მერსედესის უახლესი ელექტრომობილი ასი ათას დოლარზე მეტი ეღირება

მერსედესის უახლესი ელექტრომობილი ასი ათას დოლარზე მეტი ეღირება

„მერსედეს-ბენცმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კომპანიის წამყვანი ელექტრომობილის – EQS-ის საწყისი ფასი ასი ათასი აშშ დოლარი იქნება. „მერსედესის“ საბაზისო მოდელი, რომელიც გერმანიაში უკვე იყიდება, 90 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრობატარეების კომპლექტით და ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 106 ათასი ევრო ღირს, ხოლო ორძრავიანი მოდელი, რომელსაც 107.8 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრობატარეათა კომპლექტი უყენია, 135 ათასი ევრო ღირს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ფასები საბაზოა, რადგან „მერსედესის“ გადაწყვეტილებით პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები – ფასიანი იქნება. აი, მაგალითად, EQS-ის საბაზისო მოდელში წინა ბორბლების მოხვევის კუთხე ხელოვნურად შეზღუდული იქნება, მაგრამ დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს მისი გაზრდა შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ „მერსედესი“ არ არის ერთადერთი ავტომწარმოებელი, რომელმაც „ტესლას“ შექმნილ ტენდენციას აჰყვა – ბიზნეს-მოდელში მიკროტრანზაქციების შემოტანაზე BMW-ც ფიქრობს.

თავისთავად ცხადია, რომ ამ მანქანის შექმნით „მერსედესმა“ მისი ამერიკელი კონკურენტის – „ტესლას“ სფეროში შემოაღწია. „მერსედესის“ EQS და „ტესლას“ Model S ფასთა ერთსა და იმავე კატეგორიას განეკუთვნებიან და ორივე მანქანა გრძელვადიანი მოგზაურობებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, არსებობს განსხვავებებიც: EQS მაქსიმალისტური და მედიდურია, ხოლო Model S მინიმალისტური და ტექნოლოგიურად განვითარებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *