მიხეილ ლომთაძის Kaspi უკრაინული პლატფორმის, Rozetka-ს შეძენას განიხილავს

მიხეილ ლომთაძის Kaspi უკრაინული პლატფორმის, Rozetka-ს შეძენას განიხილავს

მიხეილ ლომთაძის Kaspi უკრაინის ელექტრონული კომერციის უმსხვილესი პლატფორმის – Rozetka-ს შეძენას განიხილავს, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა AIN.UA წერს. Rozetka-ს მულტიპროფილური პორტფელი აქვს: სავაჭრო სივრცის გარდა, ის სხვადასხვა მიმართულების მქონე IT-კომპანია Evo-ს ფლობს. უკრაინული გამოცემა იუწყება, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.

აღსანიშნავია, რომ Kaspi-სთვის, რომელმაც ბოლო დროს უკრაინის ბაზრის ათვისება აქტიურად დაიწყო, Rozetka ძალიან კარგი შენაძენი იქნებოდა, რადგან ის უკრაინის ელექტრონული კომერციის ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის  უმსხვილესია. გასულ წელს Rozetka-მ $670 მილიონის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისი ვებგვერდი ქვეყნის წამყვანი ვებგვერდების ათეულში შედის, რაც კომპანიას ფართო მონაცემთა ბაზაზე აძლევს წვდომას. Rozetka ორ სავაჭრო სივრცეს, ე.წ. „მარკეტფლეისს“ ფლობს და საკუთარი მიტანის სერვისსაც ავითარებს. ამ ეტაპზე, Super App-ის კონცეპტის უკრაინაში გასამეორებლად, Kaspi-ს სწორედ ასეთი კომპანია აკლია.

თუკი გარიგება შედგება, Rozetka გახდება მესამე აქტივი, რომელსაც Kaspi უკრაინულ ბაზარზე შეიძენს. ცნობისთვის, ამა წლის ოქტომბერში, ყაზახურმა კომპანიამ ონლაინგადახდების უკრაინული კომპანია, Portmone Group-ი შეიძინა, ხოლო მოგვიანებით, BTA Bank Ukraine-ის 100%-იანი წილის მფლობელიც გახდა. AIN.UA-ს ინფორმაციით, Portmone-ს შეძენა Kaspi-ს $20 მილიონი დაუჯდა, ხოლო BTA Bank-ისა – $5 11 მილიონამდე. აღსანიშნავია, რომ პირველი, ყაზახურმა გიგანტმა Visa-სა და Mastercard-თან სწრაფი თანამშრომლობისთვის შეიძინა, ხოლო მეორე – საბანკო ლიცენზიისთვის.

უკრაინული გამოცემის დათვლებით, საბაზრო ინდიკატორების გათვალისწინებით, Rozetka-ს ღირებულება $600-დან $889 მილიონამდე შეადგენს. თავისთავად ცხადია, რომ კომპანიის ასეთ შეფასებას, მისი საბაზრო დომინანტურობა განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ საბანკო სერვისების კუთხით, უკრაინაში სახარბიელო მდგომარეობაა: 2021 წლის იანვარ-სექტემბერში უკრაინულმა კომერციულმა ბანკებმა $2 მილიარდის მოგება ნახეს, რაც უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო შედეგია, რომელიც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, $525 მილიონით აღემატება.

Kaspi-ს მიზანს, ინოვაციური მობილური პროდუქტებისა და სერვისების შექმნით, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. Kaspi ეკოსისტემურ ბიზნესმოდელს ეყრდნობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია, რომ ერთი სერვისის ზრდა მეორე სერვისის ზრდას უწყობს ხელს, რითაც განვითარების ერთგვარი წრედი იქმნება. ყაზახეთის ბაზარზე Kaspi უდიდესი ფინანსურ-ტექნოლოგიური ეკოსისტემაა – Forbes-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად, Kaspi-ს შვიდ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ცნობისთვის, ყაზახეთში განხორციელებულ ტრანზაქციათა 66%-ს სწორედ Kaspi ატარებს. 2020 წელს Kaspi-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც იმ წლის უმსხვილეს IPO-დ შეფასდა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე მიხეილ ლომთაძე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მილიარდერებს შორის პირველ ადგილს იკავებს – Forbes-ის მილიარდერთა რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, მისი ქონების ჯამური მოცულობა $6.3 მილიარდს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *