უკანასკნელი წლების სხვადასხვა კვლევაში კითხვაზე, “მიგიციათ თუ არა სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამი” მოსახლეობის 98%-ზე მეტი პასუხობს: “არა”. წინა ხელისუფლება სწორედ ამ კვლევებს ეყრდნობოდა, როდესაც ერთ- ერთ დიდ მიღწევად ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლებას ასახელებდა. საპასუხოდ, პოლიტიკური ოპონენტები აპელირებდნენ იმაზე, რომ კორუფცია დაბალ ეშელონებში მოისპო, მაგრამ შეიქმნა განსხვავებული, “ელიტური კორუფციის” სისტემა. მათი მტკიცებით, კორუფციული თანხები, ასეულობით მილიონი ან სულაც მილიარდები, სამთავრობო ვერტიკალის კენწეროში ნაწილდებოდა.
ახალი ხელისუფლება აშკარა ენთუზიაზმით უდგება წინამორბედთა გასამართლებას. ამ ფონზე, ბუნებრივად ჩნდება მოლოდინი, საბოლოოდ დამტკიცდეს “ელიტური კორუფციის” კონკრეტული შემთხვევები, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ მათი მონაწილე პირები. დადასტურებული შემთხვევების ნაკლებობის ფონზე, შესაძლებელია გაჩნდეს განცდა, რომ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ელიტური კორუფციის ბრალდებების კამპანია, გარკვეულწილად, ბარბარე რაფალიანცის საქმის მსგავსი იყო: ბრალდებების მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეთა დემონიზაცია გახლდათ და არა კორუფციასთან ბრძოლის ნება, თანაც ბრალდებები მნიშვნელოვნად გადაჭარბებული ან სულაც ყალბი იყო. ბუნებრივად იზრდება იმის ინტერესიც, თუ რა მდგომარეობაა კორუფციის თვალსაზრისით “ქართული ოცნების” მმართველობისას, რაც, რბილად რომ ვთქვათ, წარსულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანის, გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, “2012 წლის არჩევნების შემდეგ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებში არსებული ბრალდებებიც კი არ მიანიშნებს “ელიტურ კორუფციაზე”… მაშინ როდესაც უკრაინიდან გაქცეულმა ბიუროკრატებმა სასახლეები მიატოვეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ცხრა წლის განმავლობაში რვა მილიონი ლარის არამიზნობრივად ხარჯვას ედავებიან, ძალიან საეჭვო საფუძვლებზე”.
საკითხავია, რამდენად საფუძვლიანია კორუფციის სახეობების დაყოფა ელიტურად და არაელიტურად. გასულ წლებში ჩამოყალიბებული მიდგომით, არაელიტურ კორუფციაში წვრილი ჩინოსნების მიერ აღებული ქრთამები უნდა ვიგულისხმოთ: ანუ კორუფციის ის ფორმა, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული შევარდნაძის მმართველობისას. აქედანვე ცხადი ხდება განსაზღვრების პირობითობა: დაბალი რანგის მოხელეების მექრთამეობა შესაძლოა იყოს დიდი პირამიდის ნაწილი, სადაც ყოველი მომდევნო რგოლი წილს იღებს ქვემდგომისგან. ამ სქემით, თითოეული რიგითი მილიციელის მიერ აღებული ქრთამის წილი შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრის ჯიბეშიც კი აღმოჩნდეს. მსგავსი სქემა მოქმედებდა საბაჟოზეც და საგადასახადოშიც. ორივე შემთხვევაში, “არაელიტურობა” მოჩვენებითია: რეალურად, თითოეული წვრილი მექრთამის სახით, სწორედ “ელიტის”, ზედა ეშელონების “საცეცები” გვწვდება.
ბედინეიშვილის თქმით, თუ მაინც ვიყენებთ ტერმინ “ელიტურ კორუფციას”, მკვლევარები მას უფრო იმ შემთხვევებში ხმარობენ, როდესაც “განათლებული ელიტა ძარცვავს გაუნათლებელ მასებს”, რაც “საქართველოს შემთხვევა ვერაფრით ვერ იქნებოდა.
როგორიც უნდა იყოს სწორი ტერმინოლოგია, ცხადია, წვრილი ჩინოსნების მიერ აღებული ქრთამები არაა კორუფციის ერთადერთი რეალური ფორმა. არსებობს კორუფციული სქემები, რომლებშიც ქვედა რგოლი საერთოდ არაა ჩართული. ერთ- ერთი ტრივიალური სქემაა პირდაპირი გარიგებები ბიზნესის წარმომადგენლებსა და მაღალჩინოსნებს შორის. ასეთი გარიგებები შესაძლოა იყოს მთლიანად ჩრდილოვანი, თუმცა ზოგ შემთხვევაში ოფიციალური მონაცემების უკანაც შეიძლება იკითხებოდეს.
სამთავრობო ტენდერები და შემოწირულებები მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ის ორი მექანიზმია, რომლითაც შესაძლებელია მთავრობასა და ბიზნესს შორის გარიგებების “გათეთრება”. ტენდერების მეშვეობით ასევე შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესურსების ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ახლობლების ჯიბეებში “გადაქაჩვა”.
ბოლო წლებში სახელისუფლებო ბიზნესის სასარგებლოდ ტენდერების მუშაობის გამჭვირვალე მაგალითია სენაკის “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის, დემურ გადელიას შემთხვევა. დემურ გადელიას კომპანია “არქეოპოლისმა” 2014 წლის განმავლობაში 9 ტენდერი მოიგო, 24 მილიონი ლარის საერთო ღირებულებით. ამავდროულად, “არქეოპოლისის” მთავარი კონკურენტი მისი ძმისშვილის, იოსებ გადელიას კომპანია “ინდიკო” იყო, რომელმაც ამავე პერიოდში რვაჯერ გაიმარჯვა 4 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ტენდერებში. ამ ორი კომპანიის მონაცვლეობით იქმნებოდა კონკურენციის ილუზია, რეალურად კი მთელი საბიუჯეტო რესურსით ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ერთმა ოჯახმა იხეირა.
საინტერესოა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ტენდერების მომგები კომპანიის ხელმძღვანელები დიდ თანხებს რიცხავენ მმართველი ძალის სასარგებლოდ. ამის მაგალითია შპს “ნილის” შემთხვევა. “ნილმა” 2013-2014 წლების განმავლობაში ცხრა ტენდერი მოიგო, სამ მილიონ ლარზე მეტი ჯამური ღირებულებით. კომპანიის მსხვილმა მეწილეებმა, გიორგი ჯუღელმა (50%), თეიმურაზ გიორგაძემ (20%) და გიორგი გიორგაძემ (15%), 2014 წელს შესაბამისად 60,000, 30,000 და 30,000 შეწირეს კოალიცია “ქართულ ოცნებას”.
აღსანიშნავია, რომ 60,000 შემოწირულების მაქსიმალური დასაშვები თანხაა, 2005 წელს დადგენილი რეგულაციებით. ამავე რეგულაციების ნაწილი იყო იურიდიული პირებისგან, ასევე არაქართული ბანკების მეშვეობით და ნაღდი ფულით შემოწირულებების აკრძალვა. კიდევ ერთი რეგულაციით დადგენილია, რომ შეტანილი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემომტანის ოფიციალურ შემოსავლებს, თუმცა ამ შეზღუდვის აღსრულება ნაკლებად ტრივიალური და, შესაბამისად, არაგამჭვირვალეა. შემოწირულებების გზით, შესაძლებელია “შავი ბაზრიდან” შემოსული ან სხვა არალეგალური თანხების მმართველი ძალის სასარგებლოდ გამოყენება.
ყურადღებას იპყრობს განსაკუთრებით ხშირი შემოწირულებები იმ კომპანიების თანამშრომლებისგან, რომელთაც მთავრობის წევრები ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები განაგებენ. მხოლოდ 2014 წლის აპრილში, “ქართულ ოცნებას” თანხები “ქართუ ბანკის”, “ქართუ მშენებლისა” და სხვა ქართუ- კომპანიების 30-ზე არანაკლებმა თანამშრომელმა შესწირა. ოცდაათი შემოწირულების საერთო თანხამ 533,500, ანუ ერთ შემომტანზე საშუალოდ თითქმის 18 ათასი ლარი შეადგინა. ამგვარი ერთდროული “შემართება” რთული წარმოსადგენია ზევიდან გარკვეული ორგანიზების ან “ხელშეწყობის” გარეშე.
ამავე თვეში, ვიცე- პრემიერ კალაძის კუთვნილი “პროგრესბანკიდან” მმართველ პარტიას ხუთმა ადამიანმა 210,000 (სულზე 42 ათასი ლარი) უძღვნა. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ილია კეჭაყმაძემ, რომელიც ამავდროულად “კალა კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, 60,000 გაიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, მარინე დოლიძე- კეჭაყმაძისამ კიდევ 20,000 დაამატა.
საინტერესოა სახელისუფლებო ელიტისთვის კერძო სექტორის მიერ გაწეული სხვა “შეღავათებიც”: მაგალითად, მაღალჩინოსნების მიერ ბუნდოვანი წარმოშობის თანხებით ძვირი უძრავი ქონების შეძენა, და გაურკვეველ საფუძველზე გაცემული მსხვილი კრედიტები. ოთარ ფარცხალაძემ 2013 წლის ოქტომბერში — ანუ, გენერალურ პროკურორად დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე — 140,000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა ჯანაშიას ქუჩაზე. ეს მაშინ, როდესაც, დეკლარაციის მიხედვით, ფარცხალაძეს არავითარი ოფიციალური დანაზოგი არ გააჩნდა. მედიაში თემის გაჟონვის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში “პროგრესბანკმა” გენპროკურორს ათი წლის ვადით 100,000 დოლარის კრედიტი დაუმტკიცა.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტის, ბესო ნამჩავაძის აზრით, მოყვანილი ფაქტები ავლენს კორუფციის არსებობის მაღალ რისკს. მისი თქმით, ერთია, რამდენად ირღვევა კანონი ფაქტების დონეზე და მეორე – ხომ არ მოინახა გზა, “კანონის დარღვევის გვერდის ავლით მიაღწიო იმ სასურველ შედეგებს, რომლებიც სცდება სამართლიანობას”. ნამჩავაძის თქმით, “საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა, რომ არ იყოს შესაძლებელი ასეთი “ხვრელების” გამოყენება”.
გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ეს მაგალითები კორუფციის ყველაზე გავრცელებული, “კლასიკური” ფორმებია: “საერთოდ, კორუფცია მარტო კერძო ბიზნესსა და საჯარო მოხელეებს შორის გარიგება არ არის. კერძო პირებსა და კომპანიებს შორის კორუფციაც ხშირია – მაგალითად, კომპანიის შესყიდვების მენეჯერის მიერ გასამრჯელოს სანაცვლოდ რომელიმე მომწოდებლის პრივილეგირება. მაგრამ კერძო- საჯარო ურთიერთობებში კორუფციის ალბათობა გაცილებით მაღალია, რადგან ჩინოსანი ‘არავის’ ფულს ხარჯავს – სინამდვილეში, ეს, რა თქმა უნდა, ხალხის ფულია”.
მსგავსი არგუმენტი აქვს ნამჩავაძესაც, რომლის შეფასებითაც კორუფცია კრიტიკულ გავლენას ახდენს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე – “ხალხის ფული არაეფექტიანად იხარჯება, დაბალ ხარისხში ბევრ ფულს ვიხდით, არ ხდება თანხის დაზოგვა კონკურენციის გზით და კომპანიები არ არიან თანაბარ პირობებში. ირღვევა ჯანსაღი კონკურენცია, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, აფერხებს, თუ საერთოდ არ კლავს ბიზნესის განვითარების პოტენციალს გარკვეულ დარგებში”.
კორუფციის სრული აღმოფხვრა უტოპიური მიზანია. იმის გარკვევაც კი, რომელი ოფიციალური მონაცემების უკან რა კორუფციული გარიგება დგას, დიდ ძალისხმევას ითხოვს. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს ისეთი კორუფციული შესაძლებლობებიც, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებზე საერთოდ არ აისახება. სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვისა თუ გარკვეული კულუარული გარიგებების ალბათობა ყოველთვის იარსებებს. თუმცა კორუფციის შესაძლებლობებისა და შემთხვევების შემცირება შესაძლებელია. ნამჩავაძის შეფასებით, ამისთვის მთავარი პოლიტიკური ნების არსებობაა, თუმცა “რადგან მხოლოდ პოლიტიკური ნების იმედზე ვერ ვიქნებით, სისტემურად უნდა შევზღუდოთ კორუფციის შესაძლებლობა”.
ნამჩავაძის აზრით, ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი – სახელმწიფო შესყიდვების კონტროლია. მისი შეფასებით, ელექტრონული აუქციონების სისტემა კარგია, მაგრამ საჭიროა ტენდერების უფრო ინტენსიური მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ამასთანავე, საჭიროა აუქციონების უფრო ფართოდ გამოყენება: “გარიგებების 40% იდება არაპირდაპირი შესყიდვით, ანუ აუქციონების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით, რაც კანონით დაშვებულია. ამ მუხლს ადრეც იყენებდნენ და ახლაც იყენებენ”.
ეკონომიკასთან ერთად, კორუფცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისაც. ამაზე საუბრისას ნამჩავაძე ხაზს უსვამს, რომ პრობლემას ქმნის ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში დიდი, თანაც “გარანტირებული” რესურსის მოქცევა.
ბედინეიშვილის აზრით, რეგულაციების ეფექტიანობა შეზღუდულია: “სტატიაში მოყვანილი ფაქტები აჩვენებს, რომ არც იურიდიული პირების მიერ შემოწირულებების აკრძალვამ იმუშავა. ამ შეზღუდვის გვერდის ავლის მიზნით კომპანიები თანამშრომლებს უბრალოდ პრემიებს უწერდნენ, რომ მერე ამ თანამშრომლებს პოლიტიკური შეწირულებები გაეკეთებინათ. ასეთი იყო 2012 წლის არჩევნებამდე “ქართუ ბანკის” შემთხვევაც”. მისი თქმით, “მთავრობის მიერ ფულის უყაირათოდ ხარჯვასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა პრივატიზაცია და პატარა მთავრობაა. სერვისები, სადაც შესაძლებელია (და ეს თითქმის ყველგანაა შესაძლებელი), კერძო კომპანიებმა უნდა მიაწოდოს ხალხს და არა მთავრობამ”.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები არამხოლოდ სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიუთითებს: სულ უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველოში ფული მმართველობის მთავარი იარაღია. მტკიცე დემოკრატიაში ბიზნესმენები არჩევანს მეტ- ნაკლებად სტაბილურ პოლიტიკურ ძალებს შორის აკეთებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ფული ერგება პოლიტიკას. საქართველოში ვაკვირდებით საპირისპირო მდგომარეობას, სადაც დიდი ფულის მფლობელებს შეუძლიათ თავად, ღიად თუ ფარულად გახდნენ ცენტრალური პოლიტიკური ფიგურები და მთლიანად განსაზღვრონ პოლიტიკური სპექტრის სახე. ეს სხვა არაფერია, თუ არა მმართველობის ოლიგარქიული მოდელი. თანაც, ქართული ეკონომიკის სისუსტის გათვალისწინებით, ერთ ოლიგარქსაც კი შეუძლია მთლიანად შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკა. ამის განხორციელებასთან ძალიან ახლოს იყო ბადრი პატარკაციშვილი 2007 წელს: რაც ბადრიმ ვერ შეძლო, შეძლო ბიძინამ.
კონკრეტული გამოვლინებები, როგორიცაა ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი ბიზნესების გავლით პარტიულ ანგარიშებზე ფულის გადაქაჩვა, ოლიგარქიული მმართველობის ფართო შესაძლებლობებზე მეტყველებს. რაც უფრო დახვეწილია სქემები, მით უფრო რთულია მათი უტყუარად გამოაშკარავება და ფორმალურად შეზღუდვა. ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკური ძალების ფინანსური კონტროლის სქემებში განსაკუთრებით არის დახელოვნებული, გასაკვირი არაა. მისი კარიერა გვიან საბჭოთა კავშირსა და პოსტსაბჭოთა რუსეთში ჩამოყალიბდა, სადაც პოლიტიკური და ბიზნესელიტის ჩრდილოვანი კავშირები სახელმწიფოს ყველაზე მტკიცე ქსოვილად იქცა.
ივანიშვილმა წლების წინ დაიწყო ქართული კულტურული ელიტის ფართომასშტაბიანი, სისტემური დაფინანსება. ეს დაფინანსება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ხდებოდა – მსახიობები, რეჟისორები, მწერლები თუ სხვები მილიარდერისგან ადგილობრივი სტანდარტებით სოლიდურ თანხებს არა რაიმე პროდუქციის, სერვისების სანაცვლოდ, არამედ სტიპენდიის სახით იღებდნენ. ამით შეიქმნა მძლავრი ნიადაგი, ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად ჩართვისთანავე, ელიტის დიდი ნაწილი ბიძინას ინტერესების აგრესიული დამცველი გამხდარიყო, ან, მინიმუმ, ლოიალური დარჩენილიყო ოლიგარქის მიმართ. ეკლექტური, ექვსსუბიექტიანი პოლიტიკური ძალა ივანიშვილმა ამავე პერიოდში, მოკლე ვადებში შემოიკრიბა.
ნათელია, რომ ამ ძალების ერთადერთი შემაკავშირებელი სწორედ მილიარდერის ფული იყო, ერთადერთი საერთო ნიშანი კი იმჟამინდელი ხელისუფლების მიმართ გამოკვეთილი აგრესია. ივანიშვილის ერთგულ ხელოვანებს, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ზურგს უმაგრებდა როგორც მილიარდერის მიერ საგანგებოდ შექმნილი ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო, ისე დანარჩენი მედიის დიდი ნაწილიც. მედიის ამ ნაწილმა ასევე მყისიერად გამოავლინა ოლიგარქის მიმართ საეჭვოდ ღრმა ლოიალურობა.
მსგავსი სცენარი ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ცალკე განსახილველია რუსეთის შემთხვევა: მართალია, ოლიგარქების როლი რუსეთში დღემდე ცენტრალურია, მაგრამ იქ ისინი უფრო ინსტრუმენტი არიან პოლიტიკური ელიტის ხელში. ის, თუ სად და რო გორ დააბანდებს ფულს რუსი ოლიგარქი, ხშირად პუტინის სურვილით უფრო განისაზღვრება, ვიდრე ეკონომიკური მიზანშეწონილობით: განსაკუთრებით, თუ საქმე პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ეხება. რუსეთში ოლიგარქის მიერ საკუთარი რესურსების კონტროლი პირობითია: როდესაც მას აღარ აკმაყოფილებს პარტიული ხაზინადარისა და საგანგებო დავალებათა შემსრულებლის როლი, ეს ხშირად უმძიმესი შედეგებით სრულდება. ასე იყო, მაგალითად, ბერეზოვსკისა და ხოდორკოვსკის შემთხვევებში.
საქართველოში, როგორც უკვე ვთქვით, ოლიგარქი თავად არის ფულის განმკარგავიცა და პოლიტიკური ელიტის მთავარი ფიგურაც. თუმცა ქვეყნის მასშტაბით უზენაესი ძალაუფლების ქონა არ ნიშნავს, რომ არ გაქვს ვალდებულებები ქვეყნის გარეთ. ამ მხრივ, ბიძინას რუსული წარსულის გარდა დამაეჭვებელია ის სიადვილეც, რომლითაც მილიარდერმა რუსეთიდან საკუთარი აქტივების “გატანა”, მათი საბაზრო ფასად გაყიდვა მოახერხა. ბუნებრივია, ვივარაუდოთ: რუსეთს რომ ივანიშვილისგან წინა ხელისუფლებასთან შედარებით პრორუსული ხაზის გატარების მოლოდინი არ ჰქონოდა, მისი რუსული აქტივების (თუ არა თვითონ ბიძინას) ბედი გაცილებით მძიმე იქნებოდა.
რაც არ უნდა იყოს საერთაშორისო გეოპოლიტიკური თამაშები ივანიშვილის პოლიტიკური ფენომენის მიღმა, ერთი რამ ნათელია: ოლიგარქიული მმართველობა, ფინანსური და პოლიტიკური ცენტრების სრული თანხვდენა მძიმე პრობლემებს უქმნის პატარა ქვეყნის მყიფე დემოკრატიას. ეს სისტემა გარდაუვლად იწვევს ისედაც სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების უფრო მეტად დასუსტებას, ან სულაც ჩამოშლასა და ადრეული პოსტსაბჭოთა პერიოდის ფიქტიურ მდგომარეობაში დაბრუნებას.