ფოტო: Watcher.Guru
Micron Technology-ის აქციები ფასი სამშაბათს 13.3%-ით დაეცა და 1,051.77 დოლარზე დაიხურა, რამაც კომპანიის მიერ ბოლო ორი დღის განმავლობაში მიღებული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანულა. ვარდნა დაკავშირებულია ჩიპების გლობალურ სექტორში დაწყებულ გაყიდვების ტალღასთან, რომელიც სამხრეთ კორეის ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილებამ გააძლიერა.
სამხრეთ კორეის მარეგულირებლის ხელმძღვანელმა ლი ჩან-ჯინმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნანობს, რომ არ დაბლოკა ბერკეტიანი ETF-ების გამოშვება, რომლებიც მხოლოდ Samsung-სა და SK Hynix-ს აკვირდებიან. მისი თქმით, მსგავსი პროდუქტები მაღალი რისკის მატარებელია, თუმცა ეს რისკი საცალო ინვესტორების აქტიურობას არ ამცირებს.
მსგავსი ETF-ები მოკლევადიანი ვაჭრობისთვისაა შექმნილი და შეუძლიათ ყოველდღიური ფასის ცვლილებების 2-3-ჯერ გაძლიერება, რაც ინვესტორებისთვის მოგების, მაგრამ ასევე ზარალის მკვეთრად გაზრდას ნიშნავს.
ამ განცხადებამ ბაზარზე გააჩინა კითხვები, რამდენად ეფუძნება Micron-ის ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა ფუნდამენტურ ფაქტორებს და რამდენად არის ის სპეკულაციური ვაჭრობის შედეგი.
Micron-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 260%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზრდამ 761%-ს მიაღწია. ერთი წლის წინ შეძენილი აქცია დღეს დაახლოებით 929 დოლარის მოგებას ნიშნავს.
კომპანიის ძლიერი ზრდის ფონზე, ანალიტიკოსები ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ ბაზარზე შესაძლოა მეხსიერების ჩიპების სექტორზე მიმართული სპეკულაციური ინტერესიც გაზრდილი იყოს.
გაყიდვების ტალღა Micron-ის მოსალოდნელ ფინანსურ ანგარიშსაც უსწრებს წინ, რაც ინვესტორებში დამატებითი ღელვის საფუძველი გახდა. პარალელურად, ბაზრები საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდასაც ითვალისწინებენ წლის ბოლომდე.
Micron-ის მსგავსად შემცირდა ჩიპების მწარმოებელი სხვა კომპანიების აქციების ღირებულებაც: Nvidia-ს შემთხვევაში – 4%-ზე მეტით, AMD შემთხვევაში თითქმის 6%-ით, ხოლო Intel-ის აქციები 6.1%-ით გაუფასურდა.











