ფოტო: Win McNamee/Getty Images
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა კომუნალური და ენერგეტიკული კომპანიებისთვის 17.5 მილიარდი დოლარის ოდენობის პირობითი სესხების გამოყოფის შესახებ განაცხადა. დაფინანსების პროგრამა ქვეყნის კომერციული ბირთვული მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებასა და, ამისათვის, ამერიკული კომპანიების მხრიდან საჭირო აღჭურვილობის შესყიდვას მოხმარდება.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის, კრის რაიტის, განცხადებით, ახალი ინიციატივა აშშ-ს საშუალებას მისცემს, დაახლოებით სამი წლით დააჩქაროს სტრატეგიული გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის 10 ახალი მასშტაბური ბირთვული რეაქტორის მშენებლობას ითვალისწინებდა. რაიტმა ასევე აღნიშნა, რომ პროგრამით უკვე დაინტერესდნენ როგორც ენერგეტიკული კომპანიები, ისე მონაცემთა ცენტრების მფლობელი ტექნოლოგიური გიგანტები.
თავის მხრივ, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინიციატივის მიმართ მაღალი ინტერესი ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის დამსახურებაა. ეს უკანასკნელი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში AI-სისტემების მუშაობისთვის საჭირო გლობალური გამოთვლითი ინფრასტრუქტურისა და მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარების შედეგია.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული პროგრამის ფარგლებში ამერიკული კომპანიები შეძლებენ ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების შეძენას, როგორებიცაა რეაქტორის კორპუსები და ორთქლის გენერატორები. მათი შესყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მასშტაბური AP1000 ბირთვული სადგურების მშენებლობისთვის საჭირო დროს.
უახლესი პროგრამა მხოლოდ ნაწილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ფართომასშტაბიანი გეგმისა, რომლის მიზანსაც 2050 წლისთვის აშშ-ის ბირთვული სიმძლავრის გაოთხმაგება (400 გიგავატამდე) წარმოადგენს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ახალი რეაქტორების მშენებლობის გარდა, გაჩერებული სამი ატომური სადგურის ხელახლა გაშვებაც განიხილება.















