Micron-ის აქციები 15%-ით გაძვირდა – კომპანიამ რეკორდული შემოსავალი მიიღო და პოზიტიური პროგნოზი წარადგინა

Micron-ის აქციები 15%-ით გაძვირდა – კომპანიამ რეკორდული შემოსავალი მიიღო და პოზიტიური პროგნოზი წარადგინა

ფოტო: Jonathan Raa/NurPhoto via Getty Images

 

ჩიპების მწარმოებელი ამერიკული Micron Technology-ის აქციების ფასი ოთხშაბათს, ბირჟაზე სავაჭრო სესიის დაწყების შემდეგ, 15%-ზე მეტით გაიზარდა. აქციების ფასის ზრდა კომპანიის მიერ ისტორიაში ყველაზე წარმატებული კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა.

კომპანიის ანგარიშის მიხედვით, მესამე კვარტლის შემოსავალმა 41.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 9.3 მილიარდ დოლართან შედარებით მკვეთრი ზრდაა.

ერთ აქციაზე კორექტირებული მოგება (EPS) 25.11 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1.91 დოლარი იყო. ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ 28.24 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Micron-მა მეოთხე კვარტლისთვისაც ოპტიმისტური პროგნოზი წარადგინა. კომპანია 50 მილიარდი დოლარის შემოსავალსა და 31 დოლარის ოდენობის EPS-ს ელოდება.

საინვესტიციო კომპანია Vital Knowledge-ის შეფასებით, ფინანსური შედეგები ადასტურებს, რომ Micron-ის შემოსავლების ზრდა შესაძლოა უფრო მდგრადი აღმოჩნდეს, ვიდრე სკეპტიკოსები ვარაუდობდნენ. ანალიტიკოსების აზრით, მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნა და მიწოდება მომდევნო დაახლოებით 18 თვის განმავლობაში კვლავ შეზღუდული იქნება.

მიუხედავად ძლიერი შედეგებისა, ინვესტორების ნაწილი კვლავ ყურადღებით აკვირდება, შეძლებს თუ არა კომპანია ხელოვნური ინტელექტის სექტორიდან მომდინარე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. Micron-ის მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების (HBM) ჩიპები, რომლებიც AI-პროცესორების მუშაობას აჩქარებს, სრულად გაყიდულია, ხოლო არსებული ცნობებით, კომპანიის 2026 წლის წარმოების მოცულობაც უკვე წინასწარ არის დაჯავშნილი.

Vital Knowledge-ი ასევე რისკფაქტორად ასახელებს კომპანიის კაპიტალური დანახარჯების ზრდას. Micron-ის მენეჯმენტი მხოლოდ მეოთხე ფისკალურ კვარტალში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის ბუმისა და კომპანიის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე Micron-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 260%-ზე მეტით არის გაზრდილი.