მედიის ცნობით, ტრამპმა აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო

მედიის ცნობით, ტრამპმა აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო

ამერიკულ და ისრაელურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ წარმოდგენილ გეგმას ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ვეტო დაადო. აღნიშნულ საკითხზე ამერიკულმა Forbes-მა კომენტარისათვის თეთრ სახლს მიმართა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია განცხადებას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ირან-ისრაელის ომის შესახებ განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ირანმა და ისრაელმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, და მიაღწევენ კიდეც. ჩვენ მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამისათვის ბევრი შეხვედრა და ზარი ხორციელდება.

რა სახის შეხვედრები და ზარები ხორციელდება, ტრამპს არ დაუკონკრეტებია. თუმცა მოგვიანებით ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ღიაა იმისათვის, რომ საკითხში მედიატორის როლი ჰქონდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ტრამპმა განმარტა, რომ მან და პუტინმა ამის შესახებ დიდხანს ისაუბრეს.

საკუთარ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა მინიშნება ინდოეთსა და პაკისტანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ის გონიერებისა და საღი აზრის დახმარებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს.

თუმცა საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის დაპირისპირებული მხარეების, ირანისა და ისრაელის ლიდერების განცხადებებთან. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას კიდევ უფრო გაააქტიურებს. ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით კი, ირანი ისრაელის თავდასხმას კიდევ უფრო მკაცრად უპასუხებს. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მხარეები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების სურვილს არ გამოთქვამენ.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმებით განახლდა.

იხილეთ ასევე: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? | მოვლენათა ქრონოლოგია და სამომავლო პერსპექტივა

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.