თეთრი სახლი დამატებით $87.6 მილიარდს ითხოვს, ძირითადად ირანთან ომის ხარჯებისთვის

თეთრი სახლი დამატებით $87.6 მილიარდს ითხოვს, ძირითადად ირანთან ომის ხარჯებისთვის

ფოტო: Evan Vucci / AP

 

თეთრმა სახლმა აშშ-ის კონგრესს დამატებითი 87.6 მილიარდი დოლარის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნილი თანხის უდიდესი ნაწილი ირანთან ომის შედეგად გაწეულ ხარჯებს უკავშირდება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონისადმი გაგზავნილ წერილში ადმინისტრაცია პენტაგონისთვის დამატებით 67.1 მილიარდი დოლარის დაფინანსებას ითხოვს. მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორის, რას ვოუტის განცხადებით, თანხა ოპერაცია „Epic Fury“-ის ფარგლებში თავდაცვის უწყების მიერ გაწეული ოპერაციული ხარჯების დასაფარად არის საჭირო.

მოთხოვნის მიხედვით, დაახლოებით 21 მილიარდი დოლარი საბრძოლო მასალის მარაგების აღდგენას მოხმარდება, რომლებიც ომის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. კიდევ 17.3 მილიარდი დოლარი ოპერაციული ხარჯებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 12.1 მილიარდი დოლარი გასაიდუმლოებული პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.

ადმინისტრაცია ასევე ითხოვს 300 მილიონი დოლარის გამოყოფას სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რაც საელჩოების, პერსონალისა და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდება.

დამატებითი პაკეტი სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. მათ შორისაა 550 მილიონი დოლარი აფრიკაში ებოლას გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და 800 მილიონი დოლარი ეპიდემიასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საჭიროებების დასაფინანსებლად.

„მოვუწოდებ კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს ამ მნიშვნელოვან და გადაუდებელ მოთხოვნებზე. ადმინისტრაცია მზად არის სხვა გადაუდებელი საკითხების დამატებით დაფინანსებაზეც იმსჯელოს,“ – აცხადებს წერილში რას ვოუტი.

დაფინანსების მოთხოვნას წინ უძღოდა დაძაბული პოლიტიკური დებატები სენატში. ოთხშაბათს სენატმა ირანთან ომის საკითხზე კიდევ ერთ რეზოლუციას უყარა კენჭი. ერთი დღით ადრე სენატორების ნაწილმა მხარი დაუჭირა ზომას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას უზღუდავდა.

სამშაბათს ოთხი რესპუბლიკელი სენატორი – რენდ პოლი, ლიზა მურკოვსკი, სიუზან კოლინზი და ბილ კესიდი – დემოკრატებს შეუერთდა და რეზოლუციას მხარი დაუჭირა. თუმცა ოთხშაბათს გამართულ განმეორებით კენჭისყრაზე ინიციატივა ჩავარდა. კენჭისყრის შედეგი 47-50-1 იყო (მომხრე, წინააღმდეგი, თავი შეიკავა).

ბილ კესიდიმ პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა, ხოლო რენდ პოლმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

კენჭისყრის შემდეგ დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შედეგს მიესალმა: „სენატმა ირანის საკითხზე საკუთარი პოზიცია შეცვალა.. ეს კენჭისყრა ირანს მკაფიო სიგნალს უგზავნის“.