მსოფლიოში საუკეთესო - თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის მორიგი აღიარება

მსოფლიოში საუკეთესო - თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის მორიგი აღიარება

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი 2021 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. ეს საქართველოში შექმნილი პირველი ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის პირველი ჯილდო არ ყოფილა. 2012 წლიდან დღემდე მან სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ბანკია ბიზნესისთვის. ამ ყველაფერს თიბისი მომხმარებლის საჭიროებების მუდმივი კვლევის საფუძველზე ახერხებს. მორიგ აღიარებასა და სამომავლო გეგმებზე Forbes Georgia-ს შეკითხვებს თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიდერი, ნათია ვაჭარაძე პასუხობს.

ნათია, რის მანიშნებელია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარება მომხმარებლისა და თქვენი გუნდისთვის?

მოგეხსენებათ, ჟურნალი Global Finance-ი  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  34  წელია, მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი ლიდერია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ ახლა უკვე მსოფლიოშიც. ამ ავტორიტეტული გამოცემისგან ასეთი აღიარება ჩვენი გუნდისთვის უფრო მეტ მოტივაციას ნიშნავს, იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგი პროდუქტები ვაკეთოთ და ახლოს ვიყოთ მომხმარებლის საჭიროებასთან. მომხმარებელი კი იამაყებს იმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ინტერნეტბანკით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში ყოველწლიურად მსოფლიოს 300-მდე ბანკი მონაწილეობს. წელს, ფაქტობრივად, ყველა მათგანი იყო ჩვენი კონკურენტი.

არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული თიბისის სხვა ციფრულ არხებსაც, მათ შორის მობაილბანკს. რით ხელმძღვანელობთ მათი დახვეწისა და შექმნისას?

დიახ, წელს თიბისიმ Global Finance-ის კიდევ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა,  თიბისის კორპორაციული მობაილბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დასახელდა. თიბისი ასევე აღიარეს ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად და საუკეთესო ინტეგრირებულ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. თიბისი დასახელდა საუკეთესო ონლაინპორტალადაც  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ 2019 წელსაც მოვიპოვეთ მსოფლიო აღიარება, როდესაც GLobal Finance-მა თიბისის მობაილბანკი საცალო სეგმენტისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

როგორ ვაღწევთ ამას? იმით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებელია. მათ საჭიროებებს სხვადასხვა მეთოდით მუდმივად ვიკვლევთ. ჩვენ გვაინტერესებს, მაგალითად, რა მომსახურება სჭირდება ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად. მათ უკუკავშირს სხვადასხვა პერიოდულობით და პროდუქტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვიგებთ. შემდეგ კი ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ფუნქციონალს ვცვლით და ვავითარებთ.  შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტ- და მობაილბანკის სერვისებს ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ და ჩვენ მიერ დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას – ციფრულ ტრანსფორმაციას. ეს ჯილდოებიც ამ მუდმივი გაუმჯობესებისა და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია.

თქვენ აცხადებთ, რომ თიბისი მუდმივად იკვლევს მომხმარებლის საჭიროებას და, შესაბამისად, აუმჯობესებს პროდუქტს. რა საჭიროებები გამოიკვეთა მიმდინარე წელს ბიზნესის მხრიდან? შეიძლება ვისაუბროთ მთლიანად პანდემიის ჭრილშიც, რამაც რადიკალური ცვლილებები გამოიწვია?

პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა გაციფრულების პროცესი როგორც ბიზნესის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლის კუთხით. თუ აქამდე ციფრული ბანკინგის მოხმარება მხოლოდ ტრანზაქციულ ნაწილში განისაზღვრებოდა – ეს არის გადარიცხვები, კონვერტაცია და ა.შ. – ახლა უკვე საჭიროება გაჩნდა, რომ ყველაფერი, რასაც ფილიალში მისვლა სჭირდება, იყოს ციფრულად ხელმისაწვდომი. ჩვენ პანდემიამდეც გვქონდა ეს სტრატეგია აღებული, რომ მომხმარებელს ნაკლებად მოუწიოს ფილიალში მისვლა. ამიტომ ამ სტრატეგიამ გაამართლა და პანდემიას მომზადებული დავხვდით. თუმცა ახლა ამ მიმართულებით უფრო დიდ აქცენტს ვაკეთებთ. სამომავლოდაც ამ სტრატეგიას გავყვებით.

რიცხვებზეც რომ ვისაუბროთ, როგორია თქვენი ციფრული არხების მოხმარების მაჩვენებლები?

ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი მომხმარებლების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების 95%-ზე მეტი ციფრულად ან დისტანციურად ხორციელდება. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო ბოლო წლების განმავლობაში და მას ვინარჩუნებთ. ასევე ყოველდღიურად იზრდება სხვადასხვა პროდუქტის ციფრულ არხებში რეგისტრაციის მაჩვენებელი – როგორიცაა ბარათების მიღება/განახლება, ანაბრების გახსნა, სესხების მიღება და ა.შ.

ციფრული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია ღია ბანკის დანერგვაც, რაც არა მხოლოდ საქართველოს საფინანსო სექტორში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ახალი და მიმდინარე პროცესია. რა ეტაპზეა თიბისი ამ კუთხით?

ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ ამ პროცესს და მას ბანკებისა და ფინტექებისთვის დიდ გამოწვევად და ასევე დიდ შესაძლებლობად მივიჩნევთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ პროცესს, და რის შესაძლებლობასაც ამ ეტაპზე ბაზარი და რეგულაცია გვაძლევს, ჩვენს მომხმარებელს პირველები ვაწვდით. ეს არის ანგარიშების ერთ აპლიკაციაში გადაბმის და ტრანზაქციების ერთ აპლიკაციაში ნახვის შესაძლებლობა, რომელიც როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შევთავაზეთ. შემდეგი ეტაპი იქნება გადახდების ინიცირება.

თიბისის სტრატეგია არის ციფრული განვითარება, რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით 2022-ში?

ღია ბანკინგის დანერგვა მნიშვნელოვანი პროცესია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება. ასევე ჩვენს ციფრულ არხებში  პროდუქტებისა და სხვა სერვისების დამატებას გავაგრძელებთ, რომლებიც დღეს შეიძლება არ არის ხელმისაწვდომი და უკვე ვხედავთ მათ საჭიროებას. დაბოლოს, რა თქმა უნდა, დავნერგავთ იმ ტექნოლოგიურ სიახლეებსაც, რაც ამ პროცესის თანამდევია. გადავდგამთ მორიგ ნაბიჯებს, რათა ჩვენი პლატფორმები კიდევ უფრო უსაფრთხო და მდგრადი იყოს.

 

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *