„მედიალაბის“ რიგით მესამე იდეადრომი | ინტერვიუ რუსუდან ჩაჩანიძესთან

„მედიალაბის“ რიგით მესამე იდეადრომი | ინტერვიუ რუსუდან ჩაჩანიძესთან

22 ნოემბერს „მედიალაბის“ რიგით მესამე სტარტაპიდეების კონკურსი „იდეადრომი“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც წინასწარ შერჩეული ხუთი გუნდი ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგებს გადის. მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტარტაპიდეის ვალიდაცია, გუნდის მართვა, გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები, პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები, მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის, იდეისთვის შესაფერისი ბიზნესმოდელის შერჩევა.

გუნდებს ტრენინგებს უტარებენ კომპანია „ენთების“ თანადამფუძნებელი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) ფინანსური დირექტორის მოადგილე – რეპორტინგის, ბიუჯეტირებისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი ნიკა წიკლაური. მასთან ერთად ლექციებს უძღვება „ენთების“ კიდევ ერთი დამფუძნებელი, ლიბერთი ბანკის IFRS და გარე ანგარიშგების განყოფილების უფროსი ნიკა მჭედლიშვილი.

რაც შეეხება „იდეადრომის“ მენტორებს, ესენი არიან High-tech ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი – დავით ჩეჩელაშვილი, 500 Startups-ის წარმომადგენელი საქართველოში და კომპანია „კერნელის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბექა დალაქიშვილი.

„იდეადრომის“ ფინალი 27 ნოემბერს იმართება, სადაც გუნდები იდეებს ჟიურის წინაშე წარმოადგენენ. მათ შორის იქნებიან US Market Access Center-ის თანააღმასრულებელი დირექტორი და UC Berkeley Sutardja Center-ის გლობალური ამბასადორი ანტრეპრენიორობისა და ტექნოლოგიების მიმართულებით – კრის ბარი, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – დავით (დაჩი) ჭოლაძე და ფინანსების მოდელირებისა და ანალიზის სპეციალისტი Y Combinator-ში, Cartooli-ს თანადამფუძნებელი – ანა ქოჩიაშვილი. აღსანიშნავია, რომ კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

სტარტაპიდეების კონკურსის დეტალებზე, პროექტის დანიშნულებისა და მიზნების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ „მედიალაბის“ ხელმძღვანელს, რუსუდან ჩაჩანიძეს ვესაუბრეთ.

რუსუდან, პირველ რიგში, მოგვიყევით „მედიალაბის“ საქმიანობის შესახებ. რა მიზნით შეიქმნა და რას ემსახურება იგი?

„მედიალაბი“ არის შესაძლებლობა როგორც სტარტაპებისთვის, ისე მათთვის, ვისაც სურს, სტარტაპებსა და ციფრული მედიის განვითარებას ხელი შეუწყოს. ამას გარდა, ეს არის შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ინოვაციური, პროგრესული და თანამედროვე პროექტები შექმნან და დანერგონ. ციფრულ ეპოქაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ინოვაციებისა და ციფრული მედიის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საჭიროა. სწორედ ამ მიმართულების გასაძლიერებლად დააფუძნა კომუნიკაციების კომისიამ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა „მედიალაბი“.

„მედიალაბი“ ხელს უწყობს ციფრული მედიის სფეროში ჩართულ სტარტაპებს, აკავშირებს მათ ფრილანსერებთან, მენტორებთან, ინვესტორებთან, კომპანიებთან და ეკოსისტემის სხვა მოთამაშეებთან. „მედიალაბს“ აქვს აქსელერაციის და ინკუბაციის პროგრამები, სტარტაპკონკურსები, ტრენინგები და სხვადასხვა ღონისძიება სტარტაპერებისთვის.

ჩვენი მიზანია, გავავრცელოთ სტარტაპგანათლება, ციფრული წიგნიერება, გავაძლიეროთ სტარტაპსაზოგადოება (community) და ერთმანეთს დავაკავშიროთ ყველა საჭირო მოთამაშე, რომ შეიქმნას ნამდვილი, მდგრადი ღირებულება.

მსურს, თქვენს მკითხველსაც მოვუწოდო: თუ მიიჩნევ, რომ შეგიძლია რამით დაეხმარო სტარტაპებს, გაუზიარო ცოდნა, გამოცდილება, „მედიალაბი“ არის ჰაბი, რომელიც ერთმანეთთან დაგაკავშირებთ. იმ შემთხვევაში, თუ სტარტაპერი ხარ, შეგიძლია, ჩვენი პროგრამები გამოიყენო. „მედიალაბი“ ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს, თავისი წვლილი შეიტანოს სტარტაპების განვითარებაში. სტარტაპერების დახმარება, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით განათლების მიცემა არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა.

22 ნოემბერს „მედიალაბმა“ რიგით მესამე „იდეადრომი“ დაიწყო. რა არის ამ პროექტის მიზანი?

„იდეადრომი“ სტარტაპიდეების კონკურსია, სადაც მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში გადიან ტრენინგებს, ესაუბრებიან მენტორებს, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს და ემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის.

„იდეადრომის“ მიზანი მონაწილე სტარტაპების დახმარებაა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ისინი იდეის ეტაპიდან უკვე საქმის კეთებაზე გადადიან. წინა „იდეადრომის“ მონაწილეებიდან თითქმის ყველა ძალიან სწრაფად განვითარდა. ეს კონკურსი მათთვის ტრამპლინი გახდა და მათ დღეს უკვე აღებული აქვთ დაფინანსება, შექმნეს რეალური პროდუქტი და ტესტავენ მას გლობალურ ბაზარზე. „იდეადრომი“ არის შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის, მომავალი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა მიიღონ და საკუთარი სტარტაპიდეები საერთაშორისო ბაზარზე გასატანად მოამზადონ. „მედიალაბის“ მთავარი დანიშნულება სწორედ პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და მათთვის იდეების რეალობად ქცევაში დახმარებაა.

წინა ორი „იდეადრომიდან“ რა გამოცდილება მიიღეთ? რით არის რიგით მესამე კონკურსი მათგან განსხვავებული?

ყოველი მომდევნო „იდეადრომი“ წინაზე უკეთესია. ეს უწყვეტი პროცესია, ჩვენც ვსწავლობთ და ვიღებთ გამოცდილებას. ამჯერად, სტარტაპერების მომზადების გარდა, მთავარი ფოკუსი ეკოსისტემის სხვა მოთამაშეების ჩართვაზე ავიღეთ. მოვიწვიეთ შესაბამისი მენტორები და ტრენერები სხვადასხვა ინდუსტრიიდან. გვინდა, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ჩაერთოს სტარტაპების დახმარებაში.

ვის შეუძლია „იდეადრომში“ მონაწილეობის მიღება? რა ნიშნით უნდა იყვნენ გამორჩეულები პროექტში ჩაბმის მსურველი გუნდები?

„იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპგუნდებს, რომლებიც კონკრეტული საკითხების გარშემო მუშაობენ. ესენია ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება; საგანმანათლებლო გეიმინგი; ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა;  ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

გუნდების შერჩევა ხდება წამოჭრილი პრობლემის აქტუალურობის, მისი გადაწყვეტის ეფექტიანობისა და კომერციალიზაციის პოტენციალის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდის წევრების მოტივაცია და მიზნები. „იდეადრომი“ არ არის შეჯიბრი, სადაც იბრძვი გამარჯვებისთვის იმით, რითაც მოხვედი. აქ ადამიანები სწავლობენ, იცვლებიან, ვითარდებიან. ჩვენი მიზანია, ისეთი გუნდები ვიპოვოთ, რომლებიც შანსის გამოყენებას შეძლებენ.

რა ეტაპებს გადიან გუნდები კონკურსის ფინალამდე? როგორ გამოვლინდებიან „იდეადრომის“ გამარჯვებულები და როგორ გადანაწილდება საპრიზო ფონდი?

პირველ ეტაპზე გუნდები ავსებენ აპლიკაციას და გზავნიან ვიდეოპრეზენტაციას. შერჩეული ხუთი გუნდი გადის სწრაფ აქსელერაციას „მედიალაბში“. ბოლოს ისინი კიდევ ერთხელ წარდგებიან ჟიურის წინაშე უკვე დახვეწილი, ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროექტებით. ჟიური კი გადაწყვეტს, ვინ რომელ ადგილზე გავა. წინა „იდეადრომზე“ საპრიზო ფონდის ნახევარი პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეხვდა, დანარჩენი კი მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გაუნაწილდა.

მოგვიყევით „იდეადრომის“ მონაწილე წარმატებული სტარტაპების შესახებ.

ბოლო „იდეადრომი“ ივლისში ჩატარდა, სამ-ოთხ თვეში უკვე გვყავს რამდენიმე წარმატებული გუნდი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად,   მონაწილე გუნდებიდან სოციალურმა ქსელმა, Bubbler-მა, არიზონის შტატის უნივერსიტეტი დააინტერესა და პროდუქტი სატესტო რეჟიმში სწორედ იქ გაუშვა. დამატებით, პროექტმა GITA-ს 15 000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა. Side Mision-მა მცირე დაფინანსება მოიპოვა პროდუქტის განვითარებისთვის. FeedbacKit-ი პოლონეთში გაემგზავრა საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად,  კიდევ ერთმა გუნდმა „იდეადრომზე“ წარდგენილ სტარტაპზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ სხვა საქმე წამოიწყო და ბაზარზე მათი პროდუქტი უკვე იყიდება.

რა გეგმები აქვს „მედიალაბს“ სამომავლოდ? ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობთ?

ისეთ სფეროში ვმუშაობთ, სადაც მუდმივი ცვლილებები გარდაუვალია. ჩვენც ვეძებთ საუკეთესო გზებს იმისთვის,  რომ დავეხმაროთ სტარტაპებს, გავავრცელოთ სტარტაპგანათლება, ციფრული წიგნიერება, შევქმნათ საჭირო და საინტერესო კონტენტი. ჩვენი უახლოესი გეგმაა მეტი ვიდეოკონტენტის შექმნა. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, სტარტაპერებს კონკრეტულ საკითხში გარკვევა ვიდეოს დახმარებით ურჩევნიათ. ამას გარდა, ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება და შემდეგი „იდეადრომიც“ მალე გამოცხადდება, ამიტომ, სტარტაპერებო, თვალი ადევნეთ „მედიალაბის“ ფეისბუკგვერდს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *