ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის ხელმძღვანელობა ყოვლისმომცველი სუპერ აპლიკაციის შექმნის პერსპექტივას განიხილავს.
სუპერ აპი Microsoft-ს კომპანია Apple-თან და Google-თან კონკურენციის გაწევის საშუალებას მისცემს. საქმე ისაა, რომ iOS-ისა და Android-ის წყალობით ზემოხსენებული კომპანიები საკუთარ ეკოსისტემას თითქმის სრულად აკონტროლებენ და სმარტფონების მომხმარებლებს, პირველ რიგში, საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ.
არჩევანის ფუფუნება Microsoft-ს არ აქვს, რადგან Windows-ის ოპერაციული სისტემა თანამედროვე სმარტფონებზე გავრცელებული არ არის, შესაბამისად, Microsoft-ს უწევს შექმნას ერთი ისეთი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლის ყველა საჭიროებას, სურვილსა და მოთხოვნას გააერთიანებს.
სუპერ აპის უაღრესად წარმატებული მაგალითი ჩინური Tencent-ის მიერ შექმნილი WeChat-ია, რომელსაც აზიის მასშტაბით 1.5 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. WeChat-ის მეშვეობით მომხმარებლები ერთად იღებენ: საძიებო სისტემას, საკომუნიკაციო პლატფორმას, სოციალურ ქსელს, მარკეტს, ტაქსის გამოძახების სერვისს, რუკას, ციფრულ ბანკს, ახალი ამბების პლატფორმასა და სხვადასხვა საჭირო პროგრამას.
იმ შემთხვევაში თუ Microsoft-ი მოახერხებს WeChat-ის მოდელის დანერგვას და საკუთარი სერვისების ერთ აპლიკაციაში გაერთიანებას, მაშინ ის მიიღებს პლატფორმას, რომელიც Microsoft-ს Apple-თან და Google-თან კონკურენციის გაწევის საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ სუპერ აპლიკაციის, “X-ის” შექმნის სურვილი აქვს ილონ მასკსაც, მის მიერ Twitter-ის შეძენაც სწორედ ამ ამბიციურ მიზანს ემსახურება.
ცნობისთვის, Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.82 ტრილიონ დოლარს შეადგენს.