თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს ჯანმრთელობის დაზღვევის განახლებულ კონცეფციას სთავაზობს და ბაზარზე ახალი დაფარვა შემოაქვს – მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. სიახლე დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურება.
მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც თიბისი დაზღვევამ გააჩინა. კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და ახალი სტანდარტების დანერგვით, მთლიანად ცვლის სადაზღვევო ინდუსტრიას.
ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი დაფარვის დეტალები Forbes Georgia-მ თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ დირექტორთან, სერგო საყვარელიძესთან დააზუსტა.
ბატონო სერგო, გავიხსენოთ კომპანიის წარსული – როგორ მოვედით აქამდე?
თიბისი დაზღვევა, როგორც მარკეტმეიკერი, სადაზღვევო ბაზარზე შესვლის დღიდან ახალ სტანდარტებს ნერგავს და ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ჩვენ სრულიად შევცვალეთ სადაზღვევო მომსახურება და ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ მომხმარებელთან ურთიერთობას. შევქმენით თიბისი დაზღვევის აპი, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია სწრაფად და მარტივად ისარგებლოს ჯანმრთელობის და ავტოდაზღვევის მომსახურებით.
უკვე 3 წელია რაც ჯანმრთელობის დაზღვევა ჩავუშვით. დღეს კი, უკვე 400-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და 35,000-ზე მეტ ადამიანს ვუმარტივებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
რა არის მენტალური ჯანმრთელობა და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
მენტალური ჯანმრთელობა – ეს არის ემოციური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, რომელიც ყოველდღიურობის მთავარ ფაქტორებზე ახდენს გავლენას. მაგალითად ისეთ პროცესებზე, როგორიცაა ჩვეულ სირთულეებთან და სტრესთან გამკლავება, ადამიანებთან ურთიერთობა, ემოციური მდგრადობა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.
ადამიანისთვის მენტალური ჯანმრთელობა ცხოვრების ყველა ეტაპზეა მნიშვნელოვანი. ჩვენი ემოციური სტაბილურობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დაირღვეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორები, სტრესული გარემო, ნეგატიური ფიქრები ან არაჯანსაღი ცხოვრების წესი.
რატომ არ ექცევა საქართველოში საკმარისი ყურადღება მენტალურ ჯანმრთელობას და რეალურად რამდენად გვჭირდება ჩვენ ეს?
საქართველოში დიდიხნის განმავლობაში არ ექცეოდა საკმარისი ყურადღება მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან საზოგადოებაში არსებობდა ერთგვარი სტიგმა – თითქოს ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან მისვლა მხოლოდ მძიმე ფსიქიატრიული დაავადებების დროს იყო საჭირო. ეს კი, რა თქმა უნდა, არასწორია.
ბოლო დროს გაჩნდა უამრავი ინფორმაცია, გაიზარდა ცნობიერება და საზოგადოება მიხვდა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკურზე.
რეალურად, გაიზარდა მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს იზრუნოს საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ამ სფეროში გაჩნდა ახალი კლინიკები ბევრი პროფესიონალით, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს მენტალური პრობლემების მოგვარებაში.
როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაგემატებინათ? იყო რაიმე წინაპირობა ან არსებობდა შესაბამისი მოთხოვნა ბაზარზე?
ბოლო 2-3 წელი საკმაოდ სტრესული იყო ადამიანებისთვის, ცხოვრების ტემპი აჩქარდა, პანდემიამ და სხვა გლობალურმა მოვლენებმა გავლენა იქონია ჩვენს ყოველდღიურობაზე და, ზოგადად, რთული გახდა სტრესთან გამკლავება. ამ ყველაფერმა ერთად, ზეგავლენა მოახდინა ადამიანების ფსიქიკაზე, ფიქრებზე და განწყობაზე.
შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევას დავამატეთ ახალი დაფარვა – მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, რადგან ვიცით, რომ მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ამ ნაბიჯით მომხმარებელს შესაძლებლობას ვუქმნით იზრუნოს საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე და ჰქონდეს უფრო სრულფასოვანი ცხოვრება.
რას გულისხმობს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა?
დაზღვეულები შეძლებენ როგორც ფსიქოთერაპევტის, ისე ფსიქიატრის მომსახურების მიღებას. ამ ეტაპზე დაფარვა გულისხმობს წელიწადში 5 ვიზიტზე 50%-იან თანაგადახდას. შემდეგ კი, უკვე შესაძლებელი იქნება კომპანიების სურვილიდან გამომდინარე შეიცვალოს პირობები.
მომსახურების მიღება ამ ეტაპზე ჩვენს 3 პარტნიორ კლინიკაშია შესაძლებელი. ესენია: კამარა, მენტალ ჰაბი და დიალოგი, სადაც მომხმარებელი შეძლებს ჩაეწეროს მაღალკვალიფიციურ ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციაზე.
როგორ შეძლებს მომხმარებელი ამ მომსახურებით სარგებლობას? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სერვისის მისაღებად?
კონსულტაციაზე ჩასაწერად არსებობს 2 გზა: პირველი – ეს არის თიბისი დაზღვევის აპით მიმართვის მოთხოვნა, სადაც აირჩევს სასურველ კლინიკასა თუ სპეციალისტს. ამის შემდეგ ტექსტური შეტყობინებით მიიღებს კოდს, რომელსაც კლინიკაში მისვლისას მომხმარებელი წარადგენს და მიიღებს შესაბამის მომსახურებას.
მეორე გზა, ეს არის ოჯახის ექიმის დახმარებით, რაც გულისხმობს მისგან მიმართვის მიღებას და შემდეგ უკვე ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე მისვლას.
რა შედეგებს მოგვიტანს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა?
კარგი მენტალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო პროდუქტიულები, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები გარშემომყოფებთან, გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, გვქონდეს კარგი თვითშეფასება და ცხოვრება იყოს უფრო ჯანსაღი ემოციებით სავსე. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, სრულფასოვანი ცხოვრება უნდა გვქონდეს.
მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის არის სიახლე. როგორ შეძლო თიბისი დაზღვევამ ამ ნაბიჯის გადადგმა და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
ჩვენ ვხედავთ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც მომხმარებელს გააჩნია, მაგრამ ბაზარი ჯერ ვერ სთავაზობს შესაბამის პროდუქტს და სერვისს. სწორედ ამ საჭიროებების შეთავაზებით ვნერგავთ ახალ სადაზღვევო სტანდარტებს და ვაუმჯობესებთ ადამიანების ყოველდღიურობას. ახლა კი, უკვე მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებითაც შეგვიძლია გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებელს საკუთარ თავზე ზრუნვა და დავეხმაროთ მათ სრულფასოვნად ცხოვრებაში.
გისურვებთ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას!