რამდენი ყავა ისმევა ყოველ დილით მთელ მსოფლიოში? 2 მილიარდ 250 მილიონი ჭიქა – სხვა ციფრების არარასებობის გამო, ამერიკის ყავის ასოციაციის მონაცემებს უნდა ვენდოთ.
ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი, – ამბობს თურქული ანდაზა. ამ ანდაზის დამკვიდრების დროს საფონდო ბაზარი რომ არსებულიყო, ალბათ, ყავაზე იმასაც დაუმატებდნენ, რომ ის კარგი საინვესტიციო ინსტრუმენტი (განსაკუთრებით, კრიზისების დროს) და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გაყიდვადი საბირჟო პროდუქტია.
დღეს, როცა მსოფლიო ლამის წალეკოს ჭარბმა ლიკვიდობამ და ახალი კრიზისის შიშმა, მსხვილი ფონდები საბირჟო პროდუქტებს სულ უფრო ხშირად იყენებენ რისკების ჰეჯირებისთვის. და ყავა, როგორც ბოლო წლების დინამიკამ გამოავლინა, ამ მიზნისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტია. ბოლო სამ წელიწადში ყავის ინდექსი (UBS Coffee Subindex Total Return) 44,9%-ით გაიზარდა, S&P 500-ის ინდექსი კი – მხოლოდ 3,3%-ით.
მიზეზის ახსნა არ არის რთული: ყავაზე მოთხოვნა მდგრადია და მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა მასზე ნაკლებად აისახება. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO) გათვლებით, ყავაზე მსოფლიო მოთხოვნა წლიურად 2-2,5%-ით იზრდება (2011 წელს 58,5 მილიონი 60-კილოგრამიანი ტომარა გაიყიდა). დროის ოცწლიანი ინტერვალი კი ასეთ სურათს გვაძლევს: 2010 წელს ყავის იმპორტიორებმა მისი შესყიდვები 21%-ით გაზარდეს 1990 წელთან შედარებით. და შედეგად, იმავე ICO-ს შეფასებით, ამჟამად ყავის მარაგები მსოფლიოში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 1970 წლიდან მოყოლებული.
მარაგების სწრაფად შევსება ან მოსავლის გაზრდა ყავის მწარმოებელ (უპირატესად განვითარებად) ქვეყნებს ნაკლებად შეუძლიათ. ყავის ხის დარგვიდან პირველი მოსავლის მიღებამდე 5-10 წელი მაინც არის საჭირო.
1970-იან წლებში ბაზარზე წამყვანი ადგილი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის არაბიკის მწარმოებლებს ეკავათ. როცა Nestle-მ ბაზარზე ხსნადი ყავა გამოიტანა, უფრო იაფ რობუსტაზე გაჩნდა მოთხოვნა. სწორედ ამ ტალღაზე მოძლიერდნენ ბაზრის ახალი მოთამაშეეები აფრიკიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან.
თუმცა 2004 წლამდე ყავის ფასები პრაქტიკულად არ იზრდებოდა და ბაზარი გაკოტრებების წყებამ შეარყია. პლანტაციების შენახვა წაგებიანი გახდა და მათი შემცირებაც დაიწყო.
თუმცა, ვინც მოითმინა, ტრადიციულად, არ წააგო. 2009 წელს კოლუმბიაში გადაუღებელმა წვიმებმა ყველაზე მაღალი ხარისხის არაბიკის მკვეთრი დეფიციტი წარმოშვა და ფასების განუხრელი ზრდის ეტაპს მისცა დასაბამი. დღეს ერთი კილოგრამი არაბიკა ექვს დოლარზე მეტი ღირს, როცა 1990-2000 წლებში მისი ფასი ორ დოლარსაც არ აღწევდა. მართალია, ისტორიულ მაქსიმუმამდე (1977 წელს ბრაზილიაში ყინვებმა ყავა 10 დოლარამდე გააძვირა) ჯერ შორია, მაგრამ ზრდის ტრენდი უკვე ბოლო სამი წელია შეუქცევადია.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაძვირებას ყავისთვის სადაგი მიწების შემცირება იწვევს. ყავის გაზრდა განსაკუთრებულ მიკროკლიმატს მოითხოვს. გლობალური დათბობის გამო პლანტაციები სულ უფრო მაღალ და მაღლა – მთების ფერდობებზე „მიცოცავენ”, სადაც ადგილი ფიზიკურად უფრო ნაკლებია. გარდა ამისა, ყავის მწარმოებელი ქვეყნების უმეტესობაც ვითარება და ბევრი ყოფილი ყავის მწარმოებელი შრომატევადი აგრარული სექტორიდან უფრო მაღალრენტაბელურ და მაღალტექნოლოგიურ სექტორში გადადის.
ასე რომ, ყავის ფასის მატებისთვის საფუძველი კვლავაც ძალიან სერიოზულია. სან-პაულუს უნივერსიტეტში უკვე გაიანგარიშეს, რომ 2010 წლის მოსავალიც ვერ დააკმაყოფილებს ზრდად მოთხოვნას და ისევ მარაგების დაცარიელება მოხდება. „ყავა კვლავაც რჩება კარგ აქტივად გრძელვადიანი დაბანდებებისთვის, მაგალითად, შემდგომი ხუთი წლისთვის. არაბიკაც და რობუსტაც ფასში კიდევ უფრო მეტად მოიმატებენ”, – ნათქვამია კომპანია D.R. Wakefeild & Co.-ის ანალიტიკურ დასკვნაში. ეს ფირმა ყავის გაყიდვაზეა სპეციალიზებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რის ყიდვა ღირს? დასავლურ ბირჟებზე ოცამდე ფონდია, რომლებიც ყავის ფიუჩერსებით ვაჭრობენ და რომელთა სერვისით სარგებლობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს (მათ შორის, საქართველო მოქალაქეებს) შეუძლიათ. თუმცა სულაც არ არის სავალდებულო, მსურველმა ფული რომელიმე ყავის მწარმოებელ კომპანიაში დააბანდოს. არანაკლებ წარმატებით ფუნქციონირებენ ისინიც, ვისაც ყავა საკუთარი დახლის პირველ პროდუქტად აქვს ქცეული – იგივე Nestle ან Starbucks Coffee (ამ უკანასკნელის აქციების ფასმა ჯერ მარტო ბოლო ერთ წელიწადში 35%-ით მოიმატა).
არსებობს ინვესტირების უფრო რისკიანი გზებიც. მაგალითად, სტატისტიკიდან ჩანს, რომ უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში კილოგრამი არაბიკა რობუსტაზე საშუალოდ ერთი დოლარით ძვირი ღირდა, ახლა კი სხვაობა სამ დოლარამდე გაიზარდა. შედეგად, მსოფლიოს ყავახანების უმეტესობა ცდილობს, უფრო იაფი რობუსტა შეიძინოს. ასე რომ, მასში ფულის დაბანდება ცუდი იდეა არ ჩანს.
ინსტრუმენტები ყავაზე ფიუჩერსები და ყავის მწარმოებელი კომპანიების აქციებია. ამ მხრივ „სეზონის ჰიტი” ვიეტნამური ყავის წარმოება აღმოჩნდა (ვიეტნამი მსოფლიოში რობუსტას უმსხვილესი მწარმოებელია). იქაური კომპანიების აქციები 2008 წლის კრიზისის შედეგად ჯერ კიდევ გაუფასურებულია. JP Morgan-ის ანალიტიკოსები ვიეტნამის მზარდ ეკონომიკას გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ წერტილად მიიჩნევენ. აზიაში ჩატარებეული კვლევითაც გამოირკვა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთაზიელი ბიზნესმენების სამი მეოთხედი ვიეტნამს რეგიონის მნიშვნელოვან საინვესტიციო ქვეყნად მიიჩნევს.
რაც შეეხება ყავის წარმოებას, ის სულ უფრო და უფრო „ძუნწი” ხდება გარე ბაზრებისთვის – როგორც მოთხოვნის ტრენდი მიუთითებს, ყავის მოხმარება მის მწარმოებელ ქვეყნებშიც ისეთი ტემპით იზრდება, რომ გარე ბაზრების დეფიციტი წლიდან წლამდე სულ უფრო საგრძნობი გახდება.
შესაბამისად, ფასების ზრდის შეუქცევადობა გარანტირებულია.