თელ-ავივის უნივერსიტეტის საგოლის რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ცენტრში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის ზურგის ტვინის 3D-ქსოვილი შექმნეს და დამბლით დაავადებულ თაგვებს ჩაუნერგეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცედურა მედიცინის ისტორიაში პირველად ჩატარდა. მკვლევრებმა ნაშრომი, რომელშიც მოცემულ საკითხს დეტალურად განიხილავენ, გამოცემა Advanced Sciences-ში გამოაქვეყნეს.
სპეციალისტებმა ადამიანის მუცლის ცხიმოვანი ქსოვილიდან ბიოფსიისთვის აღებული მასალა გამოიყენეს, რომელიც უჯრედებისა და უჯრედგარე მატრიქსისგან შედგება. უჯრედგარე მატრიქსისგან უჯრედების გამოყოფის შემდეგ მეცნიერებმა მათი რეპროგრამირებისთვის გენურ ინჟინერიას მიმართეს. მკვლევრებმა ისინი დააბრუნეს მდგომარეობაში, რომელიც ემბრიონის ღეროვან უჯრედებს წააგავს – მათ შეუძლიათ, ორგანიზმში ნებისმიერი ტიპის უჯრედად იქცნენ.
მეცნიერებმა უჯრედგარე მატრიქსიდან გამოიმუშავეს პერსონალიზებული ჰიდროგელი, რომელიც არ გამოიწვევდა ორგანიზმის იმუნურ პასუხს და სხეული მასთან შეთავსებაზე უარს არ იტყოდა. ამის შემდეგ მათ ღეროვანი უჯრედები ჰიდროგელში მოათავსეს და, ზურგის ტვინის ემბრიონული განვითარების პროცესის მიბაძვით, უჯრედები ნეირონული ქსელის 3D-იმპლანტებად გადააქციეს, რომლებიც მოტორულ ნეირონებს შეიცავენ.
ამის შემდეგ ადამიანის ზურგის ტვინის იმპლანტები თაგვებს ჩაუნერგეს. მკვლევრებმა ოპერაციამდე მღრღნელები ორ ჯგუფში გაანაწილეს. პირველში მოხვდნენ – დროებითი, მეორეში კი ხანგრძლივი დამბლით დაავადებული თაგვები. იმპლანტების ჩადგმის შემდეგ კვლევაში მონაწილე ცხოველების 80%-მა სიარული კვლავ შეძლო.
მეცნიერების ამ მიღწევამ შესაძლოა მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით პარალიზებული ადამიანის ცხოვრება შეცვალოს, რომლებსაც ზურგის ტვინი აქვთ დაზიანებული. სპეციალისტები დამბლით დაავადებული თითოეული ადამიანისთვის ზურგის ტვინის პერსონალიზებული იმპლანტების შექმნას ისახავენ მიზნად.
მეცნიერები ახლა კლინიკური კვლევებისთვის ემზადებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ პარალიზებული ადამიანებისთვის ასეთი იმპლანტების ჩანერგვას ძალიან მალე შეძლებენ და მათ ფეხზე დადგომისა და სიარულის შესაძლებლობას მისცემენ.