Panta Rhei — მთავარი რედაქტორის წერილი

Panta Rhei — მთავარი რედაქტორის წერილი

ძვირფასო მკითხველო,

ეს ჩემი პირველი სვეტია მთავარი რედაქტორის რანგში და ურიგო არ იქნება, თუ მას დავიწყებ აზრით, რომელსაც ჰერაკლიტეს მიაწერენ: ცვლილება არის ერთადერთი, რაც უცვლელია. ეს ფრაზა რელევანტურია როგორც Forbes Georgia-სთვის, ისე (და შესაძლოა, უფრო მეტად) ქვეყნისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. საუკუნეზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე Forbes-ი არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა, არამედ უკვე ინსტიტუტია, რომლის როლი ცვლილებების მაუწყებლობის გარდა, მათში თანამონაწილეობაცაა. ამიტომ მისი ქართული რედაქციის გაძღოლის პრივილეგია პირველ რიგში მოიცავს ამოცანას, როგორც ღირებულებებით დაკავშირებულმა გუნდმა შევქმნათ დისკურსი, რომელიც ეკონომიკაში, ბიზნესში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვა წამყვან ასპექტში პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება.

მიზანი დიდია და სანამ კონკრეტულ გეგმებს შევეხებოდე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი თითოეულ კოლეგას, რომელიც ამ პასუხისმგებლობის ტვირთს ინაწილებს, ინაწილებდა, გაინაწილებს, ან სამივე ერთად.

2011 წლის დეკემბერში დაფუძნებული Forbes Georgia რეგიონში ერთადერთია ორმოცამდე ენაზე გამოცემული ფრანშიზების ოჯახიდან – მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები სხვა, უფრო შეძლებულ და სტაბილურ ქვეყნებშიც არ დაუკლიათ. შესაბამისად, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ Forbes-ის დღეგრძელობა და მყარად დამკვიდრება ქართულ ბეჭდურ საგამომცემლო ბაზარზე მისი თითოეული თანამშრომლის, ძველის თუ ახლის, დიდი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია – არაფრის მეტის. ჩემი გულითადი მადლობა მათ.

ახლა ვისაუბროთ აწმყოსა და მომავალზე, რაც სულაც არაა იოლი თემა. თუ წარსული კარგი მასწავლებელია, მაშინ დღევანდელი სამყარო მისი ცუდი მოსწავლეა. ბეჭდური სიტყვის ციფრულ „კონტენტამდე“ დაწინაურება თუ ჩამოქვეითება ამის ერთ-ერთი ნიშანია. გაუფასურებული ინფორმაციის ხმაურში უფრო და უფრო რთულდება მოვლენების კატეგორიზება თუ გააზრება, მარტივ საკითხებზე შეთანხმება და, რაც მთავარია, საზოგადოებაში ნდობის გაღვივება, ურომლისოდაც არათუ ახალი საზოგადოებრივი ინსტიტუტები ვერ შეიქმნება, არსებული ქსოვილიც რღვევას განიცდის.

ამ დინამიკაში მთავარ როლს ინფორმაცია ასრულებს, რომლის პოლიტიკურ იარაღად ქცევამ სამყარო ახალი, ან კარგად დავიწყებული ძველი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბრეტონ-ვუდსის სისტემის მორღვევასთან ერთად გაზრდილმა უთანასწორობამ და განვითარებულ სამყაროში საშუალო კლასის ცხოვრების სტანდარტის ზრდის შენელებამ პოპულისტ, ანტიისტებლიშმენტურ ლიდერებზე მოთხოვნა გააჩინა. ამავდროულად, წარმოების განვითარებად სამყაროში გადატანამ ავტორიტარ მმართველებს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მასობრივი კონტროლის რესურსი, ხოლო ქვეყნის გარეთ, დემოკრატიულ საზოგადოებებში გაჩენილი ბზარის გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

სისხლიანი დიქტატორის, პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე საბოლოოდ დაასამარა საერთაშორისო ურთიერთობებში ვაშინგტონის კონსენსუსის შემდეგ დამკვიდრებული ლიბერალური პარადიგმა. ეს უკანასკნელი ხანგრძლივი მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების გასაღებს „პრობლემური“ ქვეყნების საკუთარ ფინანსურ სისტემებში ინტეგრაციაში ხედავდა. რუსეთისგან გერმანია რომ არ დადგებოდა, ამის დასანახად ბევრი პატარა ერის სისხლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა, როდესაც თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადი უნდა იყოს, იგივე საინფორმაციო ტექნოლოგიები ახერხებენ დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. მაღალგანვითარებული ცივილიზაციების დეკადანსისა და ბნელი საუკუნეებით კიდევ ერთხელ შთანთქმის საფრთხე ჩვენ თვალწინ ისხამს ხორცს.

რა შეგვიძლია, საინფორმაციო ინფლაციის ეპოქაში თავისუფლებების, დემოკრატიისა და ეკონომიკის უკუსვლის წინააღმდეგ მოვიმოქმედოთ? გლობალური აზროვნება ლოკალურ მოქმედებას მოითხოვს. პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ, დავუბრუნოთ ღირებულება ცნობიერების საშენ მასალას, იმას, რაც პირველად იყო – სიტყვას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, მთელ ამ ხმაურში ჩვენი ხმა გამოკვეთილად ისმოდეს. ამიტომ Forbes Georgia შეეცდება, იყოს გზამკვლევი ქაოსში, ნაცვლად ამ ქაოსის უბრალოდ აღმწერისა. და თუ სიტყვა გასცდა ფურცლის მედიუმს, მზად ვართ, მივიღოთ ეს გამოწვევა და სხვადასხვა, აუდიოვიზუალურ თუ ცოცხალ ფორმატში თქვენამდე მოვიტანოთ დაბალანსებული თვალსაზრისები, რომლებიც ინფორმირებული ხედვების ფორმულირების შესაძლებლობას მოგცემთ.

Forbes Georgia-ს განვითარების ჩემეული ხედვა სამ სვეტს ეყრდნობა, ესენია: ჟურნალისტური პატიოსნება, გამჭრიახობა და გავლენა. პატიოსნება იმიტომ, რომ თქვენდამი, მკითხველისადმი ჩვენი პირდაპირი ვალია, ისეთივე გაჩვენოთ სამყარო, როგორიც სინამდვილეში არის – მიკერძოებისა და მანიპულაციის გარეშე. გამჭრიახობა იმიტომ, რომ დავინახოთ, რა არის ზედაპირს მიღმა და ჩავიდეთ სიღრმეებში, რომელთაც 280-სიმბოლოიანი ტვიტები და სწრაფი მოხმარების FB-სტატუსები ვერასდროს მისწვდება. გავლენა იმიტომ, რომ ცოდნა მოქმედების გარეშე ისევე ტრივიალურია, როგორც მოქმედება ცოდნის გარეშე; ჩვენ გვსურს, ინფორმაცია პოზიტიური ცვლილებების სამსახურში ჩავაყენოთ.

მომდევნო თვეებში შეგიძლიათ, რამდენიმე სიახლეს ელოდოთ. Forbes Georgia-ს ბეჭდური და ციფრული ვერსიების ესთეტიკურ ცვლილებას, ახალ რეგულარულ ავტორებსა და კონტრიბუტორებს, სხვადასხვა სექტორის ლიდერებისგან ექსკლუზივებს, მეტ ფოკუსს ამბებზე, რომლებიც არა მხოლოდ თქვენს ინფორმირებას, არამედ შთაგონებას ემსახურება. გვექნება სანდო და ვალიდური მეთოდიკით შედგენილი ახალი ადგილობრივი რეიტინგები და სიები. ამის გარდა გამრავალფეროვნდება არსებული სპეცგამოცემები, რომლებიც უკვე მოიცავს ჯანდაცვის, სადაზღვევო, საბანკო, დეველოპერულ და სხვა სფეროებს. ახალი გამოცემების გარდა გაჩნდება ახალი რუბრიკები – მათგან უმთავრესად მიმაჩნია ჟურნალისტური გამოძიებები, რათა გამოვავლინოთ და შეფასება მივცეთ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს. გამორჩეულ აღნიშვნას იმსახურებს ღონისძიებების სერია – წელს უკვე გამოვავლინეთ 30-წლამდელთა ახალი კოჰორტა, წელსვე მოესწრება ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოება. არსებულ ღონისძიებათა რიგს გაისად ახალი რეგიონული საერთაშორისო სამიტები დაემატება, რომლებიც საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებს და ახალ ვენჩურულ კაპიტალს მოიზიდავს.

დაბოლოს, Forbes Georgia არ არის მხოლოდ მისი ავტორების „სუფთა ფურცელი“. რა სიბრძნეც არ უნდა დაიღვაროს ჩვენს გვერდებზე, მკითხველის გარეშე იგი ვერ შექმნის ღირებულებას. ამიტომ მეტი მინდა მოვისმინო თქვენგან, ძვირფასო მკითხველო – გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, შთაბეჭდილებები, იდეები, კრიტიკა. ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრების ხახუნისგან გავარდნილ ნაპერწკალს დიდი ცეცხლის დანთება შეუძლია. დაგვიკავშირდით, მოგვწერეთ პოპულარულ სოციალურ პლატფორმებზე, დაესწარით ჩვენს ღონისძიებებს, ჩაერთეთ ჩვენს დისკუსიებში, მოკლედ, ვიმეგობროთ. ერთად წარმოვაჩინოთ იდეები, ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ცვლიან ქვეყანას და შესაბამისად – სამყაროს.

Comments are closed.