: ბევრად ადვილია დემონსტრირება, როგორ აპატარავებს პრეპარატი სიმსივნეს, ვიდრე იმის ჩვენება, თუ როგორ არ აძლევს იგი ავთვისებიან უჯრედებს გავრცელების შესაძლებლობას. მაგრამ ნორტონს სწამს, რომ ეს რთული სამუშაო კიბოს მკურნალობის გასაღები გახდება.